თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - გ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ტ.კ–ი“
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ტ.კ–მა“ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გ.ჩ–ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ.ჩ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2019 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1935.05 ლარის გადახდა (მათ შორის, სესხის ძირი თანხა - 1000 ლარი, პროცენტი - 863.4 ლარი, ჯარიმა 71.65 ლარი); 2019 წლის 3 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 33018.38 ლარის გადახდა (მათ შორის, სესხის ძირი თანხა - 23353.87 ლარი, პროცენტი - 7619.89 ლარი, ჯარიმა - 2000 ლარი, დაზღვევა - 44.62 ლარი). აღნიშნული გადაწყვეტილება გ.ჩ–მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება გ.ჩ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი მაღალი ოდენობისაა, ჯარიმას კი სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს, ასევე, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა არასწორად არის დათვლილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, მათ შორის, პირგასამტეხლოსა და პროცენტის დაკისრების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი; ხოლო იმავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. კოდექსის 625-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამრიგად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებისას, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდაც. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა და შეთანხმებული პროცენტი, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში - პირგასამტეხლოც. ამასთან, სესხად აღებული თანხის დაბრუნების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თიბისი ბანკსა“ (უფლებამონაცვლე - შპს „ტ.კ–ი“) და გ.ჩ–ს შორის დაიდო ორი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ამასთან, გათვალისწინებულ იქნა პროცენტი (ერთ შემთხვევაში - წლიური 37%; მეორე შემთხვევაში - წლიური 14%) და ვალდებულების შეუსრულებლობისთვის - პირგასამტეხლო. სწორედ ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე ფულადი ვალდებულების შესრულებას - მოპასუხისთვის სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ მის მიერ გადახდილი თანხა არასწორად არის გაანგარიშებული - არ არის გამოკლებული სასესხო ვალდებულებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სესხად აღებული თანხის გადახდილი ნაწილი სარჩელით არ არის მოთხოვნილი.
რაც შეეხება პროცენტს, მისი ოდენობა განსაზღვრულია მხარეთა მიერ, თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად და შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი საპროცენტო განაკვეთის სიდიდესთან დაკავშირებით.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარისთვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმა, თავისი ბუნებით, სწორედ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ, მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსში ტერმინის - „ჯარიმის“ გამოუყენებლობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ვერ გამოიწვევდა. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევისთვის მხარეს მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოც. დამატებით აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2566.4 ლარი შეამცირა გონივრულ ოდენობამდე - 2000 ლარამდე და მისი დამატებით შემცირების წინაპირობები არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების გადაუხდელი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტით.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე