Facebook Twitter
საქმე №ას-307-2023 27 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ა.კ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.ზ.

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ.ზ–ის კანონიერმა წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ა.კ.ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ.ზ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა.კ–ს ვ.ზ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 1000 ლარის გადახდა და მატერიალური ზიანის სახით 50 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა.კ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით ა.კ–ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაირღვა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სასამართლო ა.კ.ის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.კ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა.კ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

საკასაციო პალატა შეაფასებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებით ილახება სამართლიანი სასამართლოს უფლება. პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მართლაც მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, თუმცა „სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის ხსენებული უფლების აბსოლუტურად დაცული კომპონენტი და დასაშვებია, შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით... ყველა საქმეზე სააპელაციო სასამარლოსათვის მიმართვის უფლების დადგენა მნიშვნელოვნად გააუარესებს ზემდგომი სასამართლოების საქმიანობის ეფექტურობას... პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისევე როგორც ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების, მიზანია, უზრუნველყოს პირის ამა თუ იმ უფლების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის ინტერესი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10, 24, 25). სწორედ დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მხარის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება 2000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად და ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

სადავო შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აიდა კაზდანინს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1050 ლარის ოდენობით თანხის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ქონებრივ-სამართლებრივ საქმეზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.კ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე