Facebook Twitter

საქმე №ას-1155-2021 27 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - მ.ხ–ზი, ი.მ–ძე, ჯ.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ჩ–ია

დავის საგანი - გარიგებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. ლ.ჩ–იამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - მ.ხ–ზის, ი.მ–ძისა და ჯ.ც–ძის მიმართ და მოითხოვა ჯ.ც–ძესა და მ.ხ–ზს შორის 2017 წლის 10 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, ი.მ–ძესა და მ.ხ–ზს შორის 2017 წლის 10 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ი.მ–ძესა და ჯ.ც–ძეს შორის 2014 წლის 27 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ი.მ–ძის აღიარება, ასევე, ი.მ–ძისთვის ლ.ჩ–იას სასარგებლოდ 70 000 აშშ დოლარის დაკისრება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იძულებით აღსასრულებლად ი.მ–ძის ქონების (ს/კ ........., ს/კ ......., ს/კ ........) მიქცევა.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 28 მარტს გაფორმებული მინდობილობით, ი.მ–ძეს მიანიჭა კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება. ი.მ–ძემ მოსარჩელის უძრავი ნივთი იპოთეკით დატვირთა სესხის ხელშეკრულების (70 000 აშშ დოლარის) უზრუნველსაყოფად, რომელიც არ შეასრულა. შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი ნივთი გამსესხებელს, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საკუთრებაში გადაეცა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ი.მ–ძისთვის 70 000 აშშ დოლარის დაკისრებას.

3. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ ი.მ–ძემ მის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების გამოსარიცხად, ქონების განრიდების მიზნით, დადო სადავო, მოჩვენებითი გარიგებები, რომლებიც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი; დამატებით, სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობაზეც მიუთითეს.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჯ.ც–ძესა და მ.ხ–ზს შორის 2017 წლის 10 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, ი.მ–ძესა და მ.ხ–ზს შორის 2017 წლის 10 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ი.მ–ძესა და ჯ.ც–ძეს შორის 2014 წლის 27 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები; აღნიშნული ხელშეკრულებების საგნების - უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვრა ი.მ–ძე; ი.მ–ძეს ლ.ჩ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 70 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისთვის არსებული კურსით; კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იძულებით აღსასრულებლად მიექცა ი.მ–ძის ნებისმიერი ქონება (ს/კ ........., ს/კ ......., ს/კ ........); ი.მ–ძეს, ჯ.ც–ძესა და მ.ხ–ზს ლ.ჩ–იას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარის ანაზღაურება.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2012 წლის 28 მარტს ლ.ჩ–იამ ი.მ–ძეს მინდობილობით კუთვნილი, ქობულეთში, ....... მდებარე №1 ბინის (ს/კ ..........), სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთვის უფლება მისცა;

6.2. 2012 წლის 6 აგვისტოს ი.მ–ძესა (მსესხებელი) და ი.ბ–ძეს (გამსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; სესხის თანხამ შეადგინა 70 000 აშშ დოლარი; სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ.ჩ–იას უძრავი ნივთი (ს/კ .....);

6.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნა ლ.ჩ–იას და ი.მ–ძის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; ი.მ–ძეს მოსარჩელე ი.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის - 70 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 2 000 აშშ დოლარის გადახდა; ი.მ–ძისთვის დაკისრებული თანხის სანაცვლოდ, იპოთეკით დატვირთული, ლ.ჩ–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ....) საკუთრებაში გადაეცა ი.ბ–ძეს;

6.4. ლ.ჩ–იას საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, ......... მდებარე №1 ბინა (ს/კ .........) აღირიცხა ი.ბ–ძის საკუთრებად;

6.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ–იას სარჩელი, 2012 წლის 6 აგვისტოს ი.ბ–ძესა და ი.მ–ძეს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა;

6.6. 2014 წლის 27 მაისს ი.მ–ძემ ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა თავის არასრულწლოვან შვილთან - ჯ.ც–ძესთან და საკუთრებაში გადასცა მიწის ნაკვეთები (ს/კ ........ და ს/კ ......), მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით;

6.7. 2017 წლის 10 მაისს ჯ.ც–ძესა (გამყიდველი) და მ.ხ–ზს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთების (ს/კ ....... და ს/კ ......) ნასყიდობის ხელშეკრულება;

6.8. 2017 წლის 10 მაისს ი.მ–ძესა (გამყიდველი) და მ.ხ–ზს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის (ს/კ ...) ნასყიდობის ხელშეკრულება;

6.9. ი.მ–ძე და მ.ხ–ზი ახლო ურთიერთობაში მყოფი პირები არიან; ისინი არიან თანამშრომლები და მეგობრები, კერძოდ, ი.მ–ძე არის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, ხოლო მ.ხ–ზი - მის უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი.

7. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულად მიიჩნია, რადგან მისი ქონებით დაკმაყოფილდა კრედიტორის - ი.ბ–ძის მოთხოვნა. ამასთან, რადგან გასაჩივრებული ხელშეკრულებები მხარეთა შორის სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ დაიდო, მხარეებს კი ახლო ურთიერთობები აკავშირებდათ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებები მოჩვენებითი იყო. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 292-ე, 361-ე, 408-ე, 409-ე, 991-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება მ.ხ–ზმა, ი.მ–ძემ და ჯ.ც–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით მ.ხ–ზის, ი.მ–ძისა და ჯ.ც–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

10.1. 2012 წლის 6 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის, გაჭიანურების, არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი (გამსესხებელი) უფლებამოსილი იქნებოდა, მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლა ან რეალიზაცია;

10.2. საჯარო რეესტრში ი.ბ–ძის საკუთრებად ქობულეთში, ........ მდებარე №1 ბინა (ს/კ .......) აღირიცხა 2014 წლის 17 აპრილს.

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე, 976-ე, 979-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ რადგან გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოსარჩელის ქონებით, ლ.ჩ–იამ დაიკავა კრედიტორის ადგილი და მასზე გადავიდა 70 000 აშშ დოლარის მოთხოვნა. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის - ი.მ–ძის შედავება, რომ ლ.ჩ–ია არ იყო უძრავი ქონების (ს/კ .......) ნამდვილი მესაკუთრე და ნივთი რეალურად მოპასუხის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, რადგან ამ ნივთის ლ.ჩ–იასადმი კუთვნილება მხარეებს სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთანავე, მართალია, რ.ც–ძე (ი.მ–ძის მეუღლე) ეხმარებოდა ლ.ჩ–იას, გაერემონტებინა და გაექირავებინა მისგან შეძენილი ქონება, მაგრამ ეს არ იყო მხარეთა ერთობლივი საქმიანობა, არამედ გამოწვეული იყო რ.ც–ძის პირადი მატერიალური დაინტერესებით.

12. სადავო ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებათა ნამდვილობის შეფასებისას კი, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულებათა მხარეების ურთიერთობებისა და გარიგებების დადების თარიღების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ხელშეკრულებები იყო მოჩვენებითი - დაიდო ლ.ჩ–იას წინაშე ფულადი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

13. რაც შეეხება აპელანტების შედავებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამდენად, მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული, საერთო ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის აღძვრამდე გასული არ ყოფილა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება მ.ხ–ზმა, ი.მ–ძემ და ჯ.ც–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

16. კასატორთა მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია. ამასთანავე, იპოთეკის საგნის მესაკუთრედ, მართალია, მოსარჩელე იყო რეგისტრირებული, მაგრამ ნივთი რეალურად ი.მ–ძის ოჯახს ეკუთვნოდა და ფორმალურად გადაუფორმეს ლ.ჩ–იას; სწორედ ამიტომ გასცა მოსარჩელემ მინდობილობა მოპასუხის სახელზე; ი.მ–ძე კი გაცემული მინდობილობის შესაბამისად მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ თანხის დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა, მით უფრო, 70 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უძრავი ნივთის ღირებულებას (58 503 აშშ დოლარი) აღემატება. კასატორები, ასევე, აღნიშნავენ, რომ მათ შორის გაფორმებული, სადავო ხელშეკრულებები ნამდვილია.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ასევე, მოსარჩელისთვის ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარის დაკისრებას ითხოვენ.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად; ხოლო 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით - საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

II სამოტივაციო ნაწილი:

19. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობა და ხანდაზმულობის ვადების დაცვა წარმოადგენს.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამასთან, იმავე კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. ხსენებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკის საგნის მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე; კრედიტორის მოთხოვნას აკმაყოფილებს ნივთის მესაკუთრე თანხის გადახდის ან იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემით; ასეთ პირობებში, იპოთეკის საგნის მესაკუთრე იკავებს კრედიტორის ადგილს და უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს შესრულება.

22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 28 მარტს ლ.ჩ–იამ ი.მ–ძეს მინდობილობით კუთვნილი, ქობულეთში, ....... მდებარე №1 ბინის (ს/კ ......), სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთვის უფლება მისცა. შედეგად, 2012 წლის 6 აგვისტოს ი.მ–ძესა (მსესხებელი) და ი.ბ–ძეს (გამსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; სესხის თანხამ შეადგინა 70 000 აშშ დოლარი; სესხის უზრუნველსაყოფად კი იპოთეკით დაიტვირთა ლ.ჩ–იას უძრავი ნივთი (ს/კ ........); ამასთან, განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა.

23. საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ი.მ–ძემ არ შეასრულა სასესხო ვალდებულება, რის გამოც ი.ბ–ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, ი.მ–ძეს ი.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის - 70 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 2 000 აშშ დოლარის გადახდა; ი.მ–ძისთვის დაკისრებული თანხის სანაცვლოდ, იპოთეკით დატვირთული, ლ.ჩ–იას უძრავი ქონება (ს/კ ........) საკუთრებაში გადაეცა ი.ბ–ძეს. შედეგად, დასახელებული უძრავი ნივთი აღირიცხა ი.ბ–ძის საკუთრებად.

24. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ.ჩ–იას მოთხოვნა ი.მ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე სწორედ სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რადგან კრედიტორის მოთხოვნა მოსარჩელის (რომელიც არ იყო პირადი მოვალე) ქონებით დაკმაყოფილდა. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას, რომ უძრავი ნივთი რეალურად ი.მ–ძის ოჯახს ეკუთვნოდა და ლ.ჩ–იას სახელზე მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია; ლ.ჩ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მისი უფლების წარმომშობი დოკუმენტების ნამდვილობა კი სადავო არ გამხდარა. აქედან გამომდინარე, ლ.ჩ–ია ნამდვილ მესაკუთრედ უნდა იქნეს განხილული. გარდა ამისა, პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებასაც, რომ ი.მ–ძეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე უნდა დაეკისროს თანხა, ვინაიდან ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა არ მომხდარა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არამედ განხორციელდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სესხისა და იპოთეკის ნამდვილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის ფარგლებში.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ლ.ჩ–იას, სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის გათვალისწინებით, წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, თუმცა მისი დაკმაყოფილებისთვის დამატებით შესწავლილ და შეფასებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის ვადის დაცვის საკითხი, რადგან მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოშივე წარადგინა შემაფერხებელი შესაგებელი - მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

26. საკასაციო პალატა, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იპოთეკის სამართლებრივ ბუნებაზე, კერძოდ, იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლებაა, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. სწორედ ამიტომ, ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზეც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის №ას-956-2021 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, ლ.ჩ–იას, ი.მ–ძესა და ი.ბ–ძეს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამდენად, ამ ურთიერთობაში წამყვანი - ძირითადი მოთხოვნა გამომდინარეობდა სასესხო ურთიერთობიდან. შესაბამისად, კრედიტორს - ი.ბ–ძეს სასესხო ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, მათ შორის, იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან საკუთრებაში გადაცემის გზით, უნდა წარედგინა სესხის ხელშეკრულებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით. ვინაიდან სწორედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოსარჩელის ქონებით და ლ.ჩ–იამ, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, დაიკავა კრედიტორის (გამსესხებლის) ადგილი, მას წარმოეშვა მოპასუხის მიმართ თანხის მოთხოვნის უფლება, ხოლო ამ ურთიერთობაშიც წამყვანი - ძირითადი მოთხოვნა გამომდინარეობდა სასესხო ურთიერთობიდან. ამრიგად, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, რომლის შესაბამისადაც, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს (გამოყენებულ ვერ იქნება იმავე ნორმის მეორე წინადადება, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობა ექვს წელს შეადგენს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, იპოთეკის ხანდაზმულობის ვადის შემოწმებისას სწორედ წამყვანი, ძირითადი სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანდაზმულობის ვადას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლიდან გამომდინარე, როდესაც ნივთის მესაკუთრე იკავებს კრედიტორის ადგილს, მნიშვნელობა არ აქვს, მან კრედიტორი დააკმაყოფილა უშუალოდ ფულადი თანხით თუ იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემით, ორივე შემთხვევა ერთნაირი რეგულირების ქვეშ უნდა მოექცეს - თუ ნივთის საკუთრებაში გადაცემა მოხდა, ეს ვერ იქნება განხილული როგორც უძრავი ნივთის გადაცემიდან გამომდინარე მოთხოვნა; გადამწყვეტი ძირითადი მოთხოვნის შინაარსი უნდა იყოს).

27. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნივთი საკუთრებაში უნდა გადასცემოდა გამსესხებელს, რომლის სახელზეც ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა 2014 წლის 17 აპრილს, შესაბამისად, ამ მომენტიდან მოსარჩელისთვის უკვე ცნობილი იყო მოთხოვნის წარმოშობის თაობაზე. ლ.ჩ–იას წინამდებარე სარჩელი კი წარმოდგენილია 2017 წლის 10 მაისს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ სარჩელის წარმოდგენა კი, მოპასუხის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს. ამრიგად, ი.მ–ძეს ლ.ჩ–იას სასარგებლოდ 70 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, ვერ დაეკისრება.

28. რაც შეეხება სადავო ხელშეკრულებების ნამდვილობას, მათი ბათილად ცნობა მოთხოვნილი იყო თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის აღსრულებაუნარიანობის უზრუნველსაყოფად; ხოლო ხელშეკრულებების უკანონობის მიზეზად სახელდებოდა მათი მოჩვენებითობა - ქონების განრიდება ფულადი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. იმ პირობებში კი, როდესაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე, გასაჩივრებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლების შემოწმების აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება კანონმდებლობას, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

30. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამრიგად, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მასვე მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5 000 - 5 000 ლარი) გადახდა და მ.ხ–ზის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის (6 000 ლარი) ანაზღაურება. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებისა და გადახდის ქვითრის, ასევე, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ჯ.ც–ძისა და ი.მ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარის ანაზღაურება.

31. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამდენად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისისა და 16 მაისის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები (საქმე №2-1573/2017).

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ.ხ–ზის, ი.მ–ძისა და ჯ.ც–ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ.ჩ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ლ.ჩ–იას (პ/ნ ......) ჯ.ც–ძისა (პ/ნ ......) და ი.მ–ძის (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება;

5. ლ.ჩ–იას (პ/ნ ......) მ.ხ–ზის (პ/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 11 000 ლარის ანაზღაურება;

6. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისისა და 16 მაისის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები (საქმე №2-1573/2017);

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე