გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-184-40-გ-03 8 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა ა. გ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 17 მაისს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ მოპასუხე ა. გ-ის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რომელის საფუძველზეც მოითხოვა პროექტის დარღვევით მოწყობილი კარების და ფანჯრის ამოქოლვა და ბინის, პროექტით გათვალისწინებულ მდგომარეობაში მოყვანა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე ა. გ-ს დაევალა ამოეშენებინა მის მიერ არასწორად, პროექტის შეუსაბამოდ ნაწარმოები კარებისა და ფანჯრის ღიობები და კარების მოწყობა ეწარმოებინა ქ. თბილისში ... მდებარე I კორპუსის მთავარი ფასადის მხრიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ა. გ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამრთლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამვე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმის განსჯადობით გადმოცემას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ დავა სცილდებოდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს და წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული არ იქნა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის პოზიცია და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებებს, მიიჩნია, რომ საქმე განსჯადობის წესით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ მოსაზრებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი სარჩელიდან იკვეთება, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მოთხოვნას საფუძვლად უდევს მოპასუხის მხრიდან ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის დარღვევა და სამუშაოების მითითებული პროექტის შეუსაბამოდ წარმოება.
ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, აქვს თუ არა მოპასუხის მხრიდან საპროექტო და საპროექტო-საამშენებლო ნორმების დარღვევას ადგილი ე.ი. არის თუ არა სახეზე ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ დავა განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ს 308-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.