Facebook Twitter

საქმე №ას-573-2023 27 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ზ.უ–ძე, ზ.უ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ტ.ბ–მა” (შემდგომ - მოსარჩელე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.უ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და ზ.უ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 9465.03 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ; დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის მიზნით სარეალიზაციო მიექცა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თელავში, ........, ფართობი (დაზუსტებული) 409 კვ.მ; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 241.7 კვ.მ (ს/კ .....); იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანებების სრულად დასაფარად, აღსრულება უნდა მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტები სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ. სასამართლოში წარდგენილ იქნა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა, რომელსაც ერთვის პირველი აპელანტის ჯანმრთელობის შესახებ 2023 წლის 10 აპრილის ცნობა.

6. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ მიიჩნია აპელანტთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და მიუთითა, რომ მასში აღწერილია პირველი აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის აგვისტოში, საიდანაც გასულია რვა თვეზე მეტი. ცნობით ვერ დგინდება, თუ როგორ იყო პირველი აპელანტი ფიზიკურად სასამართლო სხდომის დღეს. რაც შეეხება მეორე აპელანტს, მას სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ საერთოდ არ უცნობებია.

7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 372-ე მუხლის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ ვინაიდან არ იკვეთება აპელანტთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვეს.

9. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, პირველი აპელანტი 2022 წლის 13 აგვისტოს მძიმე ავადმყოფობის გამო მოათავსეს სტაციონარში, სადაც 20 აგვისტომდე იმყოფებოდა. საავადმყოფოდან გამოწერეს არა გამოჯანმრთელების, არამედ სტაბილური სიმძიმის გამო, როდესაც სტაციონარში ყოფნა შედეგს არ ცვლიდა. იგი ახლაც მკურნალობს სახლში. პირველი აპელანტი ინსულტის გამო იყო პარალიზებული, მიიღო ყბა-სახის დეფორმაცია, დაკარგა მეტყველების უნარი, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო და ძირითადად წოლითი რეჟიმი ჰქონდა შერჩეული. მისი მზრუნველი და ერთადერთი პატრონი იყო შვილი - მეორე მოპასუხე.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2023 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის გადადებაც სწორედ ზემოაღნიშნული გარემოების გამო იშუამდგმლეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

11. პირველი კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, კვლავ ავადაა, მეტყველება ჯერჯერობით სრულად არ აქვს აღდგენილი და შორ მანძილზე მგზავრობა არ შეუძლია. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, დედის ერთადერთი პატრონია, რომელიც მას მარტოს ვერ ტოვებს, ამიტომ მათი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზითაა განპირობებული.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

15. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან შემდეგ გარემოებებს:

16. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს სხდომაზე დაინიშნა 2023 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე. აპელანტები დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

17. 2023 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდნენ. მათ სასამართლო სხდომის დღეს წარადგინეს პირველი აპელანტის ჯანმრთელოს მდგომარეობის შესახებ ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

18. კერძო საჩივრით აპელანტები სადავოდ ხდიან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით, კერძოდ, პირველი აპელანტის ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდნენ.

19. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის მომწესრიგებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ნორმების გამოყენება.

20. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

21. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.).

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით არ დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, პირველი აპელანტის ავადმყოფობით, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო პალატა შეაფასებს სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტით, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

24. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.;).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მისი ძირითადი პრინციპის - დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მხარეებს ავალდებულებს, თავიანთი უფლება-მოვალეობანი კეთილსინდისიერად განახორციელონ. მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და საპატიო მიზეზით არ ცხადდება, ვალდებულია, სასამართლოს წინასწარ აცნობოს ამ მიზეზის შესახებ კანონით დადგენილი წესით. დასახელებული ვალდებულების დარღვევისათვის კი, კანონმდებელი აგდენს ერათგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების წინაპირობებს.

26. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

27. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

29. პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივარში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მითითეულ გარემოებაზე და საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შინაარსის გათვალისწინებით (მოკლე ანამნეზის თანახმად, პირველ კერძო საჩივრის ავტორს დადგენილი აქვს მოციმციმე არითმია, მუდმივი ფორმა და არტერიული ჰიპერტენზია დაახლოებით 30 წელია. რამდენიმეჯერ მკურნალობდა გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევის დიაგნოზით. ანამნეზით ირკვევა, რომ 13.08.2022 წლის 17:50 საათზე უეცრად იგრძნო ძლიერი თავბრუსხვევა, რასაც თან დაერთო კორდინაციისა და წონასწორობის დაკარგვა და არტერიული წნევის პროგრესულად მატება, მარცხენა კიდურებში მოძრაობის ძალისა და სიფართის დაქვეითება. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - ჰომოდინამიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა. მკურნალობის ფონზე მოიხსნა ნისტაგმი, საკორდინაციო ცდებს დამაკმაყოფილებლად ასრულებს, სრულად აღდგა ყლაპვის რეფლექსი. ცნობიერება გლაზკოს შკალით (GCS 15E4V5M6), ლაბორატორიულად დაფიქსირდა დადებითი დინამიკა; სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - პაციენტი საჭიროებს ოჯახის ექიმისა და ნევროლოგის მიერ შინ მკურნალობას) აღნიშნავს, რომ მართალია, ცნობა გაცემულია 2023 წლის 10 აპრილს, თუმცა მასში აღწერილია პირველი აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომამდე რვა თვით ადრე - 2022 წლის 13 აგვისტოს მონაცემებით, რისი გათვალისწინებითაც, წარმოდგენილი მტკიცებულებით პირველი აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა სასამართლო სხდომის დღეს - 2023 წლის 11 აპრილს შეუძლებელია, ამიტომაც, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ იძლევა პირველი აპელანტის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის საფუძველს.

30. საკასაციო პალატა სსსკ-ის 93-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც ის გარემოება დასტურდება, რომ პირველ აპელანტს არ ჰქონდა შესაძლებლობა მინდობილობა წარმომადგენლისთვის გაეფორმებინა. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ამ უკანასკნელს 2023 წლის 11 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ 2023 წლის 17 მარტს ეცნობა. ამდენად, მას, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს სასამართლო სხდომამდე საკამო დრო ჰქონდა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო წარმომადგენლისათვის მინდობილობის გაფორმება, რაც მას არ განუხორციელებია, აღნიშნული კი, დამატებით არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას, მისი სხდომაზე გამოცხადების საპატიოობასთან დაკავშირებით.

31. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა 2022 წლის 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. 2022 წლის 21 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა პირველმა აპელანტმა, რომელმაც ავადმყოფობის გამო სასამართლოს სხდომის გადადება იშუამდგომლა და 2022 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ანალოგიური შინაარსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარადგინა. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და პირველი აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო სხდომა გადაიდო. ამის შემდგომ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლო სხდომა 2023 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე დანიშნა. ამჯერადაც, პირველმა აპელანტმა იგივე შინაარსის ცნობა წარადგინა სასამართლოში, იმ განსხვავებით რომ ცნობის გაცემის თარიღია - 2023 წლის 10 აპრილი. ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ბანკის მიერ განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულ იქნა 2017 წლის დეკემბერში. თითქმის ექვსწლიანი სამართალწარმოების გათვალისწინებით, საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

32. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. სწორედ, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ავადმყოფობა უსასრულოდ ვერ იქნება გათვალისწინებული (წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით დგინება, რომ პირველ კერძო საჩივრის ავტორს დადგენილი აქვს მოციმციმე არითმია და არტერიული ჰიპერტენზია დაახლოებით 30 წელია). პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირველ მოპასუხეს საკუთარი საპროცესო უფლებების გამოყენების საშუალება მისცა, რაც გამოიხატა სასამართლო სხდომის ერთხელ უკვე გადადებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირველი მოპასუხის მითითება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამართალწარმოება მოცემულ საქმეზე დიდი ხანია მიმდინარეობს, რაც თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს და არ უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს პირველი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.

33. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მხოლოდ პირველმა აპელანტმა მიმართა. მეორე აპლენტი, რომელიც დამოუკიდებელი სუბიექტია მოცემულ დავაში, სასამართლოსთვის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს. ამასთან, მას არ დაუსაბუთებია, ის ფაქტიც, რომ არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის. პალატა არ იზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებასაც, რომლის თანახმად, მეორე კერძო საჩივრის ავტორი დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლში მარტოს ვერ ტოვებს, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიოა და მიუთითებს, რომ აღნიშნული სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში მითითებული არ ყოფილა. ამასთან, წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე აღნიშნული დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ იქნება გაზიარებული. ნიშანდობლივია, რომ მეორე კერძო საჩივრის ავტორს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე, მათ შორის, თუნდაც უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, რისი გათვალისწინებითაც, მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობებიც არ არსებობს.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.უ–ძისა და ზ.უ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე