Facebook Twitter

№ას-1300-2022

25 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.შ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-10).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.შ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს „ს.ბ–ის“ 2019 წლის 19 ივლისის N1054-კ ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თ.შ–ძე აღდგენილ იქნა სს „ს.ბ–ში“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2019 წლის 21 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 2000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის შემდეგ მისაღები თანხა).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.შ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სს „ს.ბ–ის“ 2019 წლის 19 ივლისის N1054-კ ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 20000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო სს „ს.ბ–ში“ 2007 წლის 03 სექტემბრიდან სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მისი თანამდებობრივ პოზიციად განისაზღვრა საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსი. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 2019 წლის 22 მარტიდან შეადგენდა 2500 ლარს (დასაბეგრი ოდენობა). მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება.

5.2. მოსარჩელის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით დაკისრებულები ვალდებულებების დარღვევის გამო.

5.3. 2019 წლის ივლისში ჩატარდა საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის მიკრო საკრედიტო ექსპერტების: ს.ტ–ის, ლ.ჩ–ის, ფ.მ–ძისა და თ.ტ–ძის სასესხო პორთფელის მოკვლევა. შედგენილი დასკვნის თანახმად, გამოვლინდა სესხების დამუშავება და გაცემა მსგავსი სცენარით (საგარეჯოს რეგიონიდან მსესხებლები, შუამავლის მიერ მიყვანილი, დროის მცირე ინტერვალი, ერთი და იგივე ფიქტიური ბიზნეს საქმიანობის ადგილი და სფერო), მიკრო საკრედიტო ექსპერტის სრულყოფილი და ჯეროვანი ანალიზის სტანდარტის გამოყენების შემთხვევაში, ბანკირი შეძლებდა რეალური სურათის დანახვას.

5.4. მოპასუხის 2019 წლის 19 ივლისის N1054-კ ბრძანების საფუძველზე, შეწყდა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.5. ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ თ.შ–ძეს ჩაბარდა 2019 წლის 26 ივლისს.

5.6. მოსარჩელემ 2019 წლის 23 ივლისსა და 27 ივლისს განცხადებებით მიმართა სს „ს.ბ–ს“ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია, რაც დაკმაყოფილდა.

5.7. სს „ს.ბ–ის“ მიერ 2021 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობის (N743) შესაბამისად, თ.შ–ძის მიერ დაკავებული თანამდებობა ცნობის გაცემის დროის მდგომარეობით ვაკანტური არ იყო. ასევე, სს „ს.ბ–ის“ 2022 წლის 10 მაისის ცნობის (N00222059) შესაბამისად, საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსის თანამდებობა მიმდინარედ არ იყო ვაკანტური.

5.8. მოსარჩელე გათავისუფლების შემდგომ დასაქმებულია და 2019 წლიდან 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით მას მიღებული აქვს გარკვეული ყოველთვიური შემოსავალი.

5.9. სს „ს.ბ–ის“ მიმართვის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სს „ს.ბ–ის“ თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა მოპასუხის არგუმენტაციას ხელშეკრულების დარღვევის ხარისხის ბლანკეტურ განსაზღვრასთან დაკავშირებით, რამდენადაც დარღვევის ხასიათის დადგენა საჭიროებდა დასაბუთებას, რაც უნდა განხორციელებულიყო არა წინასწარ განსაზღვრული დეკლარაციული ჩანაწერის შესაბამისად, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასაქმებულის ქცევის, ბრალეულობის, მიზეზ-შედეგობრივი მოცემულობისა და დარღვევაზე რეაგირების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეფასების შედეგად.

5.10. მოპასუხის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ადასტურებდა მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნეს ბანკირების პორთფელური ანალიზის შედეგად გამოვლენილ დარღევებს, რაც მონიტორინგის დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ შეფასებული იყო ვალდებულებების უხეშ დარღვევად. დასკვნის საგანი შეეხებოდა უშუალოდ მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან გარკვეული სახის ვალდებულებების არასათანადო შესრულების ფაქტებს. საქმის განხილვისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად გამოირკვა, რომ პორთფელური ანალიზის ჩატარებამდე მოსარჩელის მიერ უშუალო ხელმძღვანელისათვის მიწოდებული იყო ინფორმაცია არსებული პრობლემური სესხების თაობაზე. შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელებამდე მოსარჩელის მხრიდან შესრულდა დამსაქმებლის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება, ადგილი არ ჰქონია მის მიერ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის დაფარვას ან უგულვებელყოფას. თუმცა, მიუხედავად პრობლემური სესხის შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა, ხელმძღვანელისაგან გაცემული იქნა მითითება აპრილის თვეში (რაც წარმოადგენს მონიტორინგის პერიოდს) მდგომარეობის უცვლელობის შესახებ, ხოლო მაისის თვიდან ანალოგიური სქემით გაცემულ სესხებზე, მათ შორის, უვიზიტო სესხებზე, პერიოდული ვიზიტების განხორციელების თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელს და შესაბამისად ბანკს რაიმე სახის პრევენციული ღონისძიებები ასეთი პრინციპით სესხების გაცემის კატეგორიული აღკვეთის შესახებ, არ გაუტარებიათ და მითითება აპრილის თვეში გაცემულ, გაპრობლემებულ სესხებთან დაკავშირებულ პროცედურებში ცვლილების თაობაზე მოსარჩელეს უშუალო ხელმძღვანელისაგან არ მიუღია.

5.11. მოპასუხის არგუმენტაციაზე ექსპერტთა მიერ სესხებთან დაკავშირებული ვიზიტების განხორციელებაზე კონტროლის ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საუბარი იყო ე.წ „ონლაინ“ სესხთან დაკავშირებით ვიზიტის განუხორციელებლობის ორ ფაქტზე, რაც არ შეიძლება შეფასებულიყო მოსარჩელის მიერ დაკისრებული კონტროლის ფუნქციის შეუსრულებლობად ან არაჯეროვან შესრულებად, რადგან მოსარჩელე თანამშრომლობდა ბანკთან და მას არ დაუმალია არსებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია (იხ. მოსარჩელის მიერ დამსაქმებლისათვის მიცემული ახსნა-განმარტება (ს.ფ. 157-160).

5.12 ვინაიდან, ვაკანტური არ იყო თ.შ–ძის მიერ დაკავებული პოზიცია, შეუძლებელი იყო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სამსახურში აღდგენისა და შესაბამისად იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რის გამოც პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრება 20000 ლარის ოდენობით და განმარტა, რომ აღნიშნული ოდენობით კომპენსაციის დაკისრება, ერთის მხრივ უზრუნველყოფდა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივ რესტიტუციას, ხოლო მეორეს მხრივ გონივრულ ტვირთს აწესებდა დამსაქმებლისათვის, რათა სამომავლოდ უკანონო გადაწყვეტილების მიღებისას, დაკისრებულ კომპენსაციას ჰქონოდა პრევენციული ეფექტი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც დასაქმებულის ახსნა-განმარტების, ასევე დამსაქმებლის ფუნქცია-მოვალეობების სახით, რამაც განაპირობა არსებითად მცდარი გადაწყვეტილების მიღება.

6.2. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, თუ რატომ განმარტავს მოსამართლე, რომ მოსარჩელემ ზემდგომს მიაწოდა ინფორმაცია პრობლემურ სესხებზე მაშინ, როდესაც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ.შ–ძის ზემდგომისთვის პროცედურების დარღვევით სესხის გაცემის შესახებ ცნობილი გახდა მოსარჩელის დაქვემდებარებული თანამშრომლისგან და არა თავად მოსარჩელისგან.

6.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რომ 133 სესხი საჭიროებდა სავალდებულო ვიზიტს. შესაბამისად, გაუგებარია როგორ მივიდა სასამართლო დასკვნამდე, რომ თითქოს, ადგილი ჰქონდა სავალდებულო ვიზიტების განუხორციელებლობის 2 და არ 133 შემთხვევას.

6.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ უხეშად დაირღვა შრომის ხელშეკრულებით, შიდა პოლიტიკით განსაზღვრული დოკუმენტებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით/ფუნქცია-მოვალეობებით ექსპლიციტურად გაწერილი ვალდებულებები.

6.5. დამსაქმებელს არა მხოლოდ ნდობა დაეკარგა დასაქმებულის მიმართ, არამედ მიადგა მილიონზე მეტი ლარის ზიანი, რაც ცხადყოფს, რომ სამომავლოდ შეუძლებელს გახდიდა სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენას და შრომითი საქმიანობის ჯეროვან განხორციელებას.

6.6. კასატორი შუამდგომლობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მართლზომიერება.

13. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოგენილი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ ვალდებულებების დარღვევა, კომპანიაში მის მიერ დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, წარმოადგენდა შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევას და საკმარისი საფუძველი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოსაცემად.

14. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

16. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ „Ultima Ratio“-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).

17. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი).

18. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (სუსგ საქმე №ას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.

20. შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას უპირველესად უნდა მოხდეს დასაქმებულთა მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის არსებობის დადგენა, ხოლო შემდგომში, დარღვევის ხარისხის შინაარსობრივი შეფასება. შესაბამისად, უხეში დარღვევის საფუძვლით დასაქმებულთნ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საჭიროა სახეზე იყოს იმგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელიც დასაქმებულის მიერ დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო შემდგომში გამორიცხავს შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას.

21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 19 ივლისის N1054-კ ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 22 ივლისიდან გათავისუფლდა საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსის პოზიციიდან. მოსარჩელეს, მისი 2019 წლის 23 ივლისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების პორთფელების ანალიზის დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთა მოსარჩელის პოზიციისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი ინსტრუქციის დარღვევა, კერძოდ: დადგენილი პროცედურების და მითითებების უგულვებელყოფა, პორთფელის არაჯეროვანი კონტროლი, სესხებზე სავალდებულო ვიზიტის არ ჩატარება, დაქვემდებარებული თანამშრომლების არასათანადო/არაჯეროვანი კონტროლი. აღნიშნული დარღვევების ერთობლიობამ საბოლოო ჯამში განაპირობა თანამშრომელთა კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1.10 პუნქტის (არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკის, პროცედურების და ინსტრუქციების დარღვევა) და 2.1.14 პუნქტის (ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებელს ქონებრივი ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები) მოთხოვნების დარღვევა.

22. დასკვა შეეხებოდა უშუალოდ მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან გარკვეული სახის ვალდებულებების არასათანადო შესრულების ფაქტებს. შრომით ხელშეკრულებაზე დანართი N8 - თანამდებობრივი ინსტრუქციის 2.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნებოდა შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის შინაგანაწესით, კომპანიაში დადგენილი ინსტრუქციებით/პროცედურებით/პოლიტიკითა და წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების/ფუნქციების სრული და ჯეროვანი შესრულება, კორპორატიული სტანდარტებისა და ინტერესების მკაცრი დაცვა. ამავე ინსტრუქციის თანახმად, თ.შ–ძის ფუნქციაში შედიოდა დაქვემდებარებული თანამშრომლების პორთფელების კონტროლი, გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა, კლიენტის ბიზნესის ანალიზი და სხვა. ამდენად, ზემოაღნიშნული ფუნქციები უშუალოდ მიემართებოდა ბიზნეს ბანკირების პორთფელური ანალიზის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს: გაცემულ სესხებზე მსესხებელთა კონცენტრაციის ზრდას ე.წ „შუამავლის“ აქტიური კომუნიკაციით, სასესხო განცხადებებში ფიქტიური, არასწორი მონაცემების დაფისქირების პრაქტიკას და გამოვლენილ უზუსტობებს მსესხებელთა საქმიანობის ადგილის შესახებ, სასესხო განაცხადების არასრულყოფილ ანალიზს, სავალდებულო ვიზიტებისა და ბიზნეს საქმიანობის ადგილზე ანალიზის განუხორციელებლობას. თ.შ–ძის მიერ მოპასუხე კომპანიაში დაკავებული მენეჯერული პოზიციის გათვალისწინებით, მისი ფუნქცია-მოვალეობების კონსტრუქცია იმგვარადა იყო ჩამოყალიბებული, რომ გამორიცხული ან მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მხრიდან მსგავსი დარღვევების რისკები. ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სავალდებულო ვიზიტების შეუსრულებლობის ან ვადაგადაცილებული ან პრობლემური სესხების თაობაზე, არ მეტყველებდა მისი მხრიდან არასათანადო რეაგირებასა ან ფუნქციათა არაჯეროვან შესრულებაზე. მნიშვნელოვანი იყო განსაზღვრულიყო, თუ რაში გამოიხატა ფუნქცია-მოვალეობათა შესრულებისას დასაქმებულის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. საქმის განხილვისას მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად გამოირკვა, რომ პორთფელური ანალიზის ჩატარებამდე მოსარჩელის მიერ უშუალო ხელმძღვანელისათვის მიწოდებული იყო ინფორმაცია არსებული პრობლემური სესხების თაობაზე. შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელებამდე მოსარჩელის მხრიდან შესრულდა დამსაქმებლის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება და ადგილი არ ჰქონია მის მიერ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის დაფარვას ან უგულვებელყოფას. თუმცა, მიუხედავად პრობლემური სესხის შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა, ხელმძღვანელისაგან გაცემული იქნა მითითება აპრილის თვეში (რაც წარმოადგენს მონიტორინგის პერიოდს) მდგომარეობის უცვლელობის შესახებ, ხოლო მაისის თვიდან ანალოგიური სქემით გაცემულ სესხებზე, მათ შორის, უვიზიტო სესხებზე, პერიოდული ვიზიტების განხორციელების თაობაზე. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა არა მხოლოდ ხელშეკრულება, შრომის შინაგანაწესი და თანდართული ინსტრუქციები, ასევე უშუალო ხელმძღვანელთა მითითებები. ამდენად, მონიტორინგის შედეგები არ მოიცავს აპრილის თვის შემდგომ პერიოდში არსებულ მდგომარეობას, ხოლო აპრილის თვეში ამ სესხებთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ, ცნობილი იყო მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელისათვის - ბანკისათვის და რაიმე სახის პრევენციული ღონისძიებები ასეთი პრინციპით სესხების გაცემის კატეგორიული აღკვეთის შესახებ, არ გატარებულა და მითითება აპრილის თვეში გაცემულ, გაპრობლემებულ სესხებთან დაკავშირებულ პროცედურებში ცვლილების თაობაზე, მოსარჩელეს უშუალო ხელმძღვანელისაგან არ მიუღია.

23. საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოპასუხის ექსპერტთა მიერ სესხებთან დაკავშირებული ვიზიტების განხორციელებაზე კონტროლის ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ: ე.წ „ონლაინ“ სესხთან დაკავშირებით ვიზიტის განუხორციელებლობა, არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის მიერ დაკისრებული კონტროლის ფუნქციის იმგვარ შეუსრულებლობად ან არაჯეროვად შესრულებად, რამაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისთვის არ დაუმალავს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და არც არასწორი ფორმით მიუწოდებია იგი.

24. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ადასტურებდეს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება დასაქმებულის მიერ მოვალეობების დარღვევის ფაქტი, თუმცა ასევე დგინდება, რომ დამსაქმებელი ორგანიზაცია ინფორმირებული იყო იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც მოსარჩელის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის, დამსაქმებლის მიერ ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრება, იმ პირობებში, როდებსაც ამ დარღვევების შესახებ ინფორმირებული იყო დამსაქმებელი, ვერ იქნება პროპორციული და ვერ დაიცავს ზომიერ ბალანსს დარღვევასა და გათავისუფლებას შორის.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას საქმეში არსებული მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის წინაპირობების არარსებობის გათვალისწინებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა კომპენსაციის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

26. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საკანონმდებლო დანაწესებს არ ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვისათვის არ არის საჭირო ზეპირი მოსმენა, რადგან საქმის მასალები იძლეოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება არ არსებობს.

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადახდო დავალება # 450176 2, რეფერენსი 22210036, გადახდის თარიღი 09.08.2022) 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის (საგადახდო დავალება # 450176 2, რეფერენსი 22210036, გადახდის თარიღი 09.08.2022) 70% – 700 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე