ას-21-2023
18 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ.კ–ი, მ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.ს.მ.ა–ის“ 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დ.კ–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხზე არსებული დავალიანების 15 665.29 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო შენატანის 532.61 ლარის გადახდა. თანხის გადახდევინება დადგინდა დ.კ–ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ტ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ და გადაწყვეტილება დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: დ.კ–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 870.029 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 532.61 ლარისა და ცნობა-აღსრულებისათვის სახ. ბაჟის სახით გადახდილი 838.46 ლარის გადახდა. მოცემული დავალიანების გადახდა უნდა განხორციელებულიყო დ.კ–ის კუთვნილი სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
3. 2011 წელს ს.კ–მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა სს „ტ–სა“ და დ.კ–ს შორის 2007 წლის 22 ნოემბერს გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვინაიდან სს „ტ–ის“ მიერ შეცდომით იპოთეკით დატვირთული იქნა მისი კუთვნილი ½ წილი უძრავი ქონებიდან.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.კ–ის სარჩელი და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სს „პ–სა“ და დ.კ–ს შოროს 2007 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით დადებული იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკისაგან გათავისუფლდა ს.კ–ის ½ წილი უძრავ ქონებაში. შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული დარჩა დ.კ–ის კუთვნილი ½ წილი.
5. 2013 წლის 20 მარტს დ.კ–ის კუთვნილი უძრავი ნივთის ½ წილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მ.კ–ის სახელზე.
6. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „ს.ბ–ისა“ და სს „პ–ის“ შერწყმა და დღეის მდგომარეობით სს „ს.ბ–ი“ წარმოადგენს სს „პ–ის“ უფლებამონაცვლეს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა უფლებამონაცვლის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. უძრავი ნივთის რეალიცაზიის ნაწილში დ.კ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მ.კ–ი. გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ და უძრავი ნივთის რეალიზაციის ნაწილში მ.კ–ის მიმართ, კერძოდ: შპს „ს.ს.მ.ა–ის“ (საქმე N1111-2009) 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა ნაწილობრივ და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: ა) დ.კ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15 665.29 აშშ დოლარის გადახდა; მასვე დაეკისრა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ საარბიტრაჟო შენატანის სახით 532.61 ლარის გადახდა; ბ) დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მ.კ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული შემდეგი მახასიათებლების მქონე უძრავი ქონებიდან, მდებარე, ქ. ქუთაისი, ........; ქ. ქუთაისი, ........., ს/კ N........ (ნაკვეთის წინა ნომერი: ........)-ის ½ ნაწილი. დ.კ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 838.46 ლარის გადახდა.
7.2. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გასწორდა 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „3ა“ ქვეპუნქტში დაშვებული უსწორობა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დ.კ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 14870,29 აშშ დოლარის გადახდა; მასვე დაეკისროს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ საარბიტრაჟო შენატანის სახით 532.61 ლარის გადახდა“.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს დ.კ–მა და მ.კ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
8.1. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეთა შორის ნებისმიერი დავის გადაწყვეტას სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში. შესაბამისად, სასამართლო გასცდა კანონის მოთხოვნებს და დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
8.2. მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, საქმის განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა, დაეფიქსირებინათ მათი აზრი და წარმოედგინათ მტკიცებულებები.
8.3. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ კერძო აღმასრულებლის არაკანონიერი ქმედებების გამო სასამართლოში წარდგენილი განცხადებები სააპელაციო პალატამ უკანონოდ დატოვა რეაგირების გარეშე. სასამართლოს ასევე არ უნდა ემსჯელა უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხზე ხანდაზმულობის გამო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლისა და 2023 წლის 16 მარტის განჩინებებით დ.კ–ისა და მ.კ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერების საკითხი, რომლითაც დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დ.კ–ის უფლებამონაცვლედ მ.კ–ის ცნობის შესახებ.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
16. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში ცნობილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოვალე არ ასრულებს, ან/და არაჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ზომის გამოყენებით აიძულოს მოვალე შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად. იპოთეკის შინაარსი კანონით არის დადგენილი და მისი შეცვლა მხარეებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეუძლიათ (ას-5-2019, 15.03.2019 წელი).
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ტ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ და გადაწყვეტილება დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: დ.კ–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 870.029 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 532.61 ლარისა და ცნობა-აღსრულებისათვის სახ. ბაჟის სახით გადახდილი 838.46 ლარის გადახდა. მოცემული დავალიანების გადახდა უნდა განხორციელებულიყო დ.კ–ის კუთვნილი სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.კ–ის სარჩელი და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სს „პ–სა“ და დ.კ–ს შოროს 2007 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით დადებული იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკისაგან გათავისუფლდა ს.კ–ის ½ წილი უძრავ ქონებაში. შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული დარჩა დ.კ–ის კუთვნილი ½ წილი.
21. 2013 წლის 20 მარტს დ.კ–ის კუთვნილი უძრავი ნივთის ½ წილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მ.კ–ის სახელზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ იპოთეკის საგანზე მ.კ–მა საკუთრების უფლება შეიძინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ.კ–ისათვის დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად სწორედ ეს ქონებაა დატვირთული იპოთეკით.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, თუკი იგი ამავდროულად არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის თმენისა და იპოთეკარისათვის საკუთრების გადაცემის ვალდებულება ეკისრება (ას-504-2021, 06.10.2021წელი).
23. ამდენად, იპოთეკის საგანზე მესაკუთრის შეცვლა უფლებამონაცვლეობის საფუძველია, ხოლო საპროცესო უფლებამონაცვლეობა პროცესის ყოველ სტადიაზე დაიშვება, მათ შორის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდეც. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხზე და მართებულად დააკმაყოფილა იგი. აღნიშნული კი საფუძველს აცლის კერძო საჩივრის ავტორების პოზიციას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა ემსჯელა უფლებამონაცვლეობის საკითხზე.
24. რაც შეეება კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას მასზედ, რომ არ მიეცათ აზრის დაფიქსირებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. აღნიშნული საკითხის მხოლოდ სასამართლო სხდომაზე განხილვის ვალდებულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ასევე, საქმეში წარმოდგენილია კერძო საჩივრის ავტორების წერილობითი განცხადება, რომელიც ასახავს მათ მოსაზრებას სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობაზე უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების მითითებას, რომ მათ არ მიეცათ აზრის დაფიქსირებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“), ამდენად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი არგუმენტები # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.კ–ისა და მ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე