№ას-210-2022
04 აგვისტო, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.გ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.მ–ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, განქორწინების მოთხოვნით (ს.ფ. 2-17).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა 1982 წლის 17 დეკემბერს, სააქტო ჩანაწერი N5745, თ.გ–სა და მ.მ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება. ამავე სასამართლოს 2021 წლის 10 მარტისა და 2021 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებებით მოპასუხის შუამდგომლობა შესარიგებელი ვადის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და 2021 წლის 10 მარტისა და ამავე წლის 22 მარტის საოქმო განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. თ.გ–ი და მ.მ–ი 1982 წლის 17 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ყავთ ორი შვილი, 1993 წლის 16 მაისს დაბადებული მ.გ–ი და 1983 წლის 05 სექტემბერს დაბადებული ა.გ–ი.
5.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული N031610 შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, მოპასუხე მ.მ–ს თ.გ–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა თ.გ–ის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იმყოფება თ.გ–ი; ასევე აეკრძალა თ.გ–თან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
5.3. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ თ.გ–ს და მ.მ–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებდა და მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვდა განქორწინებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო.
5.5. მხარეთა მიერ მიცემული ახსნა_გა-ნმარტებებით არ დადგინდა თ.გ–სა და მ.მ–ს შორის ურთიერთობის აღდგენის და მისი მცდელობის ორმხრივი ნება, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გათვალისწინებით კი, სასამართლოს შეექმნა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი მასზედ, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა გამოიწვევდა არა ურთიერთობის აღდგენას, არამედ მის კიდევ უფრო დაძაბვას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).
13. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა. ამასთან, მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასევე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (სუსგ №ას-225-921-03, 09.10.2003წ.).
16. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად არ გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მეუღლეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემის ინსტიტუტი. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში მოპასუხესთან ყოფნა და ოჯახური მეურნეობის აღდგენა. ამ ფაქტის წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, კასატორი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ასევე, მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ-ები: Nას-1831-2019, 2018, 14.11.2019წ; Nას-813-2019, 14.02.2020 წ;).
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N28412221, გადახდის თარიღი 24.01.2022) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. მ.მ–ს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N28412221, გადახდის თარიღი 24.01.2022) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
ალექსანდრე წულაძე