Facebook Twitter

№ას-973-2022

25 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ.ჰ“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ნ–მ“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს ,,კ.ჰ–ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 1-15)

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „კ.ჰ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 471921 ლარის გადახდა.

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შპს „კ.ჰ–ის“ დირექტორმა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „კ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3.1. წამოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხე შპს „კ.ჰ–ის“ (სკ …..) მისამართია: ბათუმი, ……., ხოლო ელექტრონული მისამართია: ….com; საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში, გარდა ზემოაღნიშნული იურიდიული და ელექტრონული ფოსტის მისამართისა, მითითებულია შპს „კ.ჰ–ის“ (სკ …) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისამართი: ბათუმი, …....

3.2. 2021 წლის 27 იანვარს, მოსარჩელის წარმომადგენელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით სასამართლო გზავნილების საჯაროდ გავრცელების შესახებ. განცხადებასთან ერთად მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა საფოსტო უკუშეტყობინებები გზავნილების ჩაუბარებლობის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ ადრესატს შპს „კ.ჰ–ს“, ბათუმში, ……… გაგზავნილი გზავნილი არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ კურიერს „არავინ დახვდა მისამართზე, მეზობლების თქმით იმყოფებიან თურქეთში (5.01.2021წელი)“, ხოლო მეორე უკუშეტყობინების თანახმად, „აღნიშნულ მისამართზე არის მშენებარე მრავალსართულიანი, ადგილზე არავინ იმყოფებოდა, მშენებარე სახლის უკანა ეზოში მყოფი ი.დ–ძის განმარტებით, საწარმოს დირექტორი ჰ.გ. იმყოფება თურქეთში დიდი ხნის მანძილზე“.

3.3. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 2021 წლის 27 იანვრის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტის თანახმად, სარჩელი და თანდართული მასალები გაგზავნილია მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: …….com.

3.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შსს ბათუმის სამმართველოს დაევალა მოპასუხისთვის შპს „ნ–ს“ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოდან მიღებული შეტყობინების თანახმად, მოპასუხე შპს „კ.ჰ–ის“ დამფუძნებელმა ჰ.გ.მ პ/ნ .... საზღვარი გადაკვეთა 15.02.2020 წელს და 2.03.2021 წლის მდგომარეობით იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, რის გამოც მისამართზე მისვლით გზავნილი ვერ ჩაბარდა.

3.5. 2021 წლის 1 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებით სასამართლომ გზავნილი მიიჩნია მოპასუხისათვის ჩაბარებულად და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი.

3.6. დადგენილია, და მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ სარჩელსა და მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერში მითითებული იურიდიული მისამართი: ბათუმი, ........, წარმოადგენს კომპანიის როგორც იურიდიულ მისამართს, ასევე მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს (სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) და აპელანტს საწარმოს სხვა მისამართი არ დაუსახელებია (5.04.2022 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 17:09:13). სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ დღეის მდგომარეობით აშენებულია დავის საგანთან დაკავშირებული მშენებარე ობიექტის 8 სართული.

3.7. მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ შპს „კ.ჰ–ის“ დირექტორის ჰ.გ–ს, კ.ა–ძით ჩანაცვლების შემდეგ, კომპანიის ელექტრონული მისამართი არ შეცვლილა (ამონაწერი ს.ფ. 172, სააპელაციო სასამართლოს 5.04.2022 წლის სხდომის ოქმი, 16:54:40), აღნიშნული გარემოება კი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

3.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო საჯარო შეტყობინება გაევრცელებინა ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი იყო ყველა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ ამოწურა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებას მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩასაბარებლად, ამომწურავად შეასრულა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები, ასევე, დაადასტურა კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარების საპროცესო მოქმედებების მიმართ. ხოლო, მოპასუხემ მტკიცებულებების წარდგენით ვერ უზრუნველყო მის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული არგუმენტების დადასტურება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

4.1. კასატორი მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას არ ნიშნავს. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობისას, სასამართლოს მოთხოვნილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით უნდა ჩაენიშნა სხდომა და ემსჯელა ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად.

4.2. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, შესაბამისად, ხელი შეუწყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაუბარებლობას. მოპასუხე კომპანია ყველა ფოსტას იბარებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მიმდინარე საქმის ფარგლებში მის მისამართზე შეტყობინება არ მისულა.

4.3. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაკისრებული თანხა შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეს არ ჰქონია მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ შპს „კ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს.

12. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. საგულისხმოა, რომ არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, იმავე კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

13. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელთა შესაბამისადაც, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

14. ამრიგად, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა... დასახელებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება (№ას-759-2021. 08.10.2021წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა საფოსტო უკუშეტყობინებები გზავნილების ჩაუბარებლობის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ ადრესატს შპს „კ.ჰ–ს“, ბათუმში, ....... გაგზანილი გზავნილი არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ კურიერს „არავინ დახვდა მისამართზე, მეზობლების თქმით იმყოფებიან თურქეთში (5.01.2021წელი)“, ხოლო მეორე უკუშეტყობინების თანახმად, „აღნიშნულ მისამართზე არის მშენებარე მრავალსართულიანი, ადგილზე არავინ იმყოფებოდა, მშენებარე სახლის უკანა ეზოში მყოფი ი.დ–ძის განმარტებით, საწარმოს დირექტორი ჰ.გ. იმყოფება თურქეთში დიდი ხნის მანძილზე“. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები გაგზავნილია მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: mikeladze1987@gmail.com. ასევე დადგენილია, რომ შსს ბათუმის სამმართველოს დაევალა მოპასუხისთვის შპს „ნ–ს“ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოდან მიღებული შეტყობინების თანახმად, მოპასუხე შპს „კ.ჰ–ის“ დამფუძნებელმა ჰ.გ.მ პ/ნ ....... საზღვარი გადაკვეთა 15.02.2020 წელს და 2.03.2021 წლის მდგომარეობით იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, რის გამოც მისამართზე მისვლით გზავნილი ვერ ჩაბარდა.

16. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2021 წლის 01 აპრილს საჯარო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარდა და წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. მოპასუხეს დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

17. ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მიმდინარე სამართალწარმოების დროს გამოყენებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალება მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების მიზნით. მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ შპს „კ.ჰ–ის“ დირექტორის ჰ.გ.ს, კ.ა–ძით ჩანაცვლების შემდეგ, კომპანიის ელექტრონული მისამართი არ შეცვლილა (ამონაწერი ს.ფ. 172, სააპელაციო სასამართლოს 5.04.2022 წლის სხდომის ოქმი, 16:54:40), აღნიშნული გარემოება კი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

18. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „კ.ჰ–ის“ 2020 წლის 30 აგვისტოსა და ამავე წლის 01 ნოემბრის საერთო კრების ოქმები, რითაც დასტურდება, რომ საერთო კრება ორივე შემთხვევაში ჩატარდა „საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ბათუმი, .......“, აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „კ.ჰ–ი“ ფუნქციონირებდა მის იურიდიულ მისამართზე.

19. რაც შეეხება კასატორის მითითებას, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შეუძლებლობაზე, აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ამოწმებს კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობას და სარჩელო მოთხოვნის ოდენობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ხელისშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენს.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო მიზეზით მოხდა, ვინაიდან მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით არ დაუდასტურებია შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. აღნიშნული კი, ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ქმნიდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდის წინაპირობას.

21. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით ამართლებდა და არსებობდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინებით, კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, შპს „კ.ჰ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 30%-ის - 2400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „კ.ჰ–ს“ ..... სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 300773150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის 30%-ის - 2 400 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე