Facebook Twitter

№ას-1190-2022

25 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ფ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს.ფ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-16).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ი.მ–ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინებით ი.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2012 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 16 ივნისამდე, მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „ს.ფ–აში“. 2019 წლის 01 ოქტომბრიდან, მოსარჩელე გადაყვანილ იქნა ქონების მართვისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მისი საშუალო დარიცხული ხელფასი შეადგენა 5000 ლარს.

5.2. შპს „ს.ფ–ის“ 2020 წლის 15 ივნისის N15-02/629 ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი.მ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 16 ივნისიდან.

5.3. შპს „ს.ფ–ის“ 2020 წლის 15 ივნისის N15/8/7-408 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2020 წლის 16 ივნისიდან შეუწყდებოდა შრომითი ხელშეკრულების მოქმედება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთგზისი და უხეში ხასიათის დარღვევები მის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში, რომლის პრევენცია და შემდგომი რეაგირება იყო მოსარჩელის პირდაპირი ვალდებულება.

წერილში განხილულია ამ დარღვევების ხასიათი და სიმძიმე:

5.3.1. მონიტორინგის მსვლელობისას, 2019 წლის 1 დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით პროგრამა „GPS“-დან ამოღებულ იქნა „ს.ფ–ის“ GPS მოწყობილობით აღჭურვილი ყველა ავტოტრანსპორტის მოძრაობა არასამუშაო საათებში (გარდა შაბათ კვირისა), კერძოდ: დილით 08:00 სთ-მდე და საღამოს 20:00 სთ-ის შემდგომ. გადამოწმებულ იქნა ცალკეული ავტომობილების მარშრუტები არასამუშაო საათებში. ასევე, ყველა შესაბამისი დეპარტამენტის მენეჯერებს გაეგზავნათ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ავტომობილების გადაადგილება, თარიღის, დროისა და კილომეტრაჟის მონაცემებით და მათგან მიღებულ იქნა ინფორმაცია გადაადგილების მიზნობრიობის შესახებ. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 7 ფაქტი, როცა მძღოლმა ავტომობილი გამოიყენა პირადი დანიშნულებით და იყო ასევე შემთხვევები, როცა მძღოლების მიერ არ ხდებოდა ავტომობილების პარკირება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ ადგილებში. კერძოდ: - საფელდეგერო დეპარტამენტის ავტომობილი ..... სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფელდეგერი კ. გ–ძე 2019 წლის 11 თებერვლიდან - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თითქმის ყოველ დღე, საღამოს 17 სთ-ის შემდგომ, ქ. ახალციხიდან ახორციელებდა სოფ. ..... მისვლას და სოფლიდან გასვლის დრო ძირითადად ფიქსირდება 19:00 სთ-დან - 20:00 სთ-ის შუალედში. სოფ. ...... კი, საბოლოო პარკირებას ახორცილებდა ქ.ახალციხეში ს/ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან ჯამში პირადი მიზნებისათვის ზემოაღნიშნული ავტომანქანით გაიარა 5280 კმ და დახარჯა 466.0 ლიტრი ბენზინი, რომლის ღირებულებაც, საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის მიერ მოწოდებული ფასების მიხედვით, შეადგენს 867.4 ლარს. შესაბამისად, დასაქმებულმა 5 000 კმ. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით გაიარა პირადი მიზნებისათვის, რაც ტრანსპორტის სამსხურმა ვერ შეამჩნია. - ავტომობილი .... 17.01.2019 წელს, ავტომობილმა 20:12 სთ-ზე დაიწყო მოძრაობა ბ.ჟ–ის ქუჩიდან (მაღაზია „ზღაპარი) და დაასრულა მოძრაობა ......... ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან. საგზურის ფურცლის მიხედვით, აღნიშნულ თარიღში, ავტომობილმა მოძრაობა დაიწყო სათაო ოფისიდან 18:00 სთ-ზე, განახორციელა მოძრაობა საირმის გორის მიმართულებით (პასუხისმგებელი პირი ზ.ხ–ძე) და დაბრუნების ადგილად მითითებული აქვს „ს.ფ–ის“ სათაო ოფისი, თუმცა GPS-ის მონაცემებით, ავტომობილის პარკირება მოხდა საცხოვრებელ სახლთან. ავტომობილი LGL 022. მძღოლი - ქონების მართვისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი (კახეთი) პ. მ–ძე. თარიღი 17.09.2019წ, ავტომობილი 20:20 სთ-დან დაიძრა დედოფლისწყაროდან და 23:28 სთ-ზე გაჩერდა თელავში, ....... (პ. მ–ძის საცხოვრებელი ადგილი). გარდა ამისა, 44 შემთხვევაში, იგივე ავტომობილი, დილით იწყებს მოძრაობას იმავე ადგილიდან და იმავე ადგილზე ასრულებს მოძრაობას (თელავი, ...... ქუჩა). დისტრიბუციის რეგიონული სამსახური, ავტომობილი ......, მძღოლი - ს. ს–ძე (სუპერვაიზერი), თარიღი 05.09.2019წ. ავტომობილმა 17:09 სთ-დან იმოძრავა სოფ. ....... და 22:46 სთ-ზე დაბრუნდა ქ. ქუთაისში ს/ცენტრის მიმდებარედ. ს. ს–ძემ ჯამში 05.09.2019 წელს და 17.10.2019 წელს, პირადი მიზნებისათვის ზემოაღნიშნული ავტომანქანით გაიარა 183 კმ. ახალქალაქის ს/ცენტრის ავტომობილი ...... მძღოლი - რ. ლ–ძე (კურიერი). თარიღი 05.07.2019წ. ავტომობილმა დილით სამუშაო საათების დაწყებამდე 07:08 სთ-ზე იმოძრავა ახალქალაქში, ........ ქუჩიდან ........ ქუჩისკენ. გაიარა 2 კმ. 29.08.2019 წელს ავტომობილმა სამუშაო საათების დაწყებამდე 05:57 სთ-ზე დაიწყო მოძრაობა საცხოვრებელი სახლიდან (სოფ. ........), იმყოფებოდა ახალციხე-ვალეს მიმართულებით (სოფ. ..... და სოფ. .....) და 09:19 სთ-ზე გაჩერდა ახალქალაქის სერვისცენტრის მიმდებარედ გაიარა 106 კმ. თარიღი: 18.09.2019წ. ავტომობილმა 17:19 სთ-ზე დაიწყო მოძრაობა ახალქალაქიდან ვარძიის მიმართულებით და ახალქალაქის სერვისცენტრთან დაბრუნდა 22:37 სთ-ზე. (გაიარა 82 კმ). მან ჯამში 05.07.2019 წელს, 29.08.2019 წელს და 18.09.2019 წელს, პირადი მიზნებისათვის ზემოაღნიშნული ავტომანქანით გაიარა 190 კმ. - გარდაბნის ს/ცენტრის ავტომობილი ...... მძღოლი - კურიერი ა. თ–ვი (06.11.2019 წლიდან აღარ არის კომპანიის თანამშრომელი). მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით (141 შემთხვევა) ავტომობილი, სამუშაო საათების შემდგომ (20:00 სთ-ის შემდგომ) მოძრაობდა გარდაბნისა და სოფ. ....... ტერიტორიაზე და საბოლოო გაჩერებას ახორციელებდა ს/ცენტრის მიმდებარედ. ასევე, 3 შემთხვევაში (17.10.2019, 18.10.2019, 25.10.2019) ავტომანქანამ მოძრაობა დაიწყო დილის 04:00 სთ-დან 05:00 სთ-ის შუალედში. გზავნილების სააღრიცხვო პროგრამა „WoodooPost“-ის მონაცემების მიხედვით, ზემოაღნიშნულ დროის პერიოდებში კურიერ ა. თ–ის მუშაობა არ დასტურდება. მან ჯამში პირადი მიზნებისათვის ზემოაღნიშნული ავტომანქანით გაიარა 763 კმ. გარდაბნის ს/ცენტრის ავტომობილი ...... . მძღოლი ზ. თ–ძე (13.01.2020 წლიდან აღარ არის კომპანიის თანამშრომელი). თარიღები: 16.05.2019წ, 17.05.2019წ, 23.05.2019წ, 29.05.2019წ, 30.05.2019წ, 04.06.2019წ, 01.08.2019წ. ავტომობილმა სამუშაო საათების შემდგომ (20:00 სთ-ის შემდგომ) იმოძრავა გარდაბნის ტერიტორიაზე და საბოლოო გაჩერებას ახორციელებს ს/ცენტრის მიმდებარედ. გზავნილების სააღრიცხვო პროგრამა „WoodooPost“-ის მონაცემების მიხედვით, ზემოაღნიშნულ დროის პერიოდებში კურიერ ზ. თ–ძის მუშაობა არ დასტურდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, გავლილი მანძილი და დახარჯული საწვავი არაარსებითი ოდენობისაა, კერძოდ, გავლილია 51 კმ. ამავე შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ გენერალური დირექტორის 17.02.2017 წლის 15-01/105 ბრძანებით დამტკიცებული თანამშრომლის სახელმძღვანელოს მე-11 თავის მიხედვით (ძალაში იყო 2020 წლის 3 იანვრამდე, სანამ ძალაში შევიდოდა გენერალური დირექტორის 16.12.2019 წლის N15-01/748 ბრძანებით დამტკიცებული თანამშრომლის სახელმძღვანელო), თანამშრომელი, რომელიც მართავს სკუტერს და ავტომანქანას და მისი ფუნქციაა საფოსტო გზავნილების ჩაბარება, სადისტრიბუციო და საფელდეგერო საქმიანობის შესრულება, ვალდებულია სამუშაო საათების შემდეგ დატოვოს სატრანსპორტო საშუალება შესაბამის სერვისცენტრში (თუ არ აქვს ხელმძღვანელისგან მიღებული სპეციალური წერილობითი თანხმობა ტრანსპორტის სამსახურთან შეთანხმებით) ან წინასწარ განსაზღვრულ სადგომზე. საკითხის შესწავლისას გამოვლენილ იქნა შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები ტრანსპორტის პარკირებას ახდენდნენ საცხოვრებელი მისამართის მიმდებარედ, ასევე, გადაადგილდებოდნენ არასამუშაო საათებში. მონიტორინგის მსვლელობისას, ზემოაღნიშნულ პარკირების და გადაადგილების ფაქტებზე, უშუალო ხელმძღვანელების მხრიდან მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შემთხვევები გამოწვეული იყო სამსახურებრივი აუცილებლობით, თუმცა, ეს შემთხვევები არ იყო შეთანხმებული ტრანსპორტის სამსახურთან. თავის მხრივ, არც ტრანსპორტის სამსახურის მხრიდან ხორციელდებოდა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დაცვის და გადაადგილების მიზნობრიობის ანალიზი, არ ხდებოდა შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის პარკირება-გადაადგილების ფაქტებზე ინფორმაციის მოთხოვნა, რის გამოც ტრანსპორტის მიმართულება არ ფლობს ინფორმაციას ამ ფაქტებთან და მათ მიზნობრიობასთან დაკავშირებით. თანამშრომლების მიერ არასამსახურეობრივი მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ქმნის მომეტებულ რისკებს კომპანიის მიმართ. ასეთ დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები არ ანაზღაურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ. სატრანსპორტო საშუალებების დამატებითი გამოყენება იწვევს სავალი ნაწილების ცვეთას და ღირებულების შემცირებას. ეს ყველაფერი საბოლოოდ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიას. ზემოთ დასახელებული შემთხვევების კონტროლი იყო მოსარჩელის პირდაპირი მოვალეობა და დავალებული ჰქონდათ გენერალური დირექტორის ბრძანებით.

5.3.2. მონიტორინგის მსვლელობისას გამოვლენილ იქნა შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები ტრანსპორტის პარკირებას ახდენდნენ საცხოვრებელი მისამართის მიმდებარედ, ასევე, გადაადგილდებოდნენ არასამუშაო საათებში მონიტორინგის მსვლელობისას, ზემოაღნიშნულ პარკირების და გადაადგილების ფაქტებზე უშუალო ხელმძღვანელების მხრიდან მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ ეს შემთხვევები არ იყო შეთანხმებული ტრანსპორტის სამსახურთან. თავის მხრივ, არც ტრანსპორტის სამსახურის მხრიდან ხორციელდებოდა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დაცვის და გადაადგილების მიზნობრიობის ანალიზი, არ ხდებოდა შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის პარკირება–გადაადგილების ფაქტებზე ინფორმაციის მოთხოვნა, რის გამოც ტრანსპორტის მიმართულება არ ფლობდა ინფორმაციას ამ ფაქტებთან და მათ მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე როგორც ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, არ იყო ინფორმირებული მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც არადისციპლინირებულ სამუშაო პროცესზე და მოსარჩელის მენეჯერული უნარების ნაკლებობაზე მიუთითებდა.

5.3.3. მონიტორინგის მსვლელობისას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმდა ავტომობილის საგზურის ფურცლები, რომელსაც მძღოლები ავსებენ და უგზავნიან ტრანსპორტის მიმართულებას, ყოველი თვის 5 რიცხვამდე (გენერალური დირექტორის 14.05.2019 წლის N15-01/285 ბრძანების მე-8 პუნქტი). საგზურის ფურცლების შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ პირები, რომლებიც მართავდნენ ავტომობილებს, არ ახორციელებდნენ საგზურის ფურცლების სწორად შევსებას ან საერთოდ შეუვსებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის მძღოლები ამ ინფორმაციას აგზავნიდნენ ყოველი თვის 15 რიცხვამდე, ეს შეუსაბამობები მოსარჩელის მიერ არ/ვერ იქნა აღმოჩენილი და არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები.

5.3.4. გენერალური დირექტორის 2016 წლის 19 სექტემბრის N15-01/482 ბრძანების თანახმად, ტრანსპორტის სამსახურს დაევალა მუდმივ რეჟიმში მოეხდინა „GPS“ პროგრამის მეშვეობით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების კონტროლის შესახებ ინფორმაციის მომზადება/აღრიცხვა, ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც დატანილია კომპანიის სახელწოდება ან/და ლოგო. ასევე, ტრანსპორტის სამსახურს დაევალა დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დაკისრების უზრუნველსაყოფად, დეტალური ინფორმაციის მიწოდება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის. ზემოაღნიშნული ბრძანების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ტრანსპორტის მიმართულებიდან გამოთხოვილ იქნა ტრანსპორტის ჩამონთვალი, რომელზეც დატანილია კომპანიის სახელწოდება ან/და ლოგო. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2019 წლის განმავლობაში ფიქსირდება კომპანიის თანამშრომლების მხრიდან დადგენილი სიჩქარის დარღვევის მრავალი შემთხვევა. ამასთან, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დეპარტამენტს ტრანსპორტის სამსახურიდან არ მიუღია არც ერთი მოთხოვნა დადგენილი სიჩქარის დარღვევის გამო თანამშრომლის დისციპლინურ სასჯელზე წარდგენის თაობაზე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ტრანსპორტის მიმართულების მიერ არ სრულდებოდა გენერალური დირექტორის 19.09.2016 წლის N15-01/482 ბრძანების მოთხოვნები.

5.3.5. შეტყობინებაში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯმენტის წევრმა, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. მის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში გამოიკვეთა იმდენად მძიმე და არაერთგზისი ხასიათის დარღვევები, რომ შეუძლებელი გახდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. ჩადენილი დარღვევების არაერთგზისობის და სიმძიმის გათვალისწინებით, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, შპს „ს.ფ–ამ“ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფდა დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად არსებობდა მისი გათავისუფლების უპირობო ფაქტობრივი და მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

5.3.6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.მ–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას, რის საფუძვლზეც განხორციელდა მასთან შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.4. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში არ წარმოუდგენია რაიმე ვალიდური მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც საფუძველს გამოაცლიდა დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი მრავალი და განგრძობადი ხასიათის დარღვევების ფონზე, უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება დასაქმებულის მიმართ არ იქნებოდა გამართლებული.

5.5. აპელანტის მიერ დისკრიმინაციის ფაქტზე მითითებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია პოზიცია, თუ რა ნიშნის მიხედვით მოხდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენდა ტრანსპორტის სამსახურის უფროსს, მის მიერ მითითებული შესადარებელი პირი კი, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა დისციპლილური სახდელი გაფრთხილების სახით, წარმოადგენდა დირექტორის მოადგილეს და ისინი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყვნენ თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმუდგენია მისი მტკიცების სფეროში შემავალი იმ ხარისხის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანის საჭიროებას წარმოშობდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, თუ მოპასუხეს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება სურდა „უხეში დარღვევის“ საფუძვლით, ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოეყენებინა შრომის შინაგანაწესის სხვა ნორმები და არა შეტყობინებაში მითითებული პუნქტი და მისი ქვეპუნქტები,

6.2. არსებით სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, თუ კასატორი რამდენად იყო ინფორმირებული სამუშაო აღწერილობის მქონე იმ დოკუმენტის თაობაზე, რომლის შეუსრულებლობის გამოც იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასეთი ინფორმირების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

6.3. დავის არსებით გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული ფაქტი. საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ დირექტორის მოადგილის გ. კ–ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიება „გაფრთხილება“, რაც არასტურებს ტენდენციურ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა „უხეში დარღვევების“ საბაბით, ხოლო იგივე „უხეშ დარღვევაზე“ მოსარჩელის უშუალო კურატორს გ.კ–ს გამოუცხადეს მსუბუქი ხასიათის დისციპლინური ღონისძიება, მითმეტეს, რომ მოსარჩელისგან განსხვავებით იგი ინფორმირებული იყო თავისი სამუშაო აღწერილობის შესახებ.

6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის ინფორმირებულობას ფუნქციური დანიშნულების მქონე ბრძანებების შესახებ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არცერთი სათანადო მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაადგენდა. საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებით კი შეუძლებელი იყო დოკუმენტებით დადგენილი გარემოებების ანულირება. ვინაიდან, დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის გაქარწყლება შესაძლებელია სათანადო გამაქარწყლებელი შინაარსის დოკუმენტებით.

6.5. გარკვეული დარღვევების შემთხვევაში (სიჩქარის გადაჭარბება), ჯარიმების გადახდას უზრუნველყოფდნენ დამრღვევები და ამ დარღვევებით კომპანიას ზიანი არ მისდგომია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა სიჩარის გადაჭარბების ათეული შემთხვევა ჩაითვალოს პირის სამსახურიდან გათავისუფლების სათანადო საფუძვლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო საჩივრით სადავოა დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერება.

13. ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

14. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

15. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

16. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხემ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად მოსარჩელის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში გამოვლენილ არაერთგზის და უხეში ხასიათის დარღვევებზე მიუთითა, რომლის პრევენცია და შემდგომი რეაგირება იყო მოსარჩელის პირდაპირი ვალდებულება. კერძოდ: საკითხის შესწავლისას გამოვლენილ იქნა შემთხვევები, როდესაც მძღოლები ავტომობილს იყენებდნენ პირადი დანიშნულებით, მძღოლების მიერ არ ხდებოდა ავტომობილების პარკირება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ ადგილებში, ასევე, გადაადგილდებოდნენ არასამუშაო საათებში. მონიტორინგის მსვლელობისას, ზემოაღნიშნულ პარკირების და გადაადგილების ფაქტებზე, უშუალო ხელმძღვანელების მხრიდან მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შემთხვევები გამოწვეული იყო სამსახურებრივი აუცილებლობით, თუმცა, ეს შემთხვევები არ იყო შეთანხმებული ტრანსპორტის სამსახურთან. თავის მხრივ, არც ტრანსპორტის სამსახურის მხრიდან ხორციელდებოდა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დაცვის და გადაადგილების მიზნობრიობის ანალიზი, არ ხდებოდა შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის პარკირება-გადაადგილების ფაქტებზე ინფორმაციის მოთხოვნა, რის გამოც ტრანსპორტის მიმართულება არ ფლობს ინფორმაციას ამ ფაქტებთან და მათ მიზნობრიობასთან დაკავშირებით. საგზურის ფურცლების შემოწმებისას, რომელსაც მძღოლები ავსებენ და უგზავნიან ტრანსპორტის მიმართულებას, დაფიქსირდა, რომ არ ხორციელდებოდა საგზურის ფურცლების შევსება ან მისი სწორად შევსება. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის მძღოლები ამ ინფორმაციას აგზავნიდნენ ყოველი თვის 15 რიცხვამდე, ეს შეუსაბამობები მოსარჩელის მიერ არ/ვერ იქნა აღმოჩენილი და არ იყო გატარებული შესაბამისი ღონისძიებები. ასევე აღმოჩნდა კომპანიის თანამშრომლების მხრიდან დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების მრავალი შემთხვევა. ამასთან, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დეპარტამენტს ტრანსპორტის სამსახურიდან არ მიუღია არც ერთი მოთხოვნა დადგენილი სიჩქარის დარღვევის გამო თანამშრომლის დისციპლინურ სასჯელზე წარდგენის თაობაზე. შეტყობინებაში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯმენტის წევრმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში გამოიკვეთა იმდენად მძიმე და არაერთგზისი ხასიათის დარღვევები, რომ შეუძლებელი გახდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.

17. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, ხოლო კასატორს მათ მიმართ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ამასთან, ეს გარემოებები იმას ცხადყოფენ, რომ სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად დაედო ამ უკანასკნელის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგნაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების კანონიერების საკითხის განსაზღვრისას, დღის წესრიგში დგება, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის დასაქმებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან ერთობლიობაში შეფასება. 18. შპს „ს.ფ–ის“ გენერალური დირექტორის 17.02.2017 წლის №15-01/105 ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის 17.20.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომლის მიმართ დისციპინური პასუხისმგებლობა გამოიყენება სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, მათ შორის დადგენილ ვადებში დაკისრებული სამუშაოს შეუსრულებლობისას, ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოიყენება შრომითი ხელშეკრულების პირობების ან/და კომპანიაში შიდა დოკუმენტით დადგენილი მოქმედი წესების (მათ შორის სახელმძღვანელოში მოცემული წესების და პროცესების) უგულებელყოფა/დარღვევის შემთხვევაში. შინაგანაწესის 17.21. მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით უხეშ დარღვევად ითვლება დასაქმებულის მიერ სხვა სახის ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს ან/და მის ბიზნეს რეპუტაციას, ზოგად წესებს და ინსტრუქციებს, მათ შორის თანამშრომლის სახელმძღვანელოთი დადგენილ წესებს. საქმეში წარმოდგენილი სამუშაოს აღწერილობით დგინდება, რომ მოსარჩელის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაზე სრული კონტროლი, ასევე თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი... შპს „ს.ფ–ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცდა კომპანიაში ტრანსპორტის სამსახურის დებულება. დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია: წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე; სამსახურის მუშაობის ეფექტურობასა და ხარისხზე, ფუნქციონალურად სამუშაოს სწორ განაწილებაზე, დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე და მისი კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის ინტერესების დაცვაზე; კომპანიისთვის განზრახ ან დაუდევრობით მიყენებულ ზიანზე; კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვაზე; სამსახურის მატერიალური რესურსების სწორ და ეფექტიან ხარჯვაზე. აღნიშნული დებულების შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიღებული აქვს ი.მ–საც, რაც დასტურდება ბრძანების დანართზე მისი ხელმოწერით (ს.ფ.147-153; ტომი 02). შესაბამისად, აღნიშნული შესასრულებლად სავალდებულო იყო მოსარჩელისათვის.

19. შინაგანაწესისა და სამუშაოს აღწერილობის აღნიშნული დანაწესებიდან, ასევე, მოსარჩელის მიერ დაკავებული სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებელ პირს მის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და მართვაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევას, ამასთან დარღვევა ატარებდა არა ერთეულ, არამედ მრავალჯერად ხასიათს და შეიცავდა უხეში დარღვევის დამახასიათებელ ნიშნებს, რაც თავის მხრივ ამართლებს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ ი.მ–ს სათანადო მტკიცებულება ან არგუმენტი, რომელიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამუშაო აღწერილობის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით (ფაქტების კონსტანტაციის ოქმით) ირკვევა, რომ სამუშაო აღწერილობის დოკუმენტის პროექტი გადაეგზავნა ი.მ–ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ (ს.ფ. 221-222; ტომი 02), რომელსაც ასევე დაევალა სამუშაო აღწერილობების თანამშრომლებისათვის გაცნობა და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურება. გენერალური დირექტორის 17.02.2017 წლის 15-01/105 ბრძანებით დამტკიცებული თანამშრომლის სახელმძღვანელოს მე-11 თავის მიხედვით (ძალაში იყო 2020 წლის 3 იანვრამდე, სანამ ძალაში შევიდოდა გენერალური დირექტორის 16.12.2019 წლის N15-01/748 ბრძანებით დამტკიცებული თანამშრომლის სახელმძღვანელო), თანამშრომელი, რომელიც მართავს სკუტერს და ავტომანქანას და მისი ფუნქციაა საფოსტო გზავნილების ჩაბარება, სადისტრიბუციო და საფელდეგერო საქმიანობის შესრულება, ვალდებულია სამუშაო საათების შემდეგ დატოვოს სატრანსპორტო საშუალება შესაბამის სერვისცენტრში (თუ არ აქვს ხელმძღვანელისგან მიღებული სპეციალური წერილობითი თანხმობა ტრანსპორტის სამსახურთან შეთანხმებით) ან წინასწარ განსაზღვრულ სადგომზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თანამშრომლის სახელმძღვანელოს შესახებ მოსარჩელეს ეცნობა პირადად, რაც 2017 წლის 28 თებერვალს დადასტურებულია მისივე ხელმოწერით (ტ.2, ს.ფ.153). შესაბამისად, თანამშრომლის სახელმძღვანელოს შესასრულებლად სავალდებულო იყო მოსარჩელისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მისთვის უცნობი იყო მისი უფლებამოვალეობები.

21. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობაზე, პალატა განმარტავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა (ას-864-821-2016, 07.03.2017წ.).

22. დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის შესაბამისად, ეკისრება ამ ფაქტზე მიმთითებელ მხარეს - მოსარჩელეს და მან სარჩელის აღძვრისას სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მისი მტკიცების სფეროში შემავალი იმ ხარისხის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანის საჭიროებას წარმოშობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, მოსარჩელე უნდა უთითებდეს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტზე და ეს მითითება სათანადო მტკიცებულებას უნდა ემყარებოდეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. კასატორის მითითება, რომ მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დასტურება სხვა დასაქმებულის მიმართ უფრო მსუბუქი ხასიათის დისციპლინური ღონისძიების გამოყენებით, დამატებითი გარემოებებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე არ არის საკმარისი დამსაქმებლის მიმართ მტკიცების ტვირთის შესაბრუნებლად. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მოსარჩელემ მიუთითოს იმგვარ გარემოებებზე, რომელთა ინდივიდუალური და/ან ერთობლივი ანალიზი (სსსკ-ის 105-ე მუხლი) სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეზიარებინა მისი მტკიცება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დისკრიმინაცია დაედო. სხვა დასაქმებულისათვის უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის შეფარდება თავისთავად არ წარმოადგენს მხარის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის საკმარის საფუძველს. მოსარჩელე უნდა უთითებდეს რა მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო მოხდა მის მიმართ იმგვარი მოპყრობა (გათავისუფლება, სხვა სამუშაოზე გადაყვანა), რომელმაც იგი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. შესაბამისად, ვინაიდან მსგავსი სახის ფაქტებზე მითითება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოსარჩელის პრეტენზია. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კომპარატორ პირთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ტრანსპორტის სამსახურის უფროსს, ხოლო შესადარებელ პირად უთითებს გენერალური დირექტორის მოადგილეს, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ისინი არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირებად.

23. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არამართლზომიერად ვერ შეფასდება დამსაქმებლის ნება - მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობას გამორიცხავს. 24. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის კანონიერების საკითხზე პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს.

25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორებმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, რეფერენსი 1239531, გადახდის თარიღი 04.10.2022) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ი.მ–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, რეფერენსი 1239531, გადახდის თარიღი 04.10.2022) 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე