საქმე №ას-524-2023 03 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ.დ–ძე, ი.ზ–ა, ი.ზ–ა, ლ.ბ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბმა „ქ. ბ.. N? საბინაო-ს.ა–ბა“, ლ.გ–ი, მ.კ–ძე, ს.ო–ძის უფლებამონაცვლეები – შ.ო–ძე, გ.ო–ძე, მ.ო–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქონებაზე საერთო საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.დ–ძემ (შემდგომში – „პირველი მოსარჩელე“), ი.ზ–ამ (შემდგომში – „მეორე მოსარჩელე“), ი.ზ–ამ (შემდგომში – „მესამე მოსარჩელე“) და ლ.ბ–მ (შემდგომში – „მეოთხე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „კერძო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბმა „ქ. ბ–ის N? ს-ს.ა–ბის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „ამხანაგობა“), ლ.გ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), მ.კ–ძისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და ს.ო–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნას ცნობილი ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმი მეორე მოპასუხისათვის 99,80 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. .....), მესამე მოპასუხისათვის 84,21 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. .....) და მეოთხე მოპასუხისათვის 113,70 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. .....) ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და აღნიშნული უძრავი ქონებები აღიარებულ იქნას ამხანაგობის საერთო საკუთრებად.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოსარჩელეები არიან ქ. ბათუმში, ..... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები, შესაბამისად, მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხებათ საცხოვრებელი ბინები. საცხოვრებელი სახლი არის 9 სართულიანი და გააჩნია სამეურნეო დანიშნულების ფართი - სხვენი, რომლითაც მოსარჩელეები სარგებლობდნენ წლების განმავლობაში, როგორც ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ისე კანონის ამოქმედების შემდეგ. ამჟამადაც მოსარჩელეები სარგებლობენ სადავო ფართით და იქ შენახული აქვთ ნივთები;
2.2. მოსარჩელეებმა 2019 წლის ბოლოს მიმართეს ამხანაგობას და მოითხოვეს კრების ჩატარება მათ სარგებლობაში არსებულ სამეურნეო ფართებზე სარგებლობის უფლების დადასტურებისა და 2/3-ის თანხმობით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუმცა ამხანაგობის კრების ჩატარება ვერ მოხერხდა. ამასთან, საჯარო რეესტრიდან მოძიებული დოკუმენტებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმით საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე მცხოვრებ ბინათმესაკუთრეებს საკუთრებაში გადაეცათ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მთლიანი სხვენი;
2.3. ზემოაღნიშნული კრების ოქმი მიღებულია ამხანაგობის წევრების, მათ შორის, იმ წევრების ინფორმირების გარეშე, რომლებიც სარგებლობდნენ სადავო ფართით და სარგებლობას დღესაც აგრძელებენ;
2.4. მოსარჩელეებმა აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესად მიუთითეს, რომ უძრავი ქონება (სხვენი), რომელიც ამჟამად მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაშია რეგისტრირებული, დაბრუნდება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), რის შედეგადაც მოსარჩელეებს, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს, მიეცემათ უფლება, მოითხოვონ შესაბამისი პროცედურების დაცვით სადავო უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
3. მოპასუხეებმა წარგდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, მეოთხე მოპასუხის გარდაცვალების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ - შ.ო–ძე, გ.ო–ძე და მ.ო–ძე (შემდგომში ერთობლივად - „მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეები“).
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა; აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, მეორე და მესამე მოპასუხეების, ასევე, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელი დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის მიხედვით მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს - სხვენზე საკუთრების უფლების დადასტურების განმსაზღვრელი ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა და ამ ქონების ამხანაგობის თანასაკუთრებად აღიარება. მითითებული მოთხოვნა აღიარებითი შინაარსისაა, აღიარებითი სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებამდე, კი სასამართლო ვალდებულია, მისი დასაშვებობა შეამოწმოს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად განიხილა მოპასუხეთა სასარგებლოდ მიღებული სადავო კრების ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა არ შეუფასებია აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით მოსარჩელეები სარჩელში აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მოახდენენ სადავო ფართების ინდივიდუალურ საკუთრებაში დარეგისტრირებას. ამდენად, მოსარჩელეები მათთვის ხელსაყრელი შედეგის მიღწევას - სადავო ფართების საკუთრებაში დარეგისტრირებას, აღიარებითი სარჩელის ფარგლებში ცდილობენ.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამდენად, დასახელებული ნორმით აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით.
12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელით მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი სხვენზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების მოპოვება და რეგისტრაციაა, რაც მხოლოდ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით ვერ მიიღწევა, არ არსებობს ნამდვილი იურიდიული ინტერესი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო კრების ოქმს ბათილად მივიჩნევთ და საზიარო საგანი ამხანაგობის თანასაკუთრებაში დაბრუნდება, ეს შედეგი არ იქნება საკმარისი საშუალება მოსარჩელეთა დასახული მიზნის მისაღწევად, ვინაიდან ამისათვის მოსარჩელემ უნდა აღძრას შესაბამისი მიკუთვნებითი სარჩელი, რომლის მტკიცების საგანს (და არა - სასარჩელო მოთხოვნას) შეიძლება წარმოადგენდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების დროისათვის სადავო ფართზე მისი მფლობელობის ფაქტის დადასტურება. რაკი ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ აღუძრავს, სასამართლო კი, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება (სსსკ-ის 248-ე მუხლი), სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი სარჩელით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2 მუხლით და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში იმავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა არც ეს უკანასკნელი ნორმა შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეს სადავო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქონების თანასაკუთრებად აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რაც მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
14. სააპელაციო პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, იმავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
16. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
16.1. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეებს სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნიათ, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან ამხანაგობის წევრები და, შესაბამისად, მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხებათ საცხოვრებელი ბინები. გარდა ამისა, მოსარჩელეებს სარგებლობაში გააჩნდათ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართი (სხვენი), რომელსაც ისინი ფლობდნენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და შემდგომ 2019 წლამდე;
16.2. 13.04.2011წ. N1 კრების ოქმი შედგენილია ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე არ უცნობებით სადავო ფართებით მოსარგებლე ამხანაგობის წევრებისათვის, რომლებიც ფართებით სარგებლობას 2019 წლამდე აგრძელებდნენ. კრების ოქმი არ გამოხატავს ამხანაგობის წევრების ნამდვილ ნებას. ფაქტობრივად, სადავო კრების ოქმი შედგენილია მე–9 სართულზე მცხოვრები ამხანაგობის წევრების მიერ შეთანხმებით და მალულად;
16.3. სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სადავო კრების ოქმით განიკარგა ის ფართია, რომელიც წარმოადგენდა ამხანაგობის საერთო საკუთრებას და რომელსაც ფლობდნენ მოსარჩელეები. ამ ფართის ამხანაგობის საერთო საკუთრებაში აღრიცხვა ნიშნავს მოსარჩელეებისა და ამხანაგობის დანარჩენი წევრების საერთო საკუთრებაში რეგისტრაციას, რაც მოსარჩელეებს მისცემს შესაძლებლობას გააგრძელონ სადავო ფართით სარგებლობა, ანუ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი სხვენის ფართის საერთო საკუთრებაში აღრიცხვაა. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოახდინონ სხვენის მათ საკუთრებაში რეგისტრაცია, რისი მიღწევაც ფაქტობრივად შესაძლებელია სასამართლოს გარეშე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეებმა წარადგინეს ამხანაგობის წევრების წერილობითი გამოკითხვის ოქმები, რომლითაც დასტურდება მოსარჩელეთა მიერ სადავო სხვენით სარგებლობის ფაქტი. ისინი ასევე უთითებენ, რომ მათვის უცნობი იყო 13.04.2011წ. N1 კრების შესახებ. ანუ, თუ მოსარჩელეების მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს არ გამოიწვევს ახალი დავის წამოწყებას, მოსარჩლეებს აღუდგებათ უფლება საერთო საკუთრებაზე;
16.4. გარდა მე–9 სართულზე მაცხოვრებელი მესაკუთრეებისა, არავინ იცოდა სადავო კრების ოქმის შესახებ. ეს მესაკუთრეები არიან დაინტერესებული პირები, სხვა მესაკუთრეები კი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ მოსარჩელეების მიერ სხვენით სარგებლობის ფაქტს ამხანაგობის შესახებ კანონის ამოქმედებამდე და შემდგომ, 2019 წლამდე. მოსარჩელეთა ნივთები ამ დრომდე დალაგებულია სხვენში. სწორედ ასეთ ვითარებაში განიკარგა სხვენის ფართი;
16.5. კრების ოქმი მიღებულია ამხანაგობის იმჟამინდელი თავმჯდომარის პერიოდში, რომელიც მე–9 სართულზე ცხოვრობდა და რომელსაც იმავე კრების ოქმით გადაეცა სხვენის ფართი. ამასთან, ამჟამინდელი ამხანაგობის თავმჯდომარეც მე–9 სართულზე მცხოვრები პირია და სადავო კრების ოქმით მასაც აქვს მიღებული საკუთრებაში სხვენის ფართი. შესაბამისად, ისინი დაინტერესებული პირები არიან. ფაქტობრივად, სასამართლო პროცესზე ამხანაგობის ამჟამინდელი თავმჯდომარე არ წარმოადგენდა ამხანაგობას, არამედ იცავდა პირად ინტერესებს და სასამართლო პროცესზე იძლეოდა არასწორ განმარტებებს. სადავო კრების ოქმთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში, რისი მტკიცებულებაც წარედგინა სასამართლოს;
16.6. კერძო საჩივრის ავტორმა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, იმავე მუხლის მე-6 პუნქტზე და იმავე კანონის მე-6 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ აღძრული სარჩელი უკავშირდება საკუთრების უფლებას, სადავო კრების ოქმით კი მოსარჩელეებს ეს უფლება უკანონოდ ჩამოერთვათ, შესაბამისად, მათი იურიდიული ინტერესია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა და თანამესაკუთრედ რეგისტრაცია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
21. წინამდებარე საქმეში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ამხანაგობის 13.04.2011წ. N1 კრების ოქმის ბათილად ცნობა მესამე მოპასუხისათვის 84,21 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ........), მეორე მოპასუხისათვის 99,80 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ...) და მეოთხე მოპასუხისათვის 113,70 კვ.მ სხვენის ფართის (ს.კ. ......) ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და აღნიშნული უძრავი ქონებების ამხანაგობის საერთო საკუთრებად აღიარება. მოსარჩელეები აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ უძრავი ქონების (სხვენის) ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევაში, მათ, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს, მიეცემათ უფლება, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვონ სადავო უძრავი ქონების მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია, რისი მიღწევაც ფაქტობრივად შესაძლებელია სასამართლოს გარეშე.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, წინამდებარე დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა სწორედ აღნიშნული კანონის დებულებების ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს. აღნიშნული კანონის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (იხ. სუსგ საქმე Nას-17-14-2015, 01 ივლისი, 2015 წელი).
23. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
24. იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
25. ამდენად, იმის მიხედვით საერთო საკუთრებაშია თუ ფაქტობრივ მფლობელობაში სადავო სამეურნეო სათავსები (სხვენი), შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას. შესაბამისად, სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად საკმარისია ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც.
26. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო სხვენი მათ მფლობელობაში იყო წლების განმავლობაში, როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ისე კანონის ამოქმედების შემდეგ. ამჟამადაც ისინი სარგებლობენ სადავო ფართით და იქ შენახული აქვთ ნივთები. შესაბამისად, მათ აქვთ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისაგან მფლობელობის ფაქტობრივი მდგომარეობის დადასტურების უფლება. მოსარჩელეები ასევე უთითებენ, რომ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა და სხვენის ამხანაგობის საერთო საკუთრებაში დაბრუნება მათ, როგორც ამ სხვენის ფაქტობრივ მფლობელებს, საშუალებას მისცემს მიმართონ ამხანაგობას მფლობელობის ფაქტობრივი მდგომარეობის დადასტურების მოთხოვნით, რაც ამ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს დავის მიმართ გააჩნიათ შესაბამისი იურიდიული ინტერესი. ამასთან, თუ ისინი ვერ დაადასტურებენ სადავო სხვენის ფაქტობრივ მფლობელობას, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და არა სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.დ–ძის, ი.ზ–ას, ი.ზ–ას და ლ.ბ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება და მ.დ–ძის, ი.ზ–ას, ი.ზ–ას და ლ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი