საქმე №ას-592-2023 10 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ხ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ ნების გამოვლენის ბათილად ცნობა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ.ხ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ ნების გამოვლენის ბათილად ცნობა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება, ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. ზემოაღნიშნულ საოქმო განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის საოქმო განჩინება.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით ბ.ხ–იას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სსსკ-ის 391.11 მუხლის შესაბამისად, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
10. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს თ.კ–ძეს (იხ. მინდობილობა ს.ფ 117-118) გაეგზავნა 2023 წლის 24 მაისსა და 2 ივნისს, თუმცა ადრესატისათვის გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება თ.კ–ძეს გაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე - teokiladze85@gmail.com და ჩაბარდა 2023 წლის 12 ივნისს.
11. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით დადგენილი ხარვეზი დღემდე არ შეუვსია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2023 წლის 12 ივნისს ჩაბარდა.
15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 13 ივნისს და ამავე წლის 19 ივნისს ამოიწურა. კასატორს დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
18. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ. სუსგ საქმე №275-2022, 14 მარტი 2022 წელი).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.ხ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე