საქმე №ას-707-2021 06 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ე.გ–ვა, მ.გ–ვა, ბ.გ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ვა (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.გ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.გ–ვას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“), მ.გ–ვას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) და ბ.გ–ვას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“), ასევე, მესამე პირის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის (შემდგომში - „მესამე პირი“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......., ს.კ. ......., თანამესაკუთრედ ცნობა (კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 06.02.2018წ. N892018037748-08 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა და მოპასუხეთა საკუთრების/თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოსარჩელის საკუთრების/თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია).
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. მოპასუხეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2020 წლის 21 ივლისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა მოსარჩელის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......., ს.კ. ...... (კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 06.02.2018წ. N892018037748-08 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და მოპასუხეთა საკუთრების /თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად განხორციელდა მოსარჩელის საკუთრების/თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია).
4. რაიონული სასამართლოს მითითებით, 2020 წლის 21 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხეთა წარმომადგენელი, ნ.დ–ძე, რომელსაც საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2020 წლის 02 ივლისს, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
5. რაიონულმა სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე გაიზარდა და 2000 წლამდე უწყვეტად ცხოვრობდა ხელვაჩაურში, სოფელ ......., მის მშობლებთან და ძმასთან ერთად; ოჯახში ცხოვრობდნენ მისი მშობლები, ძმა (პირველი მოპასუხე) და თვითონ; 1993 წლისთვის მოსარჩელე წარმოადგენდა კომლის წევრს; მან ძირითადი საცხოვრებელი სახლის გვერდით დაიწყო ახალი შენობა-ნაგებობის (პირადი საცხოვრებელი სახლის) მშენებლობა, რომელიც არ არის დასრულებული; იგი 2000 წლამდე ძირითადად ცხოვრობდა მშობლების საცხოვრებელ სახლში.
6. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირად შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო - სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეჟიმი.
7. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები და სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
8. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
9. საჩივრის ავტორთა განმარტებით, 2020 წლის 02 ივლისს მოპასუხეთა წარმომადგენელს, ნ.დ–ძეს სასამართლოს კურიერმა სატელეფონო შეტყობინებით აცნობა სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე, თუმცა მისთვის არ განუმარტავს, რომ მას აღნიშნულის თაობაზე მისი მარწმუნებლებისთვის უნდა ეცნობებინა. საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, სასამართლო სხდომის თარიღი აცნობოს როგორც მხარეებს, ისე მათ წარმომადგენლებს. ამდენად, მოპასუხეებისათვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, სხვა შემთხვევაში ისინი სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდებოდნენ, ხოლო წარმომადგენელი 2020 წლის 21 ივლისს იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ სავალდებულო ტრენინგზე. გარდა ამისა, სასამართლოს არ განუმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია უწყებაში მიუთითოს, ხოლო სატელეფონო შეტყობინების დროს განუმარტოს მხარეს გამოუცხადებლობის შედეგები და ამ უკანასკნელის ვალდებულება, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მხარე საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად გაფრთხილებულად ვერ ჩაითვლება.
10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
11. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არც საჩივრის ავტორები უარყოფენ, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხეთა წარმომადგენელი გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. წინა სხდომებისაგან განსხვავებით, მან სასამართლოს არ აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზი. გარდა ამისა, ის, როგორც წარმომადგენელი, ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა მხარისათვის ან სასამართლოსათვის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. იმის გასარკვევად, ხომ არ არსებობდა გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი, სასამართლო სხდომა დანიშნულ დროზე 20 წუთით დაგვიანებით დაიწყო და მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო მანამდეც არაერთხელ გადაიდო სასამართლო სხდომა, თუმცა იმ შემთხვევებში მათ პროცესის დაწყებამდე აცნობეს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.
12. რაიონულმა სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. მხოლოდ მათი განმარტება, რომ იმავე დღეს წარმომადგენელი მიწვეული იყო ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ სავალდებულო ტრენინგზე, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
13. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა შემდეგი: დადგენილია, რომ აპელანტი მხარე საჩივარშიც და სააპელაციო საჩივარშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ იყვნენ მიწვეულები. ამასთან, მხარის წარმომადგენელს გააჩნდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ის იმყოფებოდა სავალდებულო ტრენინგზე, თუმცა აპელანტებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არც საჩივრის განხილვის და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარუდგენიათ.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ივლისს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ 2020 წლის 02 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მოპასუხეთა წარმომადგენელს (იხ. ტ. 2, ს. ფ. 270), შესაბამისად, სსსკ–ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება. დადგენილია ასევე, რომ 2020 წლის 21 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები და მათი წარმომადგენელი ნ.დ–ძე. მოპასუხეებს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებიათ. ამასთან, აპელანტებმა სსსკ–ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება და სასამართლოს ვერ წარუდგინეს მხარის/წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩია აპელანტების მტკიცება, რომ ისინი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილან გაფრთხილებულები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.
18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე, 123.1, 125-ე მუხლების, ასევე, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 22.09.92წ. №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993წ. №29 დეკრეტის საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 241-ე, 240.2 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
21. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
21.1. სასამართლომ უგულებელყო მოპასუხეთა საკუთრების უფლება და არასწორად მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის უწყვეტად ცხოვრება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......... მშობლებთან და ძმასთან ერთად, მაშინ, როდესაც საკომლო ამონაწერში ნათლად არის მითითებული, რომ იგი 1986 წლიდან ამოეწერა კომლიდან და ჩაეწერა ბათუმში. მოსარჩელე საცხოვრებლად წავიდა ბათუმში და 1986 წლიდან დღემდე იქ ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მოპასუხეები არიან სადავო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები და დღემდე უწყვეტად ფლობენ და სარგებლობენ უძრავი ქონებით;
21.2. მოსარჩელის მშობლებს მისთვის არანაირი საზღვრები არ გაუმიჯნიათ და 1990 წლიდან მას არანაირი სახლის მშენებლობა არ დაუწყია. მოსარჩელეს 1986 წლიდან დღემდე, როგორც კომლის წევრს და ოჯახის წევრს, ერთი ღამეც არ უცხოვრია მშობლების ოჯახში. ის მშობლებთან სტუმრად დადიოდა, თუმცა მშობლების სიცოცხლეში ქონების გაყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია. მას პრეტენზია გაუჩნდა მხოლოდ მშობლების გარდაცვალების შემდეგ;
21.3. მოსარჩელეს მის ძმასთან არ ჰქონია საუბარი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე და შემდეგ მის გამიჯვნაზე. პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის პრეტენზიის თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ სარჩელის ჩაბარების შემდეგ, როდესაც პირველი მოპასუხის კომლს უკვე კანონიერად ჰქონდა რეგისტრირებული და ფლობდა უძრავ ქონებას;
21.4. სასამართლოს მოპასუხეებისათვის არ უცნობებია სასამართლო სხდომის დანიშვის თაობაზე, მათ უწყება არც წერილობით და არც სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარებიათ. ასევე მათთვის სასამართლოს არ განუმარტავს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები;
21.5. სასამართლოს მოხელეს არც მოპასუხეთა წარმომადგენელი გაუფრთხილებია, რომ მოპასუხეთა ინფორმირებას არ მოახდენდა და მას ევალებოდა მხარის გაფრთხილება, ხოლო გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ უწყებაში მითითებული უნდა იყოს მხარის გამოუცხადებლობის შედეგებზე.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.
25. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი [დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის] განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს აღნიშნული ნორმით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. დასახელებულ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, ის უნდა გაუქმდეს.
28. მოცემულ შემთხვევაში კასატორები დავობენ, რომ მათ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობათ 2020 წლის 21 ივლისს გამართული სასამართლო სხდომის შესახებ (სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). კერძოდ, ისინი მიუთითებენ სასამართლო უწყების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების დარღვევით ჩაბარებაზე. კასატორების მტკიცებით, მათ უწყება საერთოდ არ ჩაბარებიათ, ხოლო სატელეფონო შეტყობინებით უწყების ჩაბარებისას სასამართლომ მოპასუხეთა წარმომადგენელს არ აცნობა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები, ასევე ის, რომ იგი ვალდებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მარწმუნებლებისთვის ეცნობებინა.
29. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე [მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს] და აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყების მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარება უწყების მხარისათვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ აცნობა მოპასუხეთა უფლებამოსილ წარმომადგენელს, მას აღარ ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე დამატებით მოპასუხეთათვის შეტყობინების ვალდებულება.
30. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ მიწვეულები 2020 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე და იზიარებს კასატორების პრეტენზიას აღნიშნულ სხდომაზე მათი კანონის დარღვევით მიწვევის თაობაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით ამომწურავად არის განსაზღვრულია, რა რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს უწყება მხარისათვის ტექნიკური საშუალებით, მათ შორის ტელეფონით ჩაბარების შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ უწყება არ პასუხობს დასახელებულ ნორმის მოთხოვნებს და მხარის მიმართ გამოიტანება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
33. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარისა და ადვოკატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ნორმის განმარტება იმგვარად, რომ ადვოკატმა ისედაც იცის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები და აღარ უნდა ეცნობოს, არ არის მართებული. საპროცესო ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორია იმიტომაც, რომ ის მძიმე ტვირთად დააწვებოდა თავად მხარეს. მხარეებს, ისევე, როგორც მათ წარმომადგენლებს, უწყება უნდა ჩაჰბარდეთ დადგენილი ფორმით, რა დროსაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს რამდენად სწორად არის წერილობითი ფორმით შედგენილი თუ ტელეფონით გადაცემული უწყება ჩაბარებული, ანუ რამდენად შეესაბამება უწყების შინაარსი სსსკ-ის 72.1 მუხლის მოთხოვნებს. რამდენადაც, პროცედურული წესები მოდავე მხარეთათვის თანაბარ უფლება-ვალდებულებებს ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ მათი ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია, რაც ნორმის განსაკუთრებით მკაცრ ინტერპრეტაციად არ უნდა შეფასდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-930-888-2013, 19 ივნისი, 2015 წელი; №ას-1188-1148-2016, 24 ივლისი, 2017 წელი).
34. ამგვარი მიდგომა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. საქმეში „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72) (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტლება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი №30459/13).
35. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელს, ნ.დ–ძეს 2020 წლის 02 ივლისს, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2020 წლის 21 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 270-272). ტელეფონით სასამათლოში დაბარების შესახებ 02.07.2020წ. აქტის თანახმად, ადრესატს ეცნობა უწყების შინაარსი და განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ტ. 2, ს.ფ. 270), თუმცა საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებში არსებული 02.07.2020წ. აქტის აუდიოვერსიის (იხ. CD დისკი, ტ. 2, ს.ფ. 295) მოსმენის შედეგად, დასტურდება, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელს სასამართლო უწყების შინაარსი არ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, მას ეცნობა მხოლოდ სასამართლოს სახელწოდება, საქმის დასახელება და სასამართლო სხდომის თარიღი და დრო, სასამართლოს შესაბამის მოხელეს მოპასუხეთა წარმომადგენლისთვის არ უცნობებია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები და ასევე უწყების შინაარსის მარწმუნებლებისათვის შეტყობინების ვალდებულება.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეები არ იყვნენ სათანადო წესით ინფორმირებული 2020 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომის შესახებ, მოპასუხეებს (მათ წარმომადგენელს) უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც იმავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
38. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
40. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.გ–ვას, მ.გ–ვას და ბ.გ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი