ბს-184-8-გ-03 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილების საფუძველზე, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა მ. ჭ.-ისა და გ. შ.-ის კერძო საჩივრების განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური გაერთიანება ნაციონალური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარე გ. შ.-მ 2003წ. 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ...-ს საბაჟო ტერმინალ 1-ში შევიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ფიზიკურ პირ მ. ჭ.-ის სახელზე გამოგზავნილი 17000 ევროს ღირებულების 12 ტ ტვირთი, რომელიც წარმოადგენდა “...” ლიტერატურას და განკუთვნილი იყო საქართველოს მოსახლეობაში გასავრცელებლად. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განზრახული ჰქონდა სარჩელის აღძვრა სასამართლოში და მოითხოვდა სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სასამართლოს ყადაღა დაედო აღნიშნულ ტვირთზე და აეკრძალა საბაჟო ორგანოსათვის განბაჟებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და დაედო ყადაღა ...-ს საბაჟო ტერმინალ I-ში არსებულ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მ. ჭ.-ის სახელზე გამოგზავნილ 12 ტ ტვირთს და აეკრძალა საბაჟო სამსახურს აღნიშნული ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2003წ. 13 ოქტომბერს მ. ჭ.-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, სასამართლოს გ. შ.-ისათვის განესაზღვრა ვადა სარჩელის შეტანისათვის და დაევალებინა განმცხადებლისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოს დეპოზიტზე შეეტანა 50000 ლარი.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ოქტომბრის განჩინებით გ. შ.-ს სარჩელის შეტანისათვის განესაზღვრა ერთი კვირის (7 დღე) ვადა და დაევალა წარედგინა სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის უზრუნველსაყოფად 10 ათასი ლარი ან თანხის ღირებულების ნივთი.
რაიონული სასამართლოს 10 ოქტომბრის განჩინებაზე სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ კერძო საჩივარი შეიტანა მ. ჭ.-მ, ხოლო 15 ოქტომბრის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების შესახებ კერძო საჩივარი წარადგინა გ. შ.-მ.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 15 ოქტომბრის გარჩინებით გ. ჭ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში. სასამართლოს 2003წ. 24 ოქტომბრის განჩინებით ასევე დაუშვებლად იქნა მიჩნეული გ. შ.-ის კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური ორგანიზაციის – ნაციონალური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარე გ. შ.-მ 2003წ. 21 ოქტომბერს სარჩელი წარადგინა სასამართლოში მოპასუხეების: შპს “მ.-ო” _ “ვ.-ისა’’ და მ. ჭ.-ის მიმართ და მოითხოვა საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჭ.-ისა და გ. შ.-ის კერძო საჩივრები განსჯადობით განსახილველად ექვემდებარებოდა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას. რადგან სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და სასარჩელო განცხადებით დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხეებისათვის საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა და მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას განსახილველი კერძო საჩივრის განსჯადობის თაობაზე და სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად საქმის მასალები გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 191-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუველყოფის ღონისძიების მიზანია საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ეს მიზანი ნათლადაა გამოკვეთილი კანონში, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა “გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას’’. ამრიგად, სარჩელის უზრუნველყოფა ესაა სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხის მიერ თავის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით.
სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, პოლიტიკური ორგანიზაციის – ნაციონალური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარის, გ. შ.-ის, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ფიზიკური პირის – მ. ჭ.-ისათვის და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის შპს “მ.-ო” _ “ვ.-სათვის’’ სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობა, რომელიც სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს.
პალატის აზრით, არ უნდა იქნეს გაზიარებული საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრულია არა დავის სუბიექტები, არამედ კანონმდებლობა, რომლითაც უნდა მოწესრიგდეს იგი. პალატის აზრით, განსჯადობის გადასაწყვეტად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც განსახილველ დავაში მონაწილე სუბიექტები, ისე სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა. განსახილველ შემთხვევაში საქმის არც ერთი მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე) არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელთა მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში დავას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად გადააქცევდა. ასევე, დავის გადაწყვეტისას არ უნდა იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციული კანონმდებლობა, რადგან მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს სკ-ის 170-ე და 18.6-ე მუხლებზე, რის გამოც განსახილველი საქმე კერძო სამართლებრივი ნორმებით რეგულირებულ ურთიერთობას წარმოადგენს და იგი განხილულ უნდა იქნეს ერთ სამართლებრივ სივრცეში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით. ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საბაჟო ორგანოს აეკრძალა მ. ჭ.-ის კუთვნილი ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, პალატის აზრით, არ ცვლის განსახილველი საქმის განსჯადობას, რადგან წარდგენილი სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს საბაჟოს მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია და, შესაბამისად, მოპასუხედაც არ ჰყავს დასახელებული. პალატას მიაჩნია, რომ საბაჟოს ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების აკრძალვა არ ცვლის განსახილველი დავის განსჯადობას და იგი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერების თაობაზე შეტანილი კერძო საჩივრის განხილვისას უნდა იქნეს შეფასებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ჭ.-ისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, პოლიტიკური ორგანიზაციის – ნაციონალური მოძრაობა “ენა, მამული სარწმუნოების” თავმჯდომარის, გ. შ.-ის, კერძო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჭ.-ისა და საქართველოს პარლამენტის წევრის პოლიტიკური ორგანიზაცია – ნაციონალური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარის, გ. შ.-ის, კერძო საჩივრები განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. განჩინების თაობაზე ეცნობოს მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.