Facebook Twitter

საქმე №ა-3607-შ-91-2023 5 ივლისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ს.ფ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ფ.ს.ბ–ოს

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – კაიროს სააპელაციო სასამართლოს პერსონალური სტატუსის დეპარტამენტის (22) 2022 წლის 14 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კაიროს სააპელაციო სასამართლოს პერსონალური სტატუსის დეპარტამენტის (22) 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით ცვლილება შევიდა მამის (ი.ფ.ს.ბ–ოს) მიერ შვილის (ე. ი.ფ.ს.ბ–ოს) ნახვის საათებში. კერძოდ, ვიზიტის დრო შეიცვალა და განისაზღვრა დილის 10 საათიდან შუადღის პირველ საათამდე.

2. მ.ს.ფ.ა.ის წარმომადგენელმა მ.ა–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა კაიროს სააპელაციო სასამართლოს პერსონალური სტატუსის დეპარტამენტის (22) 2022 წლის 14 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. წარმოდგენილ შუამდგომლობაში მ.ა–მა ი.ფ.ს.ბ–ოს მისამართისა და პერსონალური ინფორმაციის დადგენის მიზნით, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-7 განყოფილებიდან საქმის მასალების გამოთხოვა.

4. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა კაიროს სააპელაციო სასამართლოს პერსონალური სტატუსის დეპარტამენტის (22) 2022 წლის 14 ივნისის განჩინების ცნობა-აღსრულებამდე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, იმისათვის რომ ი.ფ.ს.ბ–ოს აეკრძალოს შვილის - ე. ი.ფ.ს.ბ–ოს გაყვანა როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოდან. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი ასაბუთებს იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არაერთხელ დატოვა ეგვიპტის საზღვარი შვილთან ერთად ბავშვის დედის ინფორმირების გარეშე, იგი კაიროს სასამართლოს მიერ ცნობილია დამნაშავედ შვილის გატაცებაში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მამის მიერ შვილთან ერთად საქართველოს დატოვების შემთხვევაში გართულდება ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენა.

5. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა დროებითი განკარგულების გამოტანა და დედის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ.ს.ფ.ა.ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ. ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009. გვ. 55). უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ. (იხ. სუსგ. საქმე Nა-3272-შ-78-2020; 20/12/2021).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.

სასამართლოში მოთხოვნის წარდგენისას იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით (იხ. სუსგ საქმე Nა-5646-შ-168-2019, 27/12/2019). შუამდგომლობის განსახილველად მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი: მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით]. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს კაიროს სააპელაციო სასამართლოს პერსონალური სტატუსის დეპარტამენტის (22) 2022 წლის 14 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას, თუმცა ვერ ასაბუთებს აღნიშნული განჩინების ცნობისა და აღსრულების რა იურიდიული ინტერესი გააჩნია და რა სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავს იგი მიზნად. კერძოდ, როგორც შუამდგომლობის შინაარსიდან ირკვევა, განჩინების ცნობა-აღსრულების მიმართ დედის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვი დაბრუნდეს მის საცხოვრებელ ადგილას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული განჩინებით არ მომხდარა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, არამედ განხორციელდა ცვლილება მამის მიერ შვილის ნახვის საათებში. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ინტერესი შეიძლება გააჩნდეს ბავშვის მამას, რადგან, გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიღებულია მამის მოთხოვნის საფუძველზე და სწორედ მის ინტერესებში შედის ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება (შედ., იხ., სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29/07/2016, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მამის შუამდგომლობა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარას მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე). აქედან გამომდინარე, განჩინების ცნობის შემთხვევაშიც ვერ მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რასაც დედა ისახავს მიზნად. სასამართლო შუამდგომლობის ავტორს დამატებით განუმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ უზენაესი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26/10/2015). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29/07/2016; №ა-1700-შ-42-2019, 07 /10/2019). მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ მამამ გაიტაცა მისი შვილი ეგვიპტიდან და დედის ნებართვის გარეშე კანონსაწინააღმდეგოდ ჩამოიყვანა საქართველოში. დედას არ აქვს ინფორმაცია მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ და ვერ ახერხებს მის ნახვას. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან აღნიშნული განჩინება მიღებულია მხოლოდ მამა-შვილის ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განჩინების ცნობა-აღსრულების ფარგლებში გასცდეს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს და განახორციელოს ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რომლის თაობაზეც საცნობი განჩინებით მსჯელობა არ ყოფილა. საქართველოს უზენაესი სასამართლო შედარებისათვის შუამდგომლობის ავტორს მიუთითებს თავის 2023 წლის 30 მარტის განჩინებაზე საქმეზე Nა-641-შ-19-2023. აღნიშნული განჩინებით ცნობილ იქნა და აღსრულებას დაექვემდებარა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება N2-66/2022, რომლითაც დედის სარჩელი მამისათვის არასრულწლოვან შვილებთან მიმართებით მშობლის უფლებების შეზღუდვისა და არასრულწლოვანი შვილების მამისაგან აღსაზრდელად დედისათვის გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული სარჩელი დედამ აღძრა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რუსეთის ფედერაციაში, იმის გამო, რომ მამამ ბავშვები რუსეთიდან, ბელარუსის გავლით, საქართველოში არალეგალურად წამოიყვანა. სარჩელის განხილვისას რუსეთის ფედერაციის სასამართლომ, საოჯახო კოდექსის საფუძველზე, აღნიშნა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის წესის ან მისი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე სასამართლოს მანამდე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა პირველ რიგში მიანიშნებს მშობლის მოქმედებაზე ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთან, აღნიშნული ქმედება ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, ანუ საფრთხის შემცველია ბავშვისათვის და სხვა არაფერია თუ არა მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მამის ქმედებაზე, რომელიც ხელს უშლიდა ბავშვების დედას მშობლის უფლების განხორციელებაში. ბავშვების ადგილსამყოფელის დამალვისა და მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების გამო, სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია მამისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა და ბავშვების აღსაზრდელად დედისათვის გადაცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის წინააღმდეგ არასრულწლოვნების ჩამორთმევისა და დედისათვის გადაცემის, ბავშვების მამისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის უფლება არასრულწლოვნების მიმართ. ასევე ჩამოერთვა არასრულწლოვნები და აღსაზრდელად გადაეცა მოსარჩელეს. ბავშვების დედამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველო არის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის წევრი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII2 თავით განსაზღვრულია არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის პროცედურა. შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ ეგვიპტე არ არის ჰააგის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, არ ზღუდავს მას, რომ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სარჩელი შეიტანოს საქართველოს სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3519.2 მუხლის შესაბამისად, არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს პირველი ინსტანციით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. XLII2 თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს; ხოლო 35110 მუხლის შესაბამისად - თუ წარდგენილია განმცხადებლის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობები: ა) ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; ბ) ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე; დ) ნებისმიერი სხვა ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელსაც განმცხადებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35111.1 მუხლის თანახმად, იმ ფაქტის დადგენისას, არამართლზომიერად იყო თუ არა გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი, სარჩელის მიმღებ სასამართლოს შეუძლია უშუალოდ იხელმძღვანელოს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით, ამ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და მესამე სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა ეს გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს მიერ, ისე, რომ არ მიმართოს სპეციალურ პროცედურებს, რომლებსაც იგი სხვა შემთხვევაში ამგვარი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისათვის/დადასტურებისათვის/ცნობისათვის გამოიყენებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორი კანონით დადგენილი წესით ვერ ასაბუთებს საქართველოს ტერიტორიაზე კაიროს სააპელაციო სასამართლოს პერსონალური სტატუსის დეპარტამენტის (22) 2022 წლის 14 ივნისის განჩინების ცნობის შესახებ განცხადების იურიდიული ინტერესის არსებობას, არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გამოთხოვის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და დროებითი განკარგულების გამოცემის საფუძვლები. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული თარგმანით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს გადაწყვეტილების დედანთან.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ შუამდგომლობაზე თანდართული საცნობი განჩინების თარგმანი გაუმართავია. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის განჩინების როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის გარკვევა თარგმანის გაუმართაობის გამო შეუძლებელია. აღნიშნული კი წარმოადგენს მოთხოვნილი დოკუმენტის აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებას, რამდენადაც აღსრულება ხორციელდება სწორედ სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი 180-ე, 186-ე, 187-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ს.ფ.ა.ის შუამდგომლობა კაიროს სააპელაციო სასამართლოს პერსონალური სტატუსის დეპარტამენტის (22) 2022 წლის 14 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. მ.ს.ფ.ა–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-7 განყოფილებიდან ი.ფ.ს.ბ–ოს შესახებ დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე დარჩეს განუხილველი;

3. მ.ს.ფ.ა.ის წარმომადგენლის შუამდგომლობები უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დარჩეს განუხილველი;

4. მ.ს.ფ.ა–ს (პასპორტი …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.ა–ის (პ/ნ ......) მიერ 2023 წლის 3 ივლისს N9270 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი;

5. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი