საქმე №ას-880-2023 12 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ.დ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „პ.ბ.ს–ომ“ (შემდგომ – მოსარჩელე) საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „დავების განმხილველ ცენტრში“ გ.დ–ძის (პირადი №.....) - (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
განმცხადებლის მოთხოვნა:
2. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული 900 კვ.მ უძრავი ნივთის - მდებარე; რაიონი საჩხერე, სოფელი ...., ს.კ.-.....35 - გასხვისხება და უფლებრივად დატვირთვა.( იხ. ს.ფ. 2-7).
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მოთხოვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (იხ. ს.ფ. 37-39).
განმცხადებლის მოთხოვნა:
4. 2023 წლის 03 მაისს სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა გ.დ–ძემ (პირადი №.......) (შემდგომ - განმცხადებელი) და მოითხოვა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
5. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თავადაც და მისი შვილიც ატარებენ ერთი და იმავე სახელსა და გვარს. მისი პირადი ნომერია ....., ხოლო მისი შვილის - მოპასუხის პირადი ნომერია ....... სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა შეცდომით, სააპელაციო პალატამ არ მიაქცია ყურადღება, რომ მოპასუხე და განმცხადებელი სხვადასხვა პირები არიან, ხოლო უძრავ ქონება, რომელსაც შეეხო აკრძალვა, მოპასუხის საკუთრებაში არ იმყოფება. განმცხადებელი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით შეიზღუდა განმცხადებლის კანონიერი უფლებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება და მის საფუძველზე განმცხადებლის კუთვნილ ქონებაზე დადგენილი აკრძალვა, უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილით, 35618 მუხლის მეორე ნაწილით, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 372-ე მუხლით და დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
8. სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი მოწმობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მოპასუხეს. განცხადებაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხედ მითითებულია გ.დ–ძე (პ/ნ ....) და სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებაც გაფორმებულია მოსარჩელე ბანკსა და მოპასუხეს შორის. ამდენად, საჩივრის ავტორი გ.დ–ძე (პ/ნ ......) არ წარმოადგენს მოცემულ დავაში მოპასუხეს - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაიგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
9. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გ.დ–ძეს (პ/ნ ....) შეუძლია განცხადებით მიმართოს სააპელაციო სასამართლოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.( იხ. ს.ფ.57).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის XXIII თავი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესსა და პირობებს. სარჩელი უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ განცხადებით უნდა მიმართოს სასამართლოს.
12. სსსკ-ის 191-ე მუხლი ადგენს ამგვარი განცხადების დასაშვებობის შემოწმების პროცედურას, კერძოდ, დასახელებული ნორმის მეორე და მესამე ნაწილის თანახმად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. ამდენად, კანონმდებელი ავალებს სასამართლოს, შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის განცხადება სსსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. კანონის მითითებული დანაწესის მიზანია, გარკვეულ საკითხზე ნების გამოვლენისას ნება განიმარტოს არა მარტოოდენ ფორმალური თვალსაზრისით, არამედ შეფასდეს, რა მიზნის მიღწევა ჰქონდა განზრახული პირს კონკრეტული ნების გამოვლენით.
15. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარადგინა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაასათაურა, როგორც საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე, თუმცა საკასაციო პალატას გონივრული განსჯის შედეგად მიაჩნია, რომ თავისი შინაარსით აღნიშნული საჩივარი წარმოადგენს განცხადებას მოპასუხის ნაცვლად განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.51) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას შეცდომის დაშვება განაპირობა იმან, რომ როგორც განმცხადელი, ასევე მოპასუხე ატარებენ ერთსა და იმავე სახელსა და გვარს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ აკრძალვა დაადგინა არა მოვალის, არამედ მისი მოსახელე განმცხადებლის კუთვნილი უძრავი ქონების მიმართ, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებული ფულადი სამართალურთიერთობის მონაწილე არ არის.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წინამდებარე განცხადების სამართლებრივი შინაარსი არასათანადოდ შეაფასა, როდესაც განმცხადებლის განცხადება, როგორც საჩივარი, დაუშვებლად ცნო.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ გ.დ–ძის (პ/ნ .......) განცხადების დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ გ.დ–ძის (პ/ნ ........) განცხადების დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
თამარ ზამბახიძე