საქმე №ა-2478-შ-68-2023 13 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ვა (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ავსტრიის რესპუბლიკის, ქ. ვენის შიდა ქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ავსტრიის რესპუბლიკის, ქ. ვენის შიდა ქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ჭ–ძესა და ლ.გ–ვას შორის, საქართველოში, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში 2014 წლის 8 ოქტომბერს, რეგისტრირებული ქორწინება #01141019159 შეწყდა.
2. 2023 წლის 11 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ჭ–ძის წარმომადგენელმა ს.ა–ძემ და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით ნ.ჭ–ძეს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა კანონის შესაბამისად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ს.ა–ძე ნ.ჭ–ძის უფლებამოსილი წარმომადგენელია.
5. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
6. შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა ს.ა–ძეს 2023 წლის 24 მაისს. ნ.ჭ–ძის რეკვიზიტები შუამდგომლობაში მითითებული არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ.ჭ–ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის, ქ. ვენის შიდა ქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ჭ–ძის წარმომადგენლმა ს.ა–ძემ და მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის, ქ. ვენის შიდა ქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით ნ.ჭ–ძეს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა კანონის შესაბამისად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ს.ა–ძე ნ.ჭ–ძის უფლებამოსილი წარმომადგენელია. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
10. შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა ს.ა–ძეს 2023 წლის 24 მაისს. ნ.ჭ–ძის რეკვიზიტები შუამდგომლობაში მითითებული არ ყოფილა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 25 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 23 ივნისს.
12. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ჭ–ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის, ქ. ვენის შიდა ქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის უფლებამოსილია იმავე შუამდგომლობით კვლავ მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჭ–ძის შუამდგომლობა, ავსტრიის რესპუბლიკის, ქ. ვენის შიდა ქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი