22 ნოემბერი, 2022 წელი №ას-682-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ბ.ქ–ძე, ზ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „მ.გ.“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „მ.გ“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ბ. და ზ.ქ–ძეების მიმართ, საშუამავლო მომსახურების თანხის - 9300 ლარის და პირგასამტეხლოს - 780 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ შეგეგებული სარჩელი აღძრეს შ.პ.ს. „მ.გ.“-ს მიმართ, 6000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „მ.გ.“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. და ზ.ქ–ძეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 9300 ლარის და პირგასამტეხლოს - 780 ლარის გადახდა დაეკისრათ. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბ. და ზ.ქ–ძეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა შემდეგზე:
5.1. 2018 წლის 30 ნოემბერს შ.პ.ს. „მ.გ.“-სა და ბ.ქ–ძეს შორის მესაკუთრესთან ქონების გაქირავების თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი ავალებდა, ხოლო შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას დამკვეთის შეკვეთის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ, განეხორციელებინა დამკვეთის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ ინფორმაციის განთავსება მის კუთვნილ ვებ. გვერდზე www.makler.ge (და ყველა მის ხელთ არსებულ სარეკლამო გამოცემებში), რომლის მიზანიც იყო, მესამე პირის აღნიშნული განცხადებებით დაინტერესება (ხოლო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში - ფართის ქირავნობა), აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, შემდეგი პირობები: თუ შემსრულებლის საშუალებით შემსრულებლის ბროკერების მიერ განხორციელდებოდა ფართის მესამე პირის მიერ ქირავნობა, შემსრულებელი მიიღებდა საკომისიოს დამკვეთისგან მთლიანი ქირავნობის საკონტრაქტო ღირებულების 8,5%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ქირის ოდენობისა (დღგ-ს გარეშე); ხელშეკრულება მოქმედებდა უვადოდ ფართის გაქირავებამდე და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებამდე; მომსახურების საკომისიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, გადაუხდელობის შემთხვევაში, დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მომსახურების საკომისიოს 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.2. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ შ.პ.ს. „მ.გ.“-სთან ურთიერთობას აწარმოებდა ბ.ქ–ძის წარმომადგენელი - ზ.ქ–ძე, უშუალოდ შ.პ.ს. „მ.გ.“-ს კი, ბროკერი - მ.ვ–ძე წარმოადგენდა.
5.3. 2018 წლის 30 ნოემბრის „ქონების გაქირავების შესახებ თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, შ.პ.ს. „მ. გე“-მ (წარმომადგენელი მ.ვ–ძე) აწარმოა მოლაპარაკებები ბ.ქ–ძესა და შ.პ.ს. „ქ–ს“ (პოტენციურ დამქირავებელს) შორის ......... ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ № ........) იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
5.4. 2020 წლის 20 ივლისს ბ. და ზ.ქ–ძეებსა და შ.პ.ს. „ქ“-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 2 წლის ვადით. იჯარის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ......... ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ № .......). იჯარის თანხა ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარს შეადგენდა.
5.5. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოპასუხე ზ.ქ–ძე დაუკავშირდა შ.პ.ს. „მ.გ.“-ს წარმომადგენელ მ.ვ–ძეს და სთხოვა კომპანიის ანგარიშის ნომერი, რის შემდეგაც, 2020 წლის 11 ივლისს ზ.ქ–ძემ შ.პ.ს. „მ.გ.“-ს ანგარიშზე ჩარიცხა 6000 ლარი. საგადახდო დავალებაში გადახდის დანიშნულებად მითითებულია პირადი გადარიცხვა.
5.6. 2018 წლის 30 ნოემბერს შ.პ.ს. „მ.გ.“-სა და ბ.ქ–ძეს შორის უძრავი ქონების გაქირავების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებისას უძრავი ქონება (ს/კ № ......) წარმოადგენდა ბ.ქ–ძის საკუთრებას, ხოლო 2019 წლის 23 აპრილიდან კი, აღნიშნული ქონების მესაკუთრეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ზ.ქ–ძე.
5.7. 2020 წელს შ.პ.ს. „ქ“-სა და ბ. და ზ.ქ–ძეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება წარმოადგენდა შ.პ.ს. „მ.გ.“-ს მიერ ნაწარმოები მოლაპარაკებების, ანუ, შუამავლობის შედეგს.
5.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელი იყო, თუ რამდენად განაპირობა მოსარჩელის საქმიანობამ მოპასუხეებსა და მესამე პირს შორის 2020 წლის 20 ივლისის საიჯარო ხელშეკრულების დადება.
5.9. პალატამ განმარტა, რომ საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეული იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. იმ შემთხვევაში, თუ შუამავალი მესამე პირს ვერ მოიძიებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო შემკვეთს - ანგარიშსწორების ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 07.03.2016 წ.).
5.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს მოსარჩელე მხარის მონაწილეობა 2020 წლის 20 ივლისის საიჯარო ხელშეკრულების დადებაში. პალატის განმარტებით, შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეული იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. ასეთი ხელშეკრულების დადებისთვის შუამავლის ფუნქცია შესაბამისი კონტრაჰენტის მოძიებასა და სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებას წარმოადგენს. შუამავლობის მთავარი არსი, შემკვეთის მიერ შუამავლის საშუალებით განხორციელებულ მომსახურებაში მესამე პირთან ძირითადი ხელშეკრულების დადებაში მდგომარეობს. იგი სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც ოფერტისა და აქცეპტის სამართლებრივ საფუძვლებზეა დამყარებული. სხვა საკითხები, მაგალითად ის, თუ რა სახით გაგრძელდება შემკვეთსა და მესამე პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, შუამავლის ინტერესის სფეროს სცილდება.
5.11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამორიცხეს მოსარჩელის მონაწილეობა 2020 წლის 20 ივლისის საიჯარო ხელშეკრულებაში. ამასთან, სადავო საიჯარო ხელშეკრულების დადებაში მათ ვერც სხვა კომპანიის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინეს.
5.12. სააპელაციო პალატამ მესაკუთრის ცვლილებასთან დაკავშირებით მხარის მითითებაც უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებს მხარეს გადახდის ვალდებულებისაგან, ვინაიდან დადგენილი იყო და სადავოს არ წარმოადგენდა, რომ მოპასუხეები არიან ერთი ოჯახის წევრები - მამა-შვილი და კომპანიასთან 2018 წლის 30 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებაც ცნობილი იყო ზ.ქ–ძესათვის, მეტიც, მისივე განმარტებით, მამის სახელით თავად იყო ჩართული მოლაპარაკებებში.
5.13. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოპასუხეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი გარემოებების დადასტურება, რაც მოსარჩელის წინაშე მათი ვალდებულების არსებობას გამორიცხავდა, რაც მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, არ იკვეთებოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. და ზ.ქ–ძეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „ქ“-სთან გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება წარმოადგენს ბ. და ზ.ქ–ძეებთან არსებული, შ.პ.ს. „მ.გ.“-ს საშუამავლო ურთიერთობის შედეგს. ამ გარემოების დადასტურების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ მოწმე მ.ვ–ძის ჩვენება ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შ.პ.ს. „ქ“-სთან გაფორმებული 2020 წლის 20 ივლისის იჯარის ხელშეკრულება არ ყოფილა შ.პ.ს. „მ.გ.“-ს საშუამავლო მომსახურების შედეგი. კერძოდ, ხსენებული მოწმის განმარტება, რომ „მხარეები თითქმის შეთანხმებულები იყვნენ“ გულისხმობს შეთანხმების არარსებობას და ფრაზა „თითქმის შეთანხმებული“ არ შეიძლება განიმარტოს შეთანხმების ფაქტის არსებობის დადასტურების მნიშვნელობით, მითუმეტეს, როდესაც, ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (რასაც თავად სასამართლოც ადასტურებს).
6.2. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შეთანხმების მიუღწევლობის ფაქტი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოწმე მ.ვ–ძის ჩვენებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ მესაკუთრესა და სავარაუდო მოიჯარეს შორის მითითებულ დროს შეთანხმების მიუღწევლობა არ გამორიცხავდა მომავალში მსგავსი ტიპის ურთიერთობის არსებობის შესაძლებლობას. ზოგადი მსჯელობა, რომ 2018 წელს შეთანხმების მიუღწევლობის ფაქტი არ გამორიცხავს მომავალში მსგავსი ტიპის ურთიერთობის არსებობის შესაძლებლობას დავას არ იწვევს, თუმცა ასეთი შესაძლებლობის არსებობა რატომ იძლევა 2018 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და ბ.ქ–ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ დასკვნის გამოტანის საფუძველს (მითუმეტეს, რომ ზ.ქ–ძე ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ ყოფილა), გაუგებარია.
6.3. გაურკვეველია თუ რატომ უნდა იქნეს მიჩნეული ხელშეკრულების დადებამდე თანხის გადარიცხვა ხელშეკრულების დადების გამო ანაზღაურებად.
6.4. მოსარჩელესა და ბ.ქ–ძეს შორის 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისთვის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საშუამავლო მომსახურების პირგასამტეხლოს თანხა დააკისრეს არა მხოლოდ ბ.ქ–ძეს, არამედ - მის წარმომადგენელ ზ.ქ–ძესაც, რომელიც 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე მხარე (სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი) არ ყოფილა. ამასთან, ზ.ქ–ძე ვერც იქნებოდა ამ ხელშეკრულების მხარე, რადგან იმ დროისათვის (2018 წლის 30 ნოემბერს) არ წარმოადგენდა გასაქირავებელი ქონების მესაკუთრეს და გაქირავების უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამ გარემოებას მოსარჩელე თავად ადასტურებს სარჩელში და სასამართლოებიც უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებენ, რომ მესაკუთრეს და დამკვეთს წარმოადგენდა ბ.ქ–ძე. მიუხედავად ამისა, სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რითაც დაარღვიეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
6.5. ზ.ქ–ძეს ქონების ნაწილი გადაეცა ჩუქებით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 20 ივლისს, როდესაც გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, ბ.ქ–ძე უკვე აღარ იყო იჯარით გასაცემი უძრავი ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე და მას აღარ გააჩნდა მთლიანი ქონების გაქირავების უფლებამოსილება. ამდენად, ცხადია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა ქონების მესაკუთრის ცვლილებასთან ერთად. შესაბამისად, მისთვის იმ ქონების გაქირავების მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნა, რომლის განკარგვის უფლებამოსილება აღარ გააჩნია, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
6.6. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი. მან არ გაითვალისწინა მოპასუხეთა მითითება გასაქირავებელი ქონების საკუთრების ცვლილების თაობაზე. ამ მიმართებით, მოპასუხეები აღნიშნავდნენ, რომ ქონების საკუთრების უფლების შეცვლა, გამორიცხავდა მისი გაქირავების მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნას, ცვლილებამდე არსებული მესაკუთრის მიმართ.
6.7. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების არარსებობის შემთხვევაშიც კი, 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო, სხვა სამართლებრივი საფუძვლითაც, რაც მოპასუხეებმა შესაგებელშიც მიუთითეს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს შ.პ.ს. „მ.გ.“-სა და ბ.ქ–ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა უვადოდ, ფართის გაქირავებამდე და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებამდე. შესაგებელზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება და სადავო არ არის, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბ.ქ–ძის კუთვნილი ქონება სამჯერ გაქირავდა. ამდენად, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია 2018 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და ბ.ქ–ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ფაქტი (გაქირავების ფაქტის გამო), რაც გამორიცხავდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებას. ფაქტობრივად შეუძლებელია, გასაქირავებელი ქონების გაქირავების შემდეგ, შუამავალი აგრძელებდეს გაქირავებული ქონების გაქირავების მომსახურების გაწევას. ხელშეკრულების 3.1. პუნქტში სწორედ ამიტომ აისახა სამართლებრივად და ფაქტობრივად ლოგიკური პირობა ფართის გაქირავებამდე ხელშეკრულების მოქმედების შესახებ.
6.8. 2018 წელს შედგენილი და ერთ-ერთი მოპასუხისათვის გაგზავნილი იჯარის ხელშეკრულების ასლი, რომლის საფუძველზეც, ხელშეკრულება არც კი გაფორმებულა, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად იმისა, რომ 2020 წლის 20 ივლისს განსხვავებული ძირითადი პირობებით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, მოსარჩელის მომსახურების შედეგია.
6.9. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო საიჯარო ხელშეკრულება დაიდო სხვა საშუამავლო კომპანიის მონაწილეობით. შესაგებელზე თანდართული შ.პ.ს. „ქ“-ს (2020 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების მხარე) მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შ.პ.ს. „ა–ი“-მ შ.პ.ს „ქ“-ს გაუწია მომსახურება და აქირავებინა საოფისე ფართი, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხეების საკუთრებას. მოწმე - ე.თ–ი, რომელიც შ.პ.ს. „ქ“-ს მხრიდან მონაწილეობდა მასთან 2020 წლის 20 ივლისის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმდინარე მოლაპარაკებებში, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ცალსახად განმარტავს, რომ შ.პ.ს. „ქ“-სა და ბ. და ზ.ქ–ძეებს შორის 2020 წლის 20 ივლისის იჯარის ხელშეკრულების გაფორმება არ ყოფილა მოსარჩელის შუამავლობის შედეგი. პირიქით, მან განმარტა, რომ აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა შ.პ.ს. „ა–ი“-ს საშუამავლო მომსახურების შედეგად და დაადასტურა ბ. და ზ.ქ–ძეების შესაგებელზე დართული შ.პ.ს. „ქ“-ს მიერ გაცემულ ცნობაში ასახული გარემოება, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „ა–ი“-მ შ.პ.ს. „ქ“-ს გაუწია მომსახურება და აქირავებინა საოფისე ფართი, რომელიც წარმოადგენდა ბ. და ზ.ქ–ძეების საკუთრებას.
6.10. სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერვე აღნიშნული გარემოება, რომ 2019 წელს მოსარჩელის წარმომადგენელ მ.ვ–ძეს დაუკავშირდა შ.პ.ს. „ქ“-ს წარმომადგენელი და სთხოვა გაერკვია თავისუფალი იყო თუ არა ......... ქ. №3 მისამართზე მდებარე ფართი. შემდეგ, 2020 წლის 1 ივლისს მ.ვ–ძეს კვლავ დაუკავშირდა ხსენებული კომპანიის წარმომადგენელი თ.ჩ–ძე, იმავე საკითხის გასარკვევად. ამდენად, იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაში მომსახურების დამკვეთი ამჯერად უკვე შ.პ.ს. „ქ“ იყო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა) ძირითადი საკასაციო პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არასწორად იქნა დადგენილი კასატორებსა და შ.პ.ს. „ქ“-ს შორის 2020 წლის 20 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მოსარჩელის შუამავლობის შედეგად დადების ფაქტი.
11. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია 2020 წლის 20 ივლისის იჯარის ხელშეკრულება დაიდო თუ არა მოსარჩელის შუამავლობით და შესაბამისად, სახეზეა თუ არა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გასამრჯელოსა და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამავლობა მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებას, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. საშუამავლო საქმიანობაში იგულისხმება საქმიანობა, რომელიც მიმართულია მესამე პირებთან შემკვეთის მიერ ხელშეკრულების დადებისაკენ. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს. ამდენად, საშუამავლო საქმიანობა გამოიხატება შუამავლის (მაკლერის) მიერ მხოლოდ ფაქტობრივი და არა იურიდიული მოქმედებების შესრულებაში. მაკლერს საშუამავლო საქმიანობისათვის გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიდება ის ხელშეკრულება, რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა. თუ გამიზნული ხელშეკრულება არ დაიდო, ანუ მაკლერის საშუამავლო საქმიანობა წარმატებით არ დასრულდა, მაკლერს არა აქვს უფლება მოითხოვოს გასამრჯელო. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი მესამე პირს ვერ მოიძიებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო შემკვეთს - ანგარიშსწორების ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-898-848-2015, 09 მარტი, 2016 წელი; №ას-304-287-2017, 13 ოქტომბერი, 2017 წელი).
საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; 2. ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; 3. ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული (სუსგ №ას-522-495-2014, 05.06.2015წ.).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 749-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამავლობად ბინის ქირავნობისას ჩაითვლება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მაკლერი კისრულობს ვალდებულებას ხელი შეუწყოს შემკვეთს ქონების გაქირავების შესახებ ხელშეკრულების დადებაში, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას მისცეს მაკლერს გასამრჯელო და აუნაზღაუროს ხარჯები. შემკვეთი შეიძლება იყოს როგორც გამქირავებელი, ისე სხვა დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი. ქირავნობის შუამავლობა შემკვეთსა და საბინაო მაკლერს შორის ხორციელდება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მხარეები ავტონომიურად განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს, თუ შემკვეთსა და საბინაო მაკლერს თავიანთი უფლებები და მოვალეობები ხელშეკრულებით არ განუსაზღვრავთ, გამოიყენება შუამავლობის შესახებ ზოგადი დებულებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მე-4, ტომი პირველი, გვ 454) .
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქართულ სამართალში, გერმანული სამართალის მსგავსად, მაკლერი მხოლოდ მიღწეული შედეგისათვის იღებს გასამრჯელოს. გერმანულ სამართალში მაკლერის გასამრჯელოს მოთხოვნის წინაპირობებს შორის ერთ-ერთია მაკლერის მიერ განხორციელებული სამაკლერო საქმიანობის მიზეზობრიობა ძირითადი ხელშეკრულების დადებასთან მიმართებით, საკმარისია თანამიზეზობრიობაც. ასევე, შემკვეთის მიერ მაკლერის სამაკლერო საქმიანობის შესახებ ცოდნა ან ბრალეული არ ცოდნა (იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარი , 2014 წ. გვ. 501 გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 652 პარაგრაფის კომენტარი)“;
14. განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შუამავლობის ხელშეკრულების, ხოლო 2020 წლის 20 ივლისს კასატორებსა და შ.პ.ს. „ქ“-ს შორის იჯარის ხელშეკრულების დადების ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის. ასევე უდავოა, რომ კასატორები (მეიჯარე) და შ.პ.ს. „ქ“ (მოიჯარე) ერთმანეთს 2018 წელს მოსარჩელემ დააკავშირა, თუმცა მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ხელშეკრულება არ დაიდო. მოსარჩელის მიერ 2018 წლის დეკემბერს შედგენილი და მოპასუხისთვის გადაგზავნილი იჯარის ხელშეკრულების პროექტი გამოყენებულია 2020 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების შაბლონად (შეცვლილია მხოლოდ ციფრები). მოპასუხე ზ.ქ–ძემ 2020 წლის 11 ივლისს მოსარჩელეს ჩაურიცხა 6000 ლარი დანიშნულებით - პირადი გადარიცხვა.
14. მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის ბროკერის - მ.ვ–ძის ჩვენებით დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი, რომ 2019 წელს მას დაუკავშირდა შ.პ.ს. „ქ“-ს წარმომადგენელი და სთხოვა გაერკვია თავისუფალი იყო თუ არა ......... ქ. №3 მისამართზე მდებარე ფართი, თუმცა ფართი იმ დროისათვის გაქირავებული იყო. 2020 წლის 01 ივლისს მოწმეს კვლავ დაუკავშირდა შ.პ.ს. „ქ“-ს წარმომადგენელი იგივე საკითხის გასარკვევად. ვინაიდან ფართი იყო თავისუფალი, მოპასუხეებსა და შ.პ.ს. „ქ“-ს შორის დაიწყო მოლაპარაკებები. მოგვიანებით, მოწმისათვის ცნობილი გახდა, რომ კასატორებმა ვინმე გ–ს მეშვეობით გააფორმეს იჯარის ხელშეკრულება შ.პ.ს. „ქ“-სთან.
15. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე, უტყუარად დასტურდება ქონების თანამესაკუთრეებს _ ზ. და ბ.ქ–ძეებს და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების დადება მოსარჩელის შუამავლობის შედეგად. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორთა მტკიცება იმის შესახებ, რომ ზ.ქ–ძის მიერ 2020 წლის 11 ივლისს მოსარჩელისთვის ჩარიცხული 6000 ლარი, კომპანიის წარმომადგენელთან ჩამოყალიბებული კეთილგანწყობის გამო გაკეთებულ საჩუქარს წარმოადგენდა. იმ პირობებში, როდესაც მხარეებს ერთმანეთთან შუამავლობის სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებდათ, მოსარჩელის თანამშრომელთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, მისი დამსაქმებელი კომპანიისთვის ფიზიკური პირების მხრიდან საჩუქრად 6000 ლარის გადაცემა, საკასაციო პალატას არალოგიკურად და არადამაჯერებლად მიაჩნია.
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ მხარეთა შორის არსებული შუამავლობის ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
2018 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ ფართის გაქირავებამდე და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებამდე.
იმ პირობებში, როდესაც, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება 2020 წლის 20 ივლისამდე მოსარჩელის შუამავლობით კასატორთა კუთვნილი ფართის გაქირავების ფაქტი, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორთა აპელირება ვადის გასვლის გამო, შუამავლობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. “ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 504 ლარის 70% - 352.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ქ–ძისა და ზ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ბ.ქ–ძეს (პ/ნ ..........) და ზ.ქ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ დ.თ–ის (პ/ნ .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 504 ლარის (საგადასახადო დავალება № 0, გადახდის თარიღი: 04.07.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 352.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი