19 აპრილი 2023 წელი №ას-1053-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ზ.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
მესამე პირები _ მ.ბ–ი, მ.ს–ი, ნ.ჭ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ.ბ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, ზ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანება №11/9კ_ის ბათილად ცნობის, მოსარჩელის გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე აღდგენისა და 2013 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 800 ლარის (დარიცხული) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იურიდიული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბუღალტრის თანამდებობაზე. სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №119/კ ბრძანებით, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან არაკანონიერი საფუძვლით, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარმოდგენილი ახალი საშტატო ნუსხით და დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანების საფუძველზე. გათავისუფლება მოხდა არაკანონიერი, ფორმალური საფუძვლებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ რეალურ მიზეზთან.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს ზ.ბ–ის ხელფასი შეადგენდა 900 ლარს, დანამატი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან 900 ლარს. იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 28 ივნისის №119/კ ბრძანებით 2013 წლის 01 ივლისიდან.
3.2. 2013 წლის 20 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო, რომლის შესაბამისად, 2013 წლის 28 ივნისის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოიცა №90/ო ბრძანება. 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურები გაიყო ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებებად. რეორგანიზაციის შედეგად, თანამშრომელთა უმრავლესობამ წერილობითი ფორმით გამოხატა სურვილი რეორგანიზაციის შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ, ხოლო ზ.ბ–ს ასეთი თანხმობა არ გამოუხატავს. საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გამოსცა 2013 წლის 28 ივნისს №119/კ ბრძანება. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, ზ.ბ–ს მიეცა 1 თვის ხელფასი და გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურება, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა.
3.3. 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, სამხედრო ჰოსპიტლის ფინანსური მართვის განყოფილების ბუღალტერის თანამდებობა 2013 წლის 17 სექტემბრამდე იყო ვაკანტური. ზ.ბ–ს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, 2016 წლის თებერვლამდე, სადავოდ არ გაუხდია სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება. ფინანსური მართვის განყოფილების ბუღალტრის თანამდებობაზე, როგორც ვაკანტურ შტატზე, 2013 წლის აგვისტოში გამოცხადდა კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მეშვეობით და კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, ამ თანამდებობაზე 2013 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტლის ფინანსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.ბ–ი, შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, შეილახება მესამე პირის - ამ თანამდებობაზე დანიშნული თანამშრომლის კანონიერი უფლებები და ინტერესები, რაც დაუშვებელია.
3.4. 2013 წლის 01 ივლისს მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ მუხლით დადგენილი წესით. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. 2013 წლის 28 ივნისის №119/კ ბრძანების გამოცემისას სამხედრო ჰოსპიტლის მიერ დაცულია იმ დროს მოქმედი შრომის კოდექსის ნორმები, ხოლო შრომის კოდექსის ნორმების ცვლილების შემდეგ მოქმედი რედაქციის გამოყენების შემთხვევაში, ზ.ბ–ის სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
4.1. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ.ა–ის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №119/კ ბრძანება და მოსარჩელე ზ.ბ–ი აღდგენილი იქნა ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფინანსების მართვის განყოფილების ბუღალტრის თანამდებობაზე 2013 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 17 სექტემბრამდე;
4.2. ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ.ა–ის სამხედრო ჰოსპიტალს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ზ.ბ–ის სასარგებლოდ 2013 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 17 სექტემბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან დარიცხული თანხებიდან 2 614 ლარის ოდენობით;
4.3. მოსარჩელე ზ.ბ–ს უარი ეთქვა ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენაზე 2013 წლის 17 სექტემბრიდან დღემდე პერიოდზე, აგრეთვე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. დასაქმებულმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხე ორგანიზაციამ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
6.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
6.3. მოსარჩელე აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 900 ლარი, 2016 წლის 12 თებერვლიდან, სამუშაოზე აღდგენამდე.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. დამსაქმებლის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩვრებული გადაწყვეტილების შეცვლის გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო დასაქმებული მოითხოვდა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და სააპელაციო სასამართლოსთვის მიცემული მითითებები:
8. ზ.ბ–ისა და ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 06 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
9.1. საკასაციო სასამართლომ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის ნაწილში, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, თუმცა არ გაიზიარა დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენისა და დასაქმებულის იძულებითი მოცდენისთვის დამსაქმებლისთვის ყოველთვიურად 900 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება და განმარტა, რომ პირვანდელ სამუშაო თანამდებობაზე აღდგენის მიზნით, დასადგენია სხვადასხვა გარემოებები, მხარეთა შორის არსებული/მომავალი შესაძლო ურთიერთობა, დასაქმებულის გათავისუფლებმდე არსებული სამუშაო ადგილის იმავე ან ტოლფასი სახით არსებობა, ასეთის არსებობისას კი ამ ადგილის ვაკანტურობა, ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ, გამოთავისუფლებულ, ვაკანტურ ადგილზე დაინიშნულია სხვა პირი, რის გამოც, იგივე ან ტოლფასი თანამდებობის არსებობა არ არის სათანადოდ გამოკველული. იმ პირობებში, როდესაც არ დადგენილა, შესაძლებელია თუ არა დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენა, მოსარჩელისთვის იძულებით მოცდენის გამო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღდგენის შეუძლებლობისას დასაქმებულს მიეცემა არა განაცდური ხელფასი, არამედ კომპენსაცია. სააპელაციო პალატას მიეცა მითითება, გამოეკვლია, თუ რა ოდენობის თანამდებობრივ სარგოს ითვალისწინებდა გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია, ხელფასთან ერთად დანამატი წარმოადგენდა თუ არა ჰოსპიტლის მხრიდან ხელფასის მსგავსად გარანტირებულ გასაცემელს, რის მიხედვითაც უნდა დაანგარიშებულიყო მოსარჩელისათვის მისაცემი იძულებითი განაცდური/კომპენსაცია.
9.2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იძულებითი განაცდურის გამოანგარიშებისას დაუშვებელია შერეული ბრალის პრინციპზე მითითება იმის გამო, რომ მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით. პალატამ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადა კანონით დადგენილი ისეთი ვადაა, რომლის განმავლობაშიც მხარეს შეუზღუდავად გააჩნია საკუთარი უფლებით სარგებლობა, ხანდაზმულობის დაწყების მომენტიდან მის ამოწურვამდე, ამასთან, რაიმე შეზღუდვას, ესა თუ ის უფლება, ხანდაზმულობის ვადის დენისას, კონკრეტულად როდის უნდა განხორციელდეს, კანონმდებელი არ აწესებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება წინამდებარე შემთხვევაში შერეულ პასუხისმგებლობაზე (ბრალზე) ჩაითვალა დაუსაბუთებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. ზ.ბ–ისა და ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც:
10.1. ზ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
10.2. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №119/კ ბრძანება ზ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
10.3. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე და მათ ნაცვლად, ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ზ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. ზ.ბ–ი 2010 წლის 17 ივნისიდან დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საფინანსო-ეკონომიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბუღალტრის თანამდებობაზე, ხოლო 2011 წლის 28 მარტიდან _ ამავე დაწესებულების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბუღალტერის თანამდებობაზე, სადაც მისი თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ყოველთვიურად შეადგენდა დარიცხულ 900 ლარს, ხოლო დანამატი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან ასევე განსაზღვრული იყო დარიცხული 900 ლარის ოდენობით.
11.2. ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანებით, ჰოსპიტალში გაუქმდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, ხოლო რიგ შემთხვევებში, სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია განხორციელდა სამსახურების გაერთიანებისა და დაყოფის შედეგად, მათ შორის, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური დაიყო ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებებად. რეორგანიზაციის განხორციელებამდე ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში გათვალისწინებული იყო ბუღალტრის 3 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ფინანსების მართვის განყოფილებაში ასევე გათვალისწინებული იქნა ბუღალტრის 3 შტატი. აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე, საქმის მასალების მიხედვით, დასაქმებულნი არიან მ.ბ–ი, მ.ს–ი და ნ.ჭ–ძე.
11.3. ზ.ბ–ი, 2013 წლის 28 ივნისს №119/კ ბრძანებით, ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანების საფუძველზე, 2013 წლის 01 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
11.4. საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის 2022 წლის 23 მაისის MOD 0 22 00578246 წერილიდან ირკვევა, თუ რომელი თანამდებობებია ვაკანტური 2022 წლის 17 მაისის მდგომარეობით ჰოსპიტალში, კერძოდ, სხვადასხვა თანამდებობებთან ერთად, დგინდება, რომ ვაკანტურია ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რომელზეც აპელანტი ზ.ბ–ი მოითხოვს აღდგენას.
11.5. ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის 2022 წლის 27 მაისის MOD 4 22 00594945 განცხადებით სასამართლოსთვის წარმოდგენილი იქნა მოქმედი საშტატო ნუსხა, ასევე ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერი) სამუშაო აღწერილობები. ასევე სასამართლოს ეცნობა, რომ უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერი) თანამდებობა იმ დროისთვის არ იყო ვაკანტური. ამავე განცხადებაზე თანდართული საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის მიხედვით, ირკვევა, რომ ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის (ბუღალტრის) თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 990 ლარის ოდენობით, ხოლო მთავარი სპეციალისტისა 1210 ლარით. ამასთან, სამუშაო აღწერილობების მიხედვით, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დანიშნულებაა სამხედრო ჰოსპიტლის ფინანსური რესურსების კანონიერი, ეფექტიანი, მიზნობრივი, პროდუქტიული და ეკონომიური მართვა კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო უფროსი სპეციალისტის (ბუღალტრის) თანამდებობის მიზანია სამხედრო ჰოსპიტლის საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფა.
12. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
12.1. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
12.2. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს განჩინებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები განხორციელებულად იქნა მიჩნეული, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა.
12.3. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერის) 3 საშტატო ერთეულიდან, არცერთი შტატი ვაკანტური არაა, ხოლო ბუღალტრის სხვა ტოლფასი სამუშაო პოზიცია ამავე სამსახურში არ არსებობს. პალატამ არ გაიზიარა ზ.ბ–ის მტკიცება, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, ვინაიდან კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით აუცილებელია შეფასდეს სხვადასხვა კომპონენტები, მათ შორის, მისი ადგილი იერარქიული თვალსაზრისით, ძირითად უფლებამოსილებათა წრე, შრომის ანაზღაურება და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სამუშაო აღწერილობები ცალსახად მიუთითებს მთავარი სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის თანამდებობათა განსხვავებულ მიზნებზე. ამასთან, უფროსი სპეციალისტისთვის (ბუღალტერი) შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 990 ლარით, ხოლო მთავარი სპეციალისტისთვის თანამდებობრივი სარგო დადგენილია 1210 ლარის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საშტატო ერთეულის განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა და შრომის ანაზღაურება გამორიცხავს მათ იდენტურად მიჩნევის შესაძლებლობას. შესაბამისად, მიუხედავად მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებისა, არ არსებობს მისი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, რადგანაც არ დგინდება ვაკანტური პოზიციის არსებობა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის აღდგენა და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
12.4. თუ შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს.
12.5. დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, სამომავლო დასაქმების პერსპექტივის შესაბამისად, ასევე საქმის განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხისთვის ზ.ბ–ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კომპენსაციის _ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით დაკისრება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა, ისე ზ.ბ–მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ს.ს.ი.პ. გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის მოტივით, დარჩა განუხილველად.
14. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დასაქმებულს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და მიეკუთვნა კომპენსაცია. კასატორის მოთხოვნაა, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით აღდგეს ტოლფას სამუშაო ადგილზე და მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საკასაციო განაცხადი ეფუძნება შემდეგ პრეტენზიებს:
14.1. სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობა, ვინაიდან, შესაძლოა, ჰოსპიტალში არსებული ვაკანტური თანამდებობა გათავისუფლებამდელი თანამდებობის იდენტური არ არის, მაგრამ კასატორის კომპეტენცია, განათლება და გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე შესრულებული ფუნქციები შეესაბამება ჰოსპიტლის შიდა რეგულაციებით მთავარი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს. დიფერენციაციის კრიტერიუმად ხელფასის სხვადასხვაობის ფაქტორით პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა.
14.2. კასატორი პრეტენზიას გამოხატავს დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის სიმცირესთან მიმართებითაც და აღნიშნავს, რომ მას სამსახურის დაკარგვით გაუუარესდა სოციალური მდგომარეობა, ბანკების წინაშე ვალდებულებები და ოჯახის შემოსავლების მოულოდნელი შეწყვეტა მძიმე ტვირთად დააწვა, რაც სასამართლოს კომპენსაციის გაანგარიშების დროს უნდა გაეთვალისწინებინა დასაქმების პრობლემურობის, დავის ხანგრძლივობისა და საქმისწარმოების ხარჯების ფაქტორებთან ერთად. ზ.ბ–ი რომ თანამდებობაზე აღდგენილიყო, განაცდურის ანაზღაურება იქნებოდა რამდენჯერმე მეტი დაკისრებულ კომპენსაციასთან შედარებით, რაც კასატორს არასამართლიან შედეგად მიაჩნია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. უწინარესად, პალატა მიუთითებს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინების ძალით, შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობა მიემართება მხოლოდ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს დასკვნის მართებულობისა და დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის წინააღმდეგ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიებს.
20.1. პალატა მოიხმობს სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (ამჟამად, 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის) შინაარსს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია 1) პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან 2) უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან 3) გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
20.2. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული. უკანონოდ განთავისუფლებული პირის უფლებრივი აღდგენის მექანიზმების საკანონმდებლო ალტერნატივების სახით არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბრძანების ბათლობის თანმდევი შედეგი უპირობოდ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ იქნება, არამედ ამ ეტაპზე სასამართლო მხედველობაში იღებს დამსაქმებლის ინტერესსაც.
20.3. უდავოდ დადგენილია, რომ გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე კასატორის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან საშტატო განრიგით დაშვებული 3 შტატიდან ვაკანტური არცერთი არ არის, ამდენად, რესტიტუციის მიზნით, დღის წესრიგში დგება ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემოწმება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 270-272).
20.4. ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს, რომელმაც უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნისას ამ გარემოების მტკიცების ტვირთი დასაქმებულებს, (და არა დამსაქმებელს), ეკისრებათ. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელეებმა უნდა დაამტკიცონ როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითონ, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებაა, გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ. კერძოდ, დამსაქმებელს მართებს, მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური (ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთსა და სასამართლოს მიერ ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევის სტანდარტზე იხ. სუსგ-ები №ას-687-687-2018, 20.07.2018წ; №ას-902-864-2014, 30.03.2015წ; №ას-475-456-2016, 24.06.2016წ; №ას-761-712-2017, 10.07.2017წ; №ას-1281-2021, 21.04.2022წ; №ას-1365-2021, 14.04.2022წ).
20.5. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს წარედგინა საშტატო ნუსხა, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის არავაკანტური უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერი) პოზიციის ტოლფასად დაასახელა ამავე სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. სააპელაციო სასამართლომ, მთავარი სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობის საფუძველზე დაასკვნა, რომ ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იყო მნიშვნელოვანწილად განსხვავებული, დასახელებული თანამდებობები ორგანიზაციულ იერარქიაში სხვადასხვა საფეხურს განეკუთვნებოდა და თანამდებობრივი სარგოც იყო განსხვავებული (ტოლფას თანამდებობად მოაზრებულ პოზიციაზე ყოველთვიური ანაზღაურება იყო უფრო მაღალი, ვიდრე განთავისუფლებამდელ თანამდებობაზე). ხსენებულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ გამორიცხა მთავარი სპეციალისტის პოზიციის უფროსი სპეციალისტის (ბუღალტრის) ტოლფას თანამდებობად მიჩნევის შესაძლებლობა, რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც.
20.6. სასამართლო, დამატებით, შესადარებელ თანამდებობათა ფუნქციური განსხვავებების საილუსტრაციოდ მიუთითებს, რომ მთავარი სპეციალისტის საქმიანობა მოიცავს: ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, ცვლილებასა და ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას; საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის სამინისტროში შექმნილი მართვის ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდებას, შეხვედრებზე დასწრებას; პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფას; ჯანდაცვის საინფომაციო პორტალზე ტარიფების ატვირთვას; პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების დათვლას და კონტროლს; მომსახურების ფასების ოპტიმიზაციისა და ახალი სერვისების დამატებისას განფასების შემუშავებას და ხელმძღვანელი პირებისთვის დასამტკიცებლად წარდგენას; სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაციების/ანგარიშ-ფაქტურების შედგენის უზრუნველყოფასა და კონტროლს; შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ფორმების შევსებასა და კონტროლს (იხ. ტ.3, ს.ფ. 57-58).
20.7. თავის მხრივ, უფროსი სპეციალისტის (ბუღალტრის) ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ჰოსპიტლის აფთიაქში შესული ფასებულობების _ მედიკამენტების და სახარჯი მასალების პროგრამული კონტროლი, მონაცემების პროგრამული ასახვა; აფთიაქიდან განყოფილებებში გადაცემული ფასეულობების კონტროლი და შესაბამისი პროგრამული ასახვა; დახარჯული ფასეულობების მონაცემების ჩაბარება, გადამოწმება, დამუშავება; მედიკამენტების და სახარჯი მასალების ბრუნვის აღრიცხვა და საბუღალტრო პროგრამაში გატარება; სისხლის ბანკში სისხლის კომპონენტების დამზადების, გადასხმის, გაყიდვის და ჩამოწერილი სისხლის კომპონენტების დოკუმენტაციის კონტროლი, აღირცხვა და გატარება ბუღალტრულ პროგრამაში; სამკურნალო და სახარჯი მასალის აღმრიცხველი კომისიის, ვადაგასული მედიკამენტების აღმრიცხველი მუდმივი კომისიის, ასევე ნარკოტიკული საშუალებებისა და ვადაგასული სისხლის კომპონენტების ჩამოწერა-განადგურების კომისიების ფარგლებში დაკისრებული მოვალეობების შესრულება; დასაქმებულ პერსონალზე ხელფასის უწყისების დაანგარიშება, დარიცხვა; შემოსავლების სამსახურისთვის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-ანგარიშგება; დონორი ფიზიკური პირებისთვის ჩაბარებული სისხლის ღირებულების ანგარიშსწორება და ა.შ. (იხ. ტ.3, ს.ფ. 59-60).
20.8. ამრიგად, შესადარებელ თანამდებობებს ფუნქციური თანაკვეთა ფაქტობრივად არ გააჩნიათ; მთავარი სპეციალისტის თანამდებობა უპირატესად ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვასა და აღსრულებაზე კონტროლის ფუნქციებს, ხოლო უფროსი სპეციალისტის საქმიანობის შინაარსობრივი მხარე კი ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის ბუღალტრული მხარდაჭერის უზრუნველყოფის მოვალეობებს მოიცავს. ამავდროულად, სამუშაო აღწერილობების გრაფები _ ვინ გცვლით საჭიროების შემთხვევაში ან თქვენ ვის ცვლით საჭიროების შემთხვევაში, არ შეიცავს რაიმე მითითებას, რომ საჭიროების არსებობისას, მთავარი სპეციალისტი ცვლის უფროს სპეციალისტს ან პირიქით. ყოველივე აღნიშნულით კი სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მთავარი სპეციალისტის თანამდებობა არ არის უფროსი სპეციალისტის (ბუღალტრის) პოზიციის ტოლფასი.
20.9. ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, სამართლებრივი ბუნებით, ზიანის ანაზღაურების საშუალებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამრიგად, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა (იხ. სუსგ. №ას-464-2021, 14.07.2021წ). განსხვავებული ფუნქციური დატვირთვის, უფრო მაღალ თანამდებობრივ რანგს მიკუთვნებულ და უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებულის აღდგენის დავალდებულება წარმოადგენს არა უფლებრივ რესტიტუციას, არამედ დაწინაურებას, აღნიშნული კი სცდება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე პუნქტით დასახულ მიზნებს.
21.1. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის არაგონივრულობის წინააღმდეგ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (იხ. სუსგ. №ას-1540-2019, 30.09.2020წ.).
21.2. საგულისხმოა, რომ კომპენსაციის განსაზღვრის მიზნებისათვის, იმ გარემოებების დადასტურების ტვირთი, რომლებიც განაპირობებს კომპენსაციის ოდენობის ზრდას, დასაქმებულს ეკისრება. დასაქმებულმა კომპენსაციის ოდენობა გააპროტესტა სოციალური მდგომარეობის გაუარესებისა და საბანკო ვალდებულებების არგუმენტაციით, თუმცა სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა რაიმე მტკიცებულება მასზედ, თუ რამდენ ხანს გასტანა მისმა უმუშევრობამ, ჰყავს თუ არა კმაყოფაზე მყოფი სარჩენი პირები, გააჩნდა/გააჩნია თუ არა საკრედიტო ან/და სხვა ქონებრივი ვალდებულებები. მარტოოდენ ის გარემოება, რომ დავის წარმოშობიდან დასრულებამდე გასულია დაახლოებით 7 წელიწადი და გაწეულია საპროცესო ხარჯები (რომლის ანაზღაურების შესაძლებლობასაც კომპენსაციისგან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს სსსკ 53-ე მუხლი), საკმარისი არ არის კომპენსაციის ოდენობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნის უარსაყოფად, არამედ საამისოდ აუცილებელია მოსარჩელისა და მოპასუხის ინდივიდუალური შრომითი მახასიათებლების მტკიცება, რაც, განსახილველ შემთხვევაში, სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სტანდარტით, კასატორს არ უწარმოებია.
21.3. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ სასარჩელო წარმოების დაწყების ეტაპზე მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება უკვე შეუძლებელი იყო პოზიციის არავაკანტურობის გამო. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დაკისრებულმა კომპენსაციამ, დამსაქმებლის მიერ ნებაყოფლობით ჩარიცხულ ერთთვიან კომპენსაციასთან ერთად, ფაქტობრივად სრულად მოიცვა (და გადააჭარბა კიდეც) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სარჩელის აღძვრამდე არსებულ 30 თვიან პერიოდში მისაღები ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება, რაც კომპენსაციის ოდენობის გონივრულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
22.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22.2. ამავდროულად, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
22.3. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
22.4. განსახილველ შემთხვევაში, საქმის განმხილველმა ქვემდგომმა სასამართლომ სწორად მოიძია სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე პუნქტი, სწორედ განსაზღვრა ამავე ნორმის წინაპირობები და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი გაანაწილა მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
22.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, რომლის 70% - 210 ლარის ოდენობით, ექვემდებარება უკან დაბრუნებას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ზ.ბ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (გადახდის თარიღი: 03.10.2022 საგადახდო დავალება: 14668892171, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი