Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-186-41-გ-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 23 ივნისს კ. ქ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 17 აპრილის ¹438 განკარგულების ბათილად ცნობა, მოსამართლის თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის (ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა სარჩელის შემდეგ საფუძვლებზე:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 17 აპრილის ¹438 განკარგულებით კ. ქ-ე გათავისუფლდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნული განკარგულებით დაირღვა მოსარჩელის უფლებები, მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება არის არა ნორმატიული, არამედ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. იგი არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც ადმინისტრაციულ გარიგებას. ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც ვერ განსაზღვრავს მოცემული აქტის _ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების _ სამართლებრივ ბუნებას, მისი გამოცემის, მოქმედებისა და გაუქმების საფუძვლებსა და წესს, ამიტომ მოცემული სამართალურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგიერთი სხვა კანონის საფუძველზე;

2. საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 17 მაისის ¹326 ბრძანებულების მე-3 მუხლის მიხედვით მოსამართლე თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და არა განკარგულებით;

3. შკკ-ს მოქმედება ვრცელდება მოსამართლეებზეც. აღნიშნული კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ორი თვით ადრე მაინც. კ. ქ-ე გაფრთხილებული არ იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და მას სადავო განკარგულების გამოცემამდე წინასწარ არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება;

4. კ. ქ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმები, რადგან პრეზიდენტის სადავო განკარგულებაში არა არის მითითებული, მოხდა თუ არა კ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება კანონის შესაბამისად _ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, აგრეთვე, ის თუ რომელი დისციპლინური გადაცდომისთვის დაედო მას ასეთი მკაცრი სახდელი;

5. კ. ქ-ის დისციპლინური საქმე წარმოებულია კანონით დადგენილი პროცედურის უხეში დარღვევებით, კერძოდ, დისციპლინური სამართალწარმოება დაწყებულია კანონით გაუთვალისწინებელი საბაბით და ა.შ.

6. არ არის შეფასებული კ. ქ-ის მოქმედებები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაშიც კი სათანადოდ არ არის განხილული მათი სიმძიმე და ხარისხი;

7. საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულებით დაირღვა კ. ქ-ის შრომითი და ეკონომიკური უფლებები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის განჩინებით კ. ქ-ის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ იგი იყო არა რაიონული, არამედ საოლქო სასამართლოს განსჯადი, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით იხილავენ სარჩელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა სარჩელის უფლებამოსილი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხი და თავისი 2003წ. 7 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ იგი იყო არა საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველი, არამედ რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული წესით განსჯადი შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულება წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და ადასტურებს ამ ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად მოშლას; მართალია, წინამდებარე დავა უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას, მაგრამ იგი წარმოშობილია ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტიდან; ადგილი არა აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული გარიგების დადებისას ან შესრულებისას სარჩელის ფასი უნდა აღემატებოდეს 500000 ლარს იმისათვის, რომ სარჩელი იყოს საოლქო სასამართლოს განსჯადი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ კ. ქ-ის სარჩელი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის, აგრეთვე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კ. ქ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე არის სახელმწიფო თანამდებობის პირი და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედება მოსამართლეზე კონკრეტულ შემთხვევაში არ ვრცელდება, რადგანაც საქართველოს კონსტიტუციით, «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონით და «საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონით მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების სპეციალური წესებია დადგენილი, კერძოდ:

«საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის საბჭო კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ბრძანებულებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, ხოლო 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

«საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, რაიონული სასამართლოს მოსამართლისთვის თანამდებობიდან გათავისუფლების სახდელის დაკისრების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.

ამავე კანონის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 17 აპრილის ¹438 განკარგულება ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე კ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად მოშლა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო განკარგულება არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტად, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოს კონსტიტუციისა და «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, არ ნიშნავს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ადმინისტრაციული გარიგების დადებას ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 17 აპრილის ¹438 განკარგულება წარმოადგენს სსკ-ს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერების შესახებ სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 17 აპრილის ¹438 განკარგულების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება