Facebook Twitter

13 თებერვალი 2023 წელი

№ას-1180-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ბ-?“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსწორობის გასწორების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სასარგებლო წიაღისეულზე საკუთრების უფლების აღიარება და ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... ტერიტორიაზე ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 ივნისს შ.პ.ს. „ბ-3“-ის სახელზე გაცემული სამთო მინაკუთვნის (ბს) მოპასუხის სახელზე გაცემული №10001526 ლიცენზის ფარგლებში მოსაპოვებელ 170 000 მ3 სამთო მინაკუთვნზე აღიარებული იქნა შ.პ.ს. „ქ.ვ''-ს საკუთრების უფლება; არ დაკმაყოფილდა სარჩელი ოთხი თვის ვადაში სამთო მინაკუთვნის მოპოვების ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრაზე შ.პ.ს. „ბ-?“-ის დავალდებულების შესახებ.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნას წარმომადგენდა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 ივნისს შ.პ.ს. „ბ-?“-ის სახელზე გაცემული სამთო მინაკუთვნის (ბს) მოპასუხის სახელზე გაცემული №10001526 ლიცენზის ფარგლებში მოსაპოვებელ 170 000 მ3 სამთო მინაკუთვნზე შ.პ.ს. „ქ.ვ“-ს საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ქ.ვ–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით, შ.პ.ს. „ბ ?“-ის წარმომადგენლის ი.მ–ის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდა; გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებული ლიცენზიის ნომერი №10001526 და ნაცვლად მითითებულისა ლიცენზიის ნომრად მიეთითა №10001539. საბოლოოდ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „4). შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს სარჩელი, შ.პ.ს. „ბ-?“-ის მიმართ - ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 ივნისს შ.პ.ს. „ბ-?“-ის სახელზე გაცემული სამთო მინაკუთვნის (ბს) მოპასუხის სახელზე გაცემული №10001539 ლიცენზის ფარგლებში მოსაპოვებელ 170 000 მ3 სამთო მინაკუთვნზე შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.“

5. ამავე განჩინების მე-3 პუნქტით მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლებოდა კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

6. განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ აპელანტ შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს დირექტორ მ.ს–ძეს პირადად ჩაბარდა 2022 წლის 04 აგვისტოს (ხელწერილი იხ. ტ.3, ს.ფ. 288).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაო საქმეთა პალატას 2022 წლის 07 დეკემბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი; იხ. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტი) წარედგინა შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლის თანახმად, კასატორი გადაწყვეტილებასა და დამატებით გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებს უსწორობის გასწორების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებასაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო უსწორობის გასწორების შესახებ სასამართლო განჩინების წინააღმდეგ წარმოდგენილ პრეტენზიას, ჩათვალა, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს კერძო საჩივრად და დაექვემდებაროს განუხილველად დატოვებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის; გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

9. სსსკ 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 415-ე შესაბამისად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

10. სსსკ 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

12. სსსკ 93-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

13. დადგენილია, რომ უსწორობის გასწორების შესახებ სასამართლო განჩინება სასამართლო შენობაში, პირადად ჩაბარდა შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს დირექტორ მ.ს–ძეს 2022 წლის 04 აგვისტოს, რის დასტურადაც ადრესატმა შეადგინა ხელწერილი და ხელი მოაწერა მას.

14. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ქ.ვ“-ს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთადერთი პირია დირექტორი მ.ს–ძე (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან იხ. ტ.1, ს.ფ. 20-21).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

16. სსსკ მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

17. ამრიგად, კერძო საჩივრის წარდგენის ვადის დინება დაიწყო 2022 წლის 05 აგვისტოდან და ამოიწურა 2022 წლის 16 აგვისტოს. დადგენილია, რომ მითითებული დროის შუალედში სასამართლოში კერძო საჩივარი არ წარდგენილა, დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში ასახული კერძო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2022 წლის 07 დეკემბერს, ე.ი. კერძო საჩივრის წარდგენის ვადის ამოწურვიდან დაახლოებით სამი თვისა და 21 დღის შემდეგ.

18. სსსკ 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

19. ამრიგად, გასაჩივრების ვადის დარღვევით წარმოდგენილი კერძო საჩივარი განმხილველი სასამართლოს მხრიდან ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 414-ე, 415-ე, 416-ე, 59-ე, მე-60, 63-ე, 70-ე, 93-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს კერძო საჩივარი უსწორობის გასწორების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი