Facebook Twitter

30 მარტი, 2023 წელი №ას-1365-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “

მოწინააღმდეგე მხარე _ თ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.თ–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დამსაქმებელი“) მიმართ, 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების _ დარიცხული 3750 ლარისა და 10.09.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს _ ყოველდღიური 0.07%-ის გადახდის მოთხოვნებით (სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტდა 2022 წლის 14 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე).

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლიდან უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა 2019 წლის 02 სექტემბრიდან, თუმცა შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-ს მისთვის არ გადაუხდია შრომის ანაზღაურება 2019 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

მოპასუხის პოზიცია:

3. შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ.თ–ძემ პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამაუწყებლო კომპანია, რის თაობაზეც წინასწარ მოპასუხისთვის არ უცნობებია. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის სრულად იყო ანაზღაურებული ხელფასი იმ პერიოდისთვის, რაც იმუშავა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების _ დარიცხული 3750 ლარისა და აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების _ დარიცხულ 3750 ლარზე დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.07%-ის გადახდა 10.09.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელე თ.თ–ძე დასაქმებული იყო შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-ში 2014 წლიდან 02.09.2019 წლამდე პერიოდში წერილობითი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.

7.2. მხარეთა შორის 01.02.2017 წელს დადებული შრომის წერილობითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ თ.თ–ძე დასაქმებული იქნა გადაცემა „აქცენტები“-ს მთავარი პროდიუსერის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დაუბეგრავი 3750 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად დადგინდა 2017 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი.

7.3. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე მხარე არ გამოთქვამდა სურვილს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ავტომატური პროლონგაციის პრინციპით, ერთწლიანი პერიოდებით. აღნიშნული ხელშეკრულების გარდა სხვა წერილობითი ხელშეკრულება საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

7.4. მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება და, შესაბამისად, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით 02.09.2019 წლიდან.

7.5. თ.თ–ძის ანგარიშზე ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, რომ 2018 წლის დეკემბრის ხელფასის სახით მოსარჩელეს ჩაერიცხა 2600 ლარი (1300+650+650), ხოლო 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, ივნისისა და ივლისის ხელფასი 2548-2548 ლარის ოდენობით (1274+1274), რაც შეეხება 2019 წლის მაისის თვეს, დასაქმებულს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 2842 ლარი (1421+1421).

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. საქართველოს შრომის კოდექსის (მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია მუშაობის დაწყების თარიღისა და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის განსაზღვრა, ასევე შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გადახდის წესის დადგენა. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

8.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ, დასაქმებულთან საბოლოო ანგარიშსწორება დადგენილ ვადაში და წესით არ განხორციელებულა, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2019 წლის 2 სექტემბრიდან, თუმცა დამსაქმებელს მისთვის არ აუნაზღაურებია 2019 წლის აგვისტოს თვის ხელფასი 3750 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით), რასაც მოპასუხე არ ეთანხმება და არამართებულად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის პირველი თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე საკითხის გადაწყვეტას. ასევე დამსაქმებელი სადავოდ ხდის სახელფასო დავალიანების ოდენობას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შრომითი ურთიერთობის დასრულებამდე დასაქმებულისთვის ჩარიცხული ხელფასის ოდენობა არ არის შესაბამისობაში სასარჩელო მოთხოვნასთან.

8.3. დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, დაედასტურებინა დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა და მასთან შრომითი ურთიერთობის არარსებობის ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება შრომითი ხელშეკრულების სახით საწინააღმდეგოზე მიუთითებდა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 01.02.2017 წლის შრომითი ხელშეკრულებით ხელშეკრულების დადების დროისათვის მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელის შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრული იყო დარიცხული 3750 ლარით, ხოლო ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება არ იყო ნამდვილი, სათანადო წესით დადასტურებული არ ყოფილა. ამასთან, თუ ერთ-ერთი მხარე არ გამოთქვამდა ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, აღნიშნული ხელშეკრულება გრძელდებოდა ავტომატურად ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ პერიოდებით. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული წერილობითი მტკიცებულების საპირისპირო მტკიცებულება, სხვა შრომითი ხელშეკრულების ან შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებების სახით, რომლითაც მხარეები შრომით ხელშეკრულების ახალ არსებით პირობებზე შეთანხმდებოდნენ ან მოქმედ შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებებს შეიტანდნენ.

8.4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ წარმოდგენილი ჩარიცხვის ქვითრებით არ დგინდება დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით ხელფასის ჩარიცხვის ფაქტი, ვინაიდან საქმეში არსებული ხელშეკრულების შესაბამისად ხელფასის ოდენობა (3750 ლარი) განსაზღვრული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (საშემოსავლო გადასახადი, დაგროვებითი პენსია და სხვ.) ჩათვლით, რაც თავისთავად განაპირობებდა დასაქმებულისთვის განსხვავებული ოდენობით თანხების ჩარიცხვას. ამასთან, არსებული სხვაობის გათვალისწინების პირობებშიც, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნულზე მითითებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რამეთუ დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს ხელფასი ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს სხვა პერიოდში ჩარიცხული თანხების ოდენობა.

8.5. ვინაიდან, დადგენილია მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი 3750 ლარის ოდენობით, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 7 დღის გასვლისთანავე.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნა შეადგენდა 2019 წლის აგვისტოს თვის ნამუშევარ ხელფასს _ 2548 (დარიცხულ) ლარს და აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ჩარიცხვებზე. მოგვიანებით, 2017 წლის 14 მარტს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რის საფუძვლადაც წარმოადგინა 2017 წლის 01 თებერვლით დათარიღებული შრომითი ხელშეკრულების ფოტო ასლი, მან ვერ შეძლო დედანი დოკუმენტის წარმდგენა. ამავდროულად, კასატორ ორგანიზაციაში ხსენებული დოკუმენტი არ ინახება და ბუნებაში არ არსებობს მხარესთან 2014 წლის შემდგომ გაფორმებული რაიმე დანართი/ხელშეკრულება/შეთანხმება სახელფასო ცვლილების შესახებ, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შრომითი ხელშეკრულებაში ხელფასად მითითებულისგან განსხვავებულ ოდენობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის მტკიცების ფაქტს. საბანკო ჩარიცხვები უდავოდ ცხადყოფს, რომ 2017 წლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელფასო სარგო 3750 ლარი მხარეს არასდროს მიუღია, შესაბამისად, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა არა 3750 ლარს, არამედ საბანკო გადარიცხვებში ასახულ ოდენობას (რომელიც სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულ ოდენობას შეადგენდა), შესაბამისად, სასამართლოს, ყოველთვიური ანაზღაურება, სულ მცირე, სხვადასხვა თვეებში ჩარიცხული საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად უნდა დაედგინა და არა 2017 წლის ხელშეკრულებაში მითითებული თანხით, ხოლო თუ დადასტურებულად მიიჩნევდა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს, საურავიც ამავე დავალიანების ბაზაზე უნდა გამოეანგარიშებინა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა ერთი მხრივ, ხელფასის ოდენობა, მეორე მხრივ კი სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი.

15. უპირველესად, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, დაასაბუთოს კასატორის პრეტენზიათა უსაფუძვლობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შრომითი ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებით.

15.1. სადავო სახელფასო დავალიანების წარმოშობის პერიოდია 2019 წლის აგვისტოს თვე, შესაბამისად, პალატისათვის სახელმძღვანელოა საქართველოს შრომის კოდექსის ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანამდე.

15.2. თანახმად საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მეცხრე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანხმად, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს.

15.3. სახელფასო დავალიანების შესახებ შრომით დავებში ანაზღაურების ოდენობის დადასტურების ვალდებულება, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პირობებში, სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულის მხარეს არის, რომელიც დაძლეული უნდა იქნეს ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებების (მხარის (მესამე პირის) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით, ექსპერტის დასკვნით, ფაქტის კონტატატციის მასალებით) სასამართლოში წარდგენის გზით.

15.4. საკასაციო პალატა უწინარესად მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად, მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1288-2019, 04.03.2021წ).

15.5. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (იხ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

15.6. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრის ეტაპზე, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითებდა მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან 2019 წლის აგვისტოს თვემდე ხელფასის დანიშნულებით განხორციელებულ ჩარიცხვებზე.

15.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.

15.8. მოსარჩელემ ისარგებლა რა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული პროცესუალური შესაძლებლობით, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რის საფუძვლადაც წარმოადგინა ახალი მტკიცებულება _ 2017 წლის 01 თებერვლით დათარიღებული №1/17-1758 შრომითი ხელშეკრულების ფოტოასლი.

15.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

15.10. პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ 2022 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე, რომელზედაც, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის მიზნით, წარდგენილი იქნა №1/17-1758 შრომითი ხელშეკრულების ფოტოასლი, მოპასუხეს ფოტოასლის საქმეზე მტკიცებულებად დართვის მიმართ საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუხატავს, არ უშუამდგომლია არც მისი დედნის წარმოდგენა (იხ. 14.03.2022 სასამართლო სხდომის ოქმი 11:05:52სთ). ამავდროულად, ამავე სხდომაზე, მოპასუხეს მიეცა შესაძლებლობა, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გაზრდის საფუძვლებთან მიმართებით წარმოედგინა საკუთარი პოზიცია და საწინააღმდეგო მტკიცებულებები (იხ. ამავე სასამართლო სხდომის ოქმის 11:07:34სთ), თუმცა 2022 წლის 21 მარტის მოსამზადებელი სასამართლო სხდომა ისე გადაიზარდა მთავარ სხდომაში, რომ შეპასუხება გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნასა და მის დასადასტურებლად მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებაზე (თუნდაც ასლის ნაცვლად დედნის წარმოდგენის აუცილებლობაზე) მოპასუხეს სასამართლოსთვის არ შეუგებებია და ამავდროულად, არც თავად წარუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა საბუთის ასლის მტკიცებულებით მნიშვნელობას (იხ. 21.03.2022 სასამართლო სხდომის ოქმი 12:31:55სთ).

15.11. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავებში დასაქმებულს ეკისრება _ 1. შრომითი ურთიერთობის არსებობის; და 2. ანაზღაურების ოდენობაზე შეთანხმების არსებობის დამტკიცების ტვირთი. რაც შეეხება დავალიანების არსებობის შესახებ ფაქტობრივ გარემოებას, აღნიშნულის მიმართ მოსარჩელეს ეკისრება მარტოოდენ მითითების ვალდებულება, რამეთუ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების ტვირთი არა კრედიტორის, არამედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. შრომის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ დამსაქმებელი განიხილება მოვალედ და, სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მის მხარეს არის (იხ. სუსგ. №ას-17-15-2017, 31.03.2017წ.), ანუ მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურა ხელფასი სრულად და მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია (იხ. სუსგ. №ას-376-2019, 14.06.2019წ.).

15.12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ თავი გაართვა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთს 2017 წლის 01 თებერვლით დათარიღებული №1/17-1758 შრომითი ხელშეკრულების ფოტოასლისა და სახელფასო ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრების სასამართლოში წარდგენით, რამაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა არარსებობისა და ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი გადაიტანა მოპასუხეზე.

15.13. მოპასუხემ საკუთარი შესაგებელი დააყრდნო მარტოოდენ იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელის ხელფასი მოპასუხე ორგანიზაციაში შეადგენდა დაუბეგრავ 2500 ლარს, მან შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “ პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, რის თაობაზეც წინასწარ არ უცნობებია მოპასუხისთვის და მოპასუხეს სრულად აქვს ანაზღაურებული ხელფასი იმ პერიოდზე, რაც მან იმუშავა. ანაზღაურების ოდენობისა და ნამუშევარ პერიოდზე ხელფასის გაცემის ფაქტობრივი გარემოებების დასტურად მას სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, არ წარუდგენია, რომელსაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე.

15.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამრიგად, საკასაციო პალატის შეფასებით, მოპასუხემ საამისოდ სწორ საპროცესო დროს _ მოსამზადებელი სტადიის დასრულებამდე, კვალიფიციური შედავება ვერ განახორციელა სარჩელის, დაზუსტებული მოთხოვნისა და მისი დასაფუძნებელი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რამაც განაპირობა სწორედ ის შედეგი, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჩაითვალა დამტკიცებულად და საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას.

15.15. საგულისხმოა, რომ მოპასუხემ 2017 წლის 01 თებერვლით დათარიღებული №1/17-1758 შრომითი ხელშეკრულების ნამდვილობის მიმართ პრეტენზია განაცხადა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში, რაც სსსკ 380-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს ახლად მითითებულ ფაქტს, რომლის მიღებაც სააპელაციო სასამართლოში არ ხდება სწორედ იმ მიზეზით, რომ ასეთ ფაქტზე მითითების უფლებამოსილება მომჩივანს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოშიც.

15.16. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებაში დათქმული ოდენობით ანაზღაურების სრულად გაუცემლობა არ წარმოადგენს იმ დასკვნის საფუძველს, რომ მხარეებმა უარი თქვეს წერილობით შეთანხმებულ ანაზღაურებაზე და ზეპირი შეთანხმებით შეამცირეს იგი, რამეთუ ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მესამე პუნქტით აღიარებულ, შრომის სამართლის ფუძემდებლურ _ ,,favor prestatoris” პრინციპთან, რაც დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებრივი ასიმეტრიის პირობებში, ბალანსის აღდგენის მიზნით, გარემოებების, შრომითი პირობებისა და სამართლის ნორმების განმარტებისას დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.

15.17. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიპყრობს იმ გარემოებასაც, რომ დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილია დარიცხული 3750 ლარის დაკისრება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის ხელფასის ჩარიცხვის ეტაპზე, ხელფასი დაექვემდებარებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ დაქვითვებსაც, რომლის გამოქვითვა და ბიუჯეტში გადარიცხვა დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. ამრიგად, კასატორის არგუმენტი, რომ ჩარიცხულ თანხებსა და ხელშეკრულებაში დათქმულ ხელფასს შორის შეუსაბამობა მეტყველებს მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით ხელფასზე შეთანხმების არარსებობაზე, გაზიარებული ვერ იქნება.

15.18. მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის აგვისტოს თვის შრომის ანაზღაურების გაცემის ფაქტი არ დასტურდება. მოპასუხე მხარე სარჩელის უსაფუძვლობას დასაქმებულის მიერ წინასწარი შეტყობინების გარეშე სამსახურიდან წასვლას უკავშირებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ვერ მოახდენს გავლენას მოპასუხის მიერ შრომის ანაზღაურების გაცემის სახით შესასრულებელ ვალდებულებაზე, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც შრომითი ურთიერთობა დასაქმებულის ნებით შეწყვეტილია 2022 წლის 02 სექტემბრიდან, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე ნამუშევარი დროის _ 2022 წლის აგვისტოს თვის ანაზღაურება, რომლის დაქვითვის/დაკავების კანონისმიერი ან გარიგებისმიერი საფუძველი დამსაქმებელს არ გააჩნია.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 329.25 ლარის ოდენობით, რომლის 70% - 230.48 ლარის ოდენობით ექვემდებარება კასატორისთვის უკან დაბრუნებას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ს.კ. რ. ? “-ს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 329.25 ლარის (საგადახდო დავალება №220, გადახდის თარიღი: 09.11.2022წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 230.48 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი