საქმე №ას-721-2023 3 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.გ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს ,,ე.გ–ის’’ (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) განცხადება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ს–ს’’ (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონებების: 1) საკადასტრო კოდი: ......, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 94, ბლოკი „ა“, ფართი: 121.4 კვ. მ.; 2) საკადასტრო კოდი: ........., საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 95, ბლოკი „ა“, ფართი: 59.1 კვ.მ; 3) საკადასტრო კოდი: ........, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 96, ბლოკი „ა“, ფართი: 59.5 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2. 2023 წლის 24 აპრილს საარბიტრაჟო მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. 2023 წლის 26 აპრილს საჩივრის ავტორმა დამატებით წარადგინა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონებების შეფასების აქტები და მიუთითა, რომ მათი ჯამური ღირებულება აღემატებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინება ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონებების: საკადასტრო კოდი: ........, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 94, ბლოკი „ა“, ფართი: 121.4 კვ. მ. და საკადასტრო კოდი: ........, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 96, ბლოკი „ა“, ფართი: 59.5 კვ.მ. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .........., საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 95, ბლოკი „ა“, ფართი: 59.1 კვ.მ. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში დარჩა ძალაში.
4. შპს „ს–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებაზე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ძალაში დატოვების ნაწილში, დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომართვა, რომლის თანახმად საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადების განხილვის მიზნით, მოთხოვნილი იყო საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.
6. 2023 წლის 16 ივნისს საქმე დროებით გაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში, ხოლო ამავე წლის 22 ივნისს კვლავ დაბრუნდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „ს–ისა“ და შპს „ე.გ–ის“ განცხადებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..........., საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 95, ბლოკი „ა“, ფართი: 59.1 კვ.მ. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „ს–ის“ საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო აღარ განიხილავს მხარეთა შორის მიმდინარე დავას და შეწყვეტს განხილვას საქმეზე, თუ გამოარკვევს, რომ დავის საგანი აღარ არსებობს.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2023 წლის 9 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საარბიტრაჟო მოპასუხემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. 2023 წლის 14 ივნისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და აღნიშნა, რომ თანახმაა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „ს–ისა“ და შპს „ე.გ–ის“ განცხადებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ........, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა 95, ბლოკი „ა“, ფართი: 59.1 კვ.მ. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში.
13. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განხილვის საგანს, გადმოგზავნილი საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივრის ნაწილში, სწორედ წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების მართლზომიერება წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით კი, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განსახილველ საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-1104-1024-2017, 31 ოქტომბერი, 2017 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 272-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „ს–ის“ საჩივარზე შპს „ე.გ–ის მიმართ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებებზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი