საქმე №ას-361-2023 7 ივნისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ლ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ს–ის“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა
დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულების მოშლილად აღიარება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ლ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ იჯარის ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის 2019 წლის 11 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა მიჩნეული 2021 წლის 1 ივლისიდან; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ქ. თბილისში, ....... მდებარე 93.04 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი: ..........) და 219.57 კვ.მ ფართის მქონე სხვენი, საკადასტრო კოდი: ...... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 39 913, 96 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და ასევე 103 730 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა.
6. 2022 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მორიგების პირობების შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. მხარეს დაევალა სააპელაციო სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული მოთხოვნა, სადაც მითითებული იქნებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ის პუნქტები, რომლებზეც განმცხადებელი სააღსრულებო ფურცლის ამოწერას ითხოვს.
8. 2022 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული მოთხოვა და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე ითხოვს. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა როგორც მხარეთა შორის 2019 წლის 11 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების (შემდგომში - „მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება“) შეწყვეტა, 2022 წლის 17 ნოემბრიდან, ისე სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
9. 2023 წლის 25 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი ამავე სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინების მე-2 და მე-4 პუნქტებზე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით მე-3 პუნქტის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა წარედგინა დაზუსტებული მოთხოვნა.
11. 2023 წლის 7 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და აღნიშნა, რომ გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავს მითითებას მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მხარეთა მორიგების შეწყვეტისა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.
12. 2023 წლის 16 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში აღნიშნულ საკითხზე.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით მხარეს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით, მოთხოვნის დასაზუსტებლად.
14. 2023 წლის 2 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლის მოთხოვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რამდენადაც მხარე საიჯარო ქირის ოდენობას 2028 წლის პირველ იანვრამდე ითხოვს, მაშინ როდესაც საიჯარო ხელშეკრულებას 2022 წლის 17 ნოემბრიდან მიიჩნევს შეწყვეტილად. მორიგების მე-3 პუნქტის ბოლო წინადადების მიხედვით, საიჯარო ქირის ყოველთვიური ოდენობა, 3000 აშშ დოლარის ოდენობით, მხარეს საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტამდე ეკისრება. რაც შეეხება სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საკითხს, მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით აღნიშნული საკითხი არ იყო გათვალისწინებული.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
18. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ ძირითად საფუძვლებზე:
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება დაუსაბუთებელია. არასამართლებრივია არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ სასამართლო ვერ გასცემს სააღსრულებო ფურცელს ისეთ პირობაზე, რომლებზეც მხარეები მორიგების ეტაპზე არ შეთანხმებულან;
18.2. მოპასუხემ უხეშად დაარღვია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები და არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტასა და საიჯარო ქონების გამოთხოვას, მიუხედავად იმისა გაწერილია ეს პირობები ხელშეკრულებასა თუ მორიგების აქტში;
18.3. მოპასუხის მხრიდან უხეშად ირღვეოდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები, ამიტომ მოსარჩელემ 2022 წლის 19 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს და მოითხოვა: ა) სააღსრულებო ფურცლის გაცემა მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე; ბ) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების გაუქმება და გ) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა. მე-2 და მე-4 პუნქტებზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მე-3 პუნქტთან დაკავშირებით კი მხარეს აღარ სურს სააღსრულებო ფურცლის გაცემა, თუმცა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარით სააპელაციო სასამართლომ მუდმივ მფლობელობაში დაუტოვა მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 557-ე, 558-ე და 564-ე მუხლები არეგულირებს მოცემულ შემთხვევას და ითვალისწინებს ნივთის დაბრუნების ვალდებულებასაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით 2022 წლის 17 ნოემბერს მიმართა. 2023 წლის 25 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი ამავე სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინების მე-2 და მე-4 პუნქტებზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით, მე-3 პუნქტის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. წინამდებარე განჩინების მე-10-მე-14 პუნქტებით ირკვევა, რომ განმცხადებლის ძირითად მოთხოვნას (მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და განემარტა, რომ განცხადებაში მითითებული მოთხოვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხი მორიგების აქტით საერთოდ არ არის მოწესრიგებული და სასამართლო ვერ გასცემდა აღნიშნულთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცელს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა მოთხოვნის დასაზუსტებლად, თუმცა მხარემ კვლავ უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა (იხ. ტ.3, ს.ფ. 109), რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად.
23. სსსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს - პირის უფლებას სასამართლო წესით დაცვაზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
24. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება და იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას ან/და იგივე მიზნით წარადგინოს განცხადებები და შუამდგომლობები.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
26. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე – „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“).
27. წინამდებარე საქმის ფარგლებში, განმცხადებელს არაერთხელ მიეცა მოთხოვნის დაზუსტების საშუალება და განემარტა, რომ მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელს ისეთ საკითხზე, რომელიც მორიგების პირობებში გათვალისწინებული არ არის, სასამართლო ვერ გასცემს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე ერთი და იმავე შინაარსის მოთხოვნით მიმართავდა სასამართლოს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სხვა შინაარსის განცხადებით უნდა მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მხარეს არ ერთმევა მისი იურიდიული ინტერესის მიღწევის მიზნით სასამართლოსათვის სხვა შინაარსის განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის წარდგენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონო მფლობელობიდან საიჯარო ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხთან დაკავშირებით.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორიგების აქტი თავისი არსით წარმოადგენს სადავო ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, მხარეთა შეთანხმებას, თუმცა სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ მხარე იღებს ურყევ გარანტიას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მორიგების პირობების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება სააღსრულებო სამსახურის საშუალებით. ამისათვის საკმარისია სააღსრულებო ორგანოში სააღსრულებო ფურცლის წარდგენა.
30. სამოქალაქო დავის მორიგების გზით დამთავრება მოდავე სუბიექტთა უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის ცალსახა გამოვლინებაა, ასეთ დროს მხარეები თავადვე განსაზღვრავენ სადავო ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ წინაპირობებს და აზრთა ურთიერთშეჯერების გზით, გარკვეული კომპრომისის გათვალისწინებით თავადვე ადგენენ საქმის გადაწყვეტის მათთვის ყველაზე ხელსაყრელ და ოპტიმალურ შედეგს. დავის მორიგების გზით დასრულებისას სასამართლოს როლი სამართალწარმოებაში მინიმუმამდეა დაყვანილი და პრიორიტეტული სწორედ მხარეთა მიერ არჩეული საქმის გადაწყვეტის შესაძლო შედეგია, სამართლაწარმოება ასეთ დროს მხოლოდ ამ მორიგების პირობების სასამართლო წესით დამტკიცებით შემოიფარგლება.
31. კანონმდებლის აღნიშნული პოზიცია სამოქალაქო სამართალწარმოების უმთავრესი პრინციპით - დისპოზიციურობითაა განპირობებული, რომელიც სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, ამასთან, ამავე პრინციპიდან გამომდინარე, ის შესაძლო რისკები, რაც მხარეებმა მორიგების პირობების შეთანხმებისას ვერ გაითვალისწინეს, სწორედ მათი სამოქალაქო რისკია და ამ საფუძვლით განჩინების გაუქმების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ საქმე Nას-578-546-2012, 31 მაისი 2012 წელი).
32. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებითა და საქმის მასალებში არსებული მორიგების აქტით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 59-60), დასტურდება, რომ მორიგების აქტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეები სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ შეთანხმებულან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მორიგების აქტს მხარი დაუჭირა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ, ხოლო მორიგების განჩინებაზე კერძო საჩივარი არ წარდგენილა.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ საკითხზე, რომელიც მორიგების აქტით არ არის გათვალისწინებული, სასამართლო მოკლებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას. იმ პირობებში კი, როდესაც განმცხადებელმა დაზუსტებული მოთხოვნით (იხ. ტ.3 ს.ფ. 109) კვლავ სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით განცხადება მართლზომიერად იქნა განუხილველად დატოვებული.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ლ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6.03.2023 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი