Facebook Twitter

№ა-6418-შ-156-2022

22 ივნისი 2023 წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ი–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის N138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის N138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, ი.ი–ვას სარჩელი ბ.კ–იას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ.ი. ძე კ–ას ი.ე. ასულ ი–ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტების გადახდა შვილების სარჩენად: ა.ბ. ასული კ–ას, დაბადებული 28.11.2001 წელს, ნ.ბ. ასული კ–ას, დაბადებული 18.11.2003 წელს, დ.ბ. ასული კ–ას, დაბადებული 28.12.2015 წელს, თითოეულ ბავშვზე 6 182 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით - საარსებო მინიმუმის ½ ოდენობის სიდიდით კრასნოიარსკის მხარის მთავრობის 17.07.2018 წლის N418 „კრასნოიარსკის მხარის ერთ სულ მოსახლეზე და მოსახლეობის ძირითადი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების 2018 წლის მე-2 კვარტლის საარსებო მინიმუმის ოდენობის დადგენის შესახებ“ დადგენილების შესაბამისად, სრულად კრასნოიარსკის მხარეში ბავშვებისთვის ინდიკაციით საარსებო მინიმუმის ზრდის პროპორციულად, ყოველთვიურად 18.06.2018 წლიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. ბ.ი. ძე კ–ას დაეკისრა ადგილობრივ ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟი 300 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 26 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის N138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბ.ი. ძე კ–ა და ი.ე. ასული ი–ა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მომართა ი.ი–ვას (მოსარჩელის) წარმომადგენელმა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის N138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

5. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკენბრის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის N138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.

6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

7. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. (იხ. სუსგ საქმე №ა-2550-შ-61-2021 18.10.2022 წ.). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს.

8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14., სუსგ. საქმე Nა-2633-შ-68-2021).

9. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის მე-3 თავითვე მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და მათზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

10.საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ან/და, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს).

11. შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის, პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

13. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

14. ი.ი–ვა, რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის, ჟელეზნოდოროჟნის რაიონის No138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით წარმოადგენს საალიმენტო საქმის წარმოებაზე უფლებამოსილ პირს, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში, გადაწყვეტილების აღსრულების ვადაში წარდგენილი აქვს სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის კრასნოიარსკის მხარის ქ. კრასნოიარსკის სასამართლო ბოქაულების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს ალიმენტის გადახდევინების სასამართლო ბოქაულების განყოფილებაში, მაგრამ ხსენებული სამსახურის მიერ რუსეთის ფედერაციაში ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოვალის საქართველოში ცხოვრების და მისი საქართველოში საქმიანობის გამო.

15. შუამდგომლობაზე თანდართული რუსეთის ფედერაციის კრასნოიარსკის მხარის ქ. კრასნოიარსკის სასამართლო ბოქაულების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს ალიმენტის გადახდევინების სასამართლო ბოქაულების განყოფილების მიერ 2022 წლის 8 სექტემბერს გაცემული ალიმენტის დავალიანების დაანგარიშების შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ ი.ი–ვას რუსეთის ფედერაციაში სააღსრულებო წარმოების შედეგად სარჩო (ალიმენტი) არ მიუღია.

16.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ კონვენციითა და კანონით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს - რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის N138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10, 68-ე, 69-ე, 70-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ი–ვას წარმომადგენლის ა.ბ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის ქ. კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის N138 სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.ი. ძე კ–ას ი.ე. ასულ ი–ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტების გადახდა შვილების სარჩოდ: ა.ბ. ასული კ–ას, დაბადებული 28.11.2001 წელს, ნ.ბ. ასული კ–ას, დაბადებული 18.11.2003 წელს, დ.ბ. ასული კ–ას, დაბადებული 28.12.2015 წელს, თითოეულ ბავშვზე 6 182 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით - საარსებო მინიმუმის ½ ოდენობის სიდიდით კრასნოიარსკის მხარის მთავრობის 17.07.2018 წლის N418 „კრასნოიარსკის მხარის ერთ სულ მოსახლეზე და მოსახლეობის ძირითადი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების 2018 წლის მე-2 კვარტლის საარსებო მინიმუმის ოდენობის დადგენის შესახებ“ დადგენილების შესაბამისად, სრულად კრასნოიარსკის მხარეში ბავშვებისთვის ინდიკაციით საარსებო მინიმუმის ზრდის პროპორციულად, ყოველთვიურად 18.06.2018 წლიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე