Facebook Twitter

საქმე №ას-459-2022

03 ნოემბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.გ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ (მოპასუხე)

მოსარჩელის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - ვ.ბ–ი, ე.ბ–ი

მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - ა.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. ა.გ–იამ სარჩელი აღძრა ი/მ დ.ჯ–ვას თ&დ-ს მიმართ, რომლითაც შემდეგი სახის მოთხოვნები დააყენა: მოპასუხისთვის 2009 წლის 5 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა - 79 900 ლარის ოდენობით; ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ზიანის ანაზღაურება - 39 950 ლარის ოდენობით და მოპასუხისთვის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური საურავის სახით - 765 ლარის გადახდის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ა.გ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

4. 2022 წლის 13 იანვარს, ა.გ–იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრისა და 8 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმებში უსწორობის გასწორება. კერძოდ, განმცხადებლის მოთხოვნით - აღნიშნულ ოქმებში ი/მ დ.ჯ–ვას ნაცვლად უნდა მიეთითებინათ - ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ (ტომი VI, ს.ფ. 98-100). მოპასუხემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა მის მიერ, 2014 წლის 16 ივლისს შეტანილი სარჩელით, სადაც მოპასუხედ დასახელებული ჰყავდა ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ. ასევე, ითხოვა სასამართლოსვე ინიციატივით ჩაბმული გ.ბ–სა და სხვა პირების ამორიცხვა საქმეში მონაწილეობიდან, რადგან ამ პირებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ მის საქმესთან (ტომი VI, ს.ფ. 98-100).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით, ა.გ–იას 2020 წლის 13 იანვრის განცხადება, უსწორობის გასწორების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში, ამასთან, 2022 წლის 26 იანვარს, დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, მხარეებს დაევალათ არაუგვიანეს 2022 წლის 09 თებერვლისა, წარედგინათ წერილობითი პოზიცია უსწორობის გასწორებასთან დაკავშირებით.

7. 2022 წლის 29 იანვარს, ა.გ–იამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებების სახით, წარუდგინა გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ფორმა, ინდივიდუალური საწარმოს მეწარმეთა რეგისტრაციის ანკეტა, მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები. მან, მხარი დაუჭირა მის მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 13 იანვარს წარდგენილ მოთხოვნას, უსწორობის გასწორების თაობაზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ა.გ–იას 2022 წლის 13 იანვრის შუამდგომლობა უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში, 2021 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმში, 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებაში, 2021 წლის 8 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმში, 2022 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმში ი/მ დ.ჯ–ვა-ს ნაცვლად, მიეთითა ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ (ტომი VI, ს.ფ. 165-169).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.გ–იამ.

10. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ არ იმსჯელა შუამდგომლობის ერთ-ერთ მოთხოვნაზე. კერძოდ, ა.გ–იას მოთხოვნა შეეხებოდა გ.ბ–ს სტატუსს განსახილველ საქმეში, იგი აცხადებს, რომ აღნიშნულ სუბიექტს მოცემულ საქმესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია, ამდენად იგი ამორიცხულ უნდა იქნას მესამე პირთა სიიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.გ–იას კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

12. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავისებურება მხოლოდ ისაა, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (სსსკ-ის 414 მუხლი) ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად (სსსკ-ის 377-ე მუხლი). საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, ამ მუხლის ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი.

13. განსახილველ შემთხვევაში, ა.გ–იას მიერ ნაწილობრივ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შუამდგომლობაში დაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც შეეხება გ.ბ–ს ამორიცხვას მესამე პირთა სიიდან.

14. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ა.გ–იას 2022 წლის 13 იანვრის, განცხადებაზე, სადაც მან მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრისა და 8 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმებსა და საოქმო განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, განმცხადებლის მოთხოვნით - აღნიშნულ ოქმებში ი/მ დ.ჯ–ვას ნაცვლად უნდა მიეთითებინათ - ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ (ტომი VI, ს.ფ. 98-100), ასევე, ითხოვა სასამართლოსვე ინიციატივით ჩაბმული გ.ბ–სა და სხვა პირების ამორიცხვა საქმეში მონაწილეობიდან, რადგან ამ პირებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ მის საქმესთან (ტომი VI, ს.ფ. 98-100). აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი მოთხოვნის ნაწილში, შინაარსობრივად, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მ–ა ?“-ის ახალი თავმჯდომარის - გ.ბ–ს სტატუსს მოცემულ საქმეში და მესამე პირის საქმეში ჩაბმის კანონიერებას.

15. საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ა.გ–იას 2022 წლის 13 იანვრის შუამდგომლობა უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში, 2021 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმში; 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებაში, 2021 წლის 8 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმში, 2022 წლის 26 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმში ი/მ დ.ჯ–ვას ნაცვლად მიეთითა ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ.

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

17. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის(კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგაა გამოტანილი.საქმის მასალებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ა.გ–იას პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილ შედეგზე არ გააჩნია, ვინაიდან უსწორობის გასწორების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

19. რაც შეეხება საქმეში ჩართული მესამე პირის ჩაბმის (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მთაწმინდა 98“-ის ახალი თავმჯდომარის - გ.ბ–ს მოწვევის) კანონიერების საკითხს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნულის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით და აღნიშნული განჩინება, ცალკე, ასევე გასაჩივრებულია კერძო საჩივრის ავტორის მიერ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხი სცდება განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებს და საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას წინამდებარე განჩინებაში იმსჯელოს მის ირგვლივ.

20. რაც შეეხება, კერძო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას, მოწმის სახით ამხანაგობა "მ–ა 98"-ის თავმჯდომარის - გ.ს–ძის სხდომაზე გამოკითხვის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა, რომელზეც პალატამ 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით იმსჯელა, ამგვარ მოთხოვნას არ შეიცავდა, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრების ობიექტი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ხსენებული მოთხოვნა სამართლებრივად შეაფასოს. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ მოწმის გამოძახება - დაკითხვის შესახებ საპროცესო მოქმედებების კანონიერების შემოწმება დაუშვებელია კერძო საჩივრის ფარგლებში, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობით კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი.

21. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.გ–იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველი (შდრ. სუსგ. N1296-2021, 2021 წლის 16 დეკემბერი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.გ–იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის წლის 24 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე