საქმე №ას-459-2022
3 ნოემბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.გ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ (მოპასუხე)
მოსარჩელის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - ვ.ბ–ი, ე.ბ–ი
მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - ა.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ა.გ–იამ სარჩელი აღძრა ი/მ დ.ჯ–ვას მიმართ და მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ა.გ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა ა.მ–ის უფლებამონაცვლეებად მისი მემკვიდრეების ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დაზუსტდა მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და ნაცვლად ა.მ–ისა, მითითებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა „მ–ა ?“. მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოწვეული იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მ–ა ?“-ის ახალი თავმჯდომარე - გ.ბ–ი, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ამხანაგობა „მ–ა ?-ის“ არჩეული წარმომადგენელი.
5. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა.გ–იამ, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს (იხ. ტომი VI, ს.ფ. 108-116, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გრაფაში მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება, რომელსაც მხარე სრულად ასაჩივრებს). კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას რამდენიმე საფუძვლით მოითხოვს, რომელთაგან ერთ-ერთია საქმეზე ა.მ–ის უფლებამონაცვლეებად მისი მემკვიდრეების ჩართვაზე უარის თქმის კანონიერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.გ–იას კერძო საჩივარი ა.მ–ის უფლებამონაცვლედ მისი მემკვიდრეების ჩართვაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ხოლო კერძო საჩივარი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის დაზუსტებისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მ–ა ?“-ის ახალი თავმჯდომარის - გ.ბ–ის მოწვევის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა გარდაცვლილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამონაცვლედ მისი კანონისმიერი მემკვიდრეების ცნობაზე.
9. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
10. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ.: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019 წელი).
11. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია ერთპირიანი საწარმო ი/მ დ.ჯ–ვა თ&დ ხოლო, მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში ჩაერთო - ა.მ–ი. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა.მ–ის საქმეში მესამე პირად ჩართვას საფუძვლად ედო თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2014 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე, დ.ჯ–ვას წარმომადგენელის განცხადება საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „მ–ა ?“-ის წარმომადგენლის - ა.მ–ის (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე) ჩართვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის მოტივაცია და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ა.მ–ი ჩართო.
12. პირველ რიგში, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს ა.მ–ის პროცესუალურ სტატუსზე. კერძოდ, შესაფასებელია ა.მ–ის საქმეში ჩართვა განაპირობა საქმესთან მისმა, როგორც ფიზიკური პირის შემხებლობამ, თუ ადგილი ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ პალატამ მართებულად დააზუსტა საქმეში მესამე პირად ჩართული ა.მ–ის საპროცესო სტატუსი და ვინაიდან საქმეში ა.მ–ი ამხანაგობა „მ–ა ?“-ის წარმომადგენლის სტატუსით იყო პროცესში ჩართული ამიტომ, მიიჩნია, რომ კანონით მემკვიდრეობას არ ჰქონდა ადგილი. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა უფლებამონაცვლეების ჩართვის თაობაზე და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ა.მ–ის უფლებამონაცვლეების დადგენის გარეშე გაგრძელდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ ცნობად მიიღო რა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ–ა ?"-ის თავმჯდომარის გარდაცვალებისა და ახალი თავმჯდომარის არჩევის ფაქტი (2016 წლის 29 ოქტომბრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი), კანონიერად გადაწყვიტა მომდევნო სასამართლო სხდომაზე ამხანაგობა „მ–ა ?“-ის ახალი თავმჯდომარის - გ.ბ–ის მოწვევის საკითხი.
13. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-879-837-2013, 2014 წლის 10 მარტი). ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლეობის გზით, კანონისმიერი მემკვიდრეების ჩართვა დაუშვებელია, ვინაიდან ასეთი უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია მატერიალური კანონმდებლობის მიხედვით.
14. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, საკმაოდ მოცულობითი კერძო საჩივრის წარდგენის მიუხედავად, არ მიუთითებია რაიმე ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე ან სამართლებრივ უსწორობაზე, რომელიც დასაბუთებულ შედავებად იქნებოდა განხილული და საკასაციო პალატას გასაჩივრებული განჩინების უსწორობაში დაარწმუნებდა.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია რის გამოც ამ ნაწილში, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
16. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით გადაწყვეტილ მეორე სადავო საკითხს, რომელიც დაკავშირებულია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართული სუბიექტის დაზუსტებასა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მ–ა ?“-ის ახალი თავმჯდომარის- გ.ბ–ის მოწვევას.
17. საკასაციო პალატა, საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ამ ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რის გამოც კერძო საჩივარი ამ ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული. ამ მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის დანაწესი განსაზღვრავს იმ განჩინებების გასაჩივრების წესს, რომლებიც სასამართლომ საქმეზე არსებითად განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებამდე გამოიტანა. იგულისხმება ისეთი შუალედური განჩინებები, რომელთა გასაჩივრება კერძო საჩივრის შეტანით დაუშვებელია (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-532-505-2015, 2015 წელი 17 ივნისი).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (საჩივრით) (სსსკ-ის 414-ე მუხლი), ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად(სსსკ-ის 377-ე მუხლი). სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, შეიძლება მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საკასაციო საჩივარში. უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებსაც. (იხ. სუსგ-ებები: №3კ/393-01, 19 ოქტომბერი, 2001 წ; №ას-112-415-04, 4 მარტი, 2004წ; №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინსმწრებ განჩინებაზე. კერძოდ, გასაჩივრებული საოქმო განჩინებით, დაზუსტდა საქმეში მესამე პირად ჩართული სუბიექტი: სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა.მ–ი საქმეში ჩართული იყო, როგორც ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „მ–ა ?“-ის წარმომადგენელი. ამასთან გადაწყდა მესამე პირის წარმომადგენლის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო, ახლადარჩეული ამხანაგობის თავმჯდომარის მოწვევის საკითხი.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირების საქმეში ჩართვის საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე - 91-ე მუხლები. კერძოდ, 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად, რაც შეეხება მესამე პირების ჩართვის შესახებ განჩინების გასაჩივრებას, აღნიშნულის თაობაზე მითითებული საპროცესო ნორმები შესაბამის დათქმას არ ითვალისწინებს. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, სსსკ-ის 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი განჩინების უსწორობასა და დაუსაბუთებლობაზე შეიძლება მითითებული იყოს მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარში.
20. საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17).
21. შესაბამისად, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მესამე პირების ჩართვის შესახებ განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრებას და ვერც საქმეში ჩართული მესამე პირის დაზუსტება ვერ გახდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, ცალკე გასაჩივრების საგანი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ საჩივრდება საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, სასამართლო განსახილველად ვერ დაუშვებს მისი წინმსწრები განჩინების მიმართ დამოუკიდებლად წარდგენილ კერძო საჩივარს და ამ ნაწილში წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 209-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–იას კერძო საჩივარი ა.მ–ის უფლებამონაცვლედ მისი მემკვიდრეების ჩართვაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინების პირველი პუნქტი;
3. ა.გ–იას კერძო საჩივარი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის დაზუსტებისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მ–ა ?“-ის ახალი თავმჯდომარის - გ.ბ–ის მოწვევის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე