საქმე №ას-760-2023 17 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ.გ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.გ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ..........), სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №003003421 დასკვნის №2 დანართის მიხედვით და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ერიცხება 598 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ.ბორჯომში, ......... №11-ში, ს/კ №.......... მის მეზობლად მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ.......... მოპასუხემ უკანონოდ დაიკავა და შემოღობა მოსარჩელის კუთვნილი 19 კვ.მ მიწა და, მოსარჩელის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ნაკვეთი არ გაათავისუფლა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ .........), სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №003003421 დასკვნის №2 დანართის მიხედვით და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქალაქ ბორჯომში, ......... ........, №11-ში მდებარე 598 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი №.......... საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.
7. მოპასუხეს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ერიცხება 731 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ ბორჯომში, ......... ქ. №15-ში, საკადასტრო კოდი №.......
8. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 5 მაისის №5002802021 დასკვნის თანახმად, ქ. ბორჯომში, ......... შესახვევის №11-ში მდებარე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ფაქტობრივი საზღვრები (ღობე) არ შეესაბამება ამავე მიწის ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს). ქ. ბორჯომში, ......... ͏№11-ში მდებარე №......... და №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი ფაქტობრივი საზღვრის (ღობის) ნაწილი საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზს) არ შეესაბამება, რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 19 კვ.მ ფართს.
9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 5 მაისის №5002802021 დასკვნისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის შესახებ №F21000309 ოქმის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების ნაწილს - 19 კვ.მ-ს (ს.კ №.........) მოპასუხე ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3, მე-4 და 105-ე მუხლების სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებები არასწორად იქნა დადგენილი, ხოლო მტკიცებულებები - არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
12. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნისა და აპელანტის მოთხოვნის საფუძლიანობის შემოწმების ფარგლებში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე და აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების უსაფუძლობასთან დაკავშირებით. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ აპელანტის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა). თუმცა, მან ხსენებული საპროცესო მოქმედება არ შეასრულა, ხოლო საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დგინდება, რომ სადავო მისამართზე მდებარე №......... და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი ფაქტობრივი საზღვარის (ღობის) ნაწილი საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზს) არ შეესაბამება, რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 19 კვ.მ ფართს. ხსენებულის გამო კი, მოსარჩელეს ეზღუდება საკუთრებაში არსებული ქონებით (მიწის ნაკვეთით) გამართულად (სრულყოფილად) სარგებლობის უფლება.
14. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, აპელანტმა თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მით უმეტეს, აღანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
15. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავის მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, აპელანტმა დასაშვები (დასაბუთებული) სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ ვერ წარადგინა.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლით და განმარტა, რომ რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.
17. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
18. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნითის მესაკუთრე, რომლიც ითხოვს მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. აპელანტის განმარტება კი, მისი მხრიდან მოსარჩელის საკუთრებად სადავო 19 კვ.მ-ის აღრიცხვის კანონიერების გასაჩივრების შესახებ ვერ იქნება მიჩნეული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.
20. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს. ამასთან, მოხმობილი მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. შოთაძე თ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, 2018, თბილისი, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი, გვ. 628).
21. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, წინამდებარე საქმის მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი, შესაბამისად, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემოთ მითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს. ამდენად, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და ექსპერტიზის დასკვნიდან. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა - მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. მართალია, მის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ხსენებული არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებად სადავო 19 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის აღრიცხვის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს და იმ პირობებშიც კი, თუკი გადაწყვეტილებით აპელანტის სარჩელი ადმინისტრაციულ დავაზე დაკმაყოფილდება და კანონიერ ძალაში შევა, მას ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, თავად აღძრას ვინდიკაციური სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ და ამგვარად მოახდინოს მისი უფლების რეალიზაცია. იქამდე კი, სანამ საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემები და ექსპერტიზის დასკვნა საპირისპიროს მოწმობს, აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
22. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც აპელანტი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ფართის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. საქმის განმხილველ სასამართლოს არ მოუწვევია მოპასუხის მიერ მოთხოვნილი მესამე პირი და მოწმეები, რომელთა უფლებებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება. აღნიშნული პირები დაადასტურებდნენ, თუ რეალურად ვინ ფლობს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სადავო 19 კვ.მ-ს.
25. სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია, რომელ ფართს ფლობენ მხარეები და ხორციელდება თუ არა ხელშეშლა რომელიმე მათგანის მხრიდან.
26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია სსკ-ის 172-ე მუხლის მიზნებისათვის მხარეთა მდგომარეობა და ამ უფლების გამოყენების კეთილსინდისიერება, არამედ დისკრიმინაციული მიდგომით საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია გაავრცელა მხოლოდ მოსარჩელესთან მიმართებით, არ გაავრცელა მოპასუხისა და მესამე პირის - გრიგოლ გელაშვილის მიმართ, რომელსაც უშუალოდ ეხებოდა ეს საკითხი. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არ შეაფასა სარჩელის აღძვრის წინაპირობების არსებობა სწორედ მტკიცების ნაწილში, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები უნდა ემტკიცებინა სწორედ მოსარჩელეს. მან კი სარჩელი მცდარ ფაქტებს დააფუძნა.
27. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით და არ გამოიყენა ამავე სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის №ას-719-2021 განჩინება, რომელიც სადავო საკითხს შეესაბამება.
28. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ კანონდარღვევით უთხრა უარი მოპასუხეს ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ. მოპასუხემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა ადმინისტრაციული საქმიდან და განახლებული საკადასტრო რუკა, რა დროსაც დაასაბუთა მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობის მიზეზი - აღნიშნული დასკვნა საქმის განხილვისას ჯერ არ იყო დასრულებული. სააპელაციო პალატამ კი გაიზიარა მოსარჩელის მცდარი მითითება, რომ ადმინისტრაციული დავა მის სასარგებლოდ გადაწყდა. ამდენად, მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებისათვის დაეპირისპირებინა მისი პოზიციის დამადასტურებელი მასალები. სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია, თუ ვინაა სადავო ფართის ნამდვილი თანამესაკუთრე, ფაქტობრივად, სავინდიკაციო სარჩელის აღძვრის წინაპირობები არ არსებობდა და მოსარჩელე ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებებს.
29. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ადმინისტრაციული საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რომლის ფარგლებშიც იხილებოდა მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერება და რეგისტრაციის გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლის არსებობა. მოპასუხის მამის ½ წილი სადავო ქონებაში დასარეგისტრირებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლითაც არ დგინდებოდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, არამედ იგი შეეხებოდა ადრე არსებული და გამოსწორებული ზედდების არსებობას.
30. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია მოპასუხის მიერ წარდგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომელიც აქარწყლებდა სარჩელი აღნიშნულ გარემოებებს. კონსტატაციის ოქმით მითითებული ადგილი არ შეესაბამება ექსპერტიზის დასკვნით აღწერილ მდებარეობას და ადასტურებს, რომ ნაკვეთი მოპასუხის საკუთრებაშია, რაც გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას. ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ნაკვეთი კი მოსარჩელის სარდაფის ნაწილია. მოპასუხე მას არ ფლობს. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებანი შესაგებელთან ერთად.
31. კასატორმა მიუთითა, რომ ახალი კოორდინატების სისტემის პირობებში მოსარჩელეა შეჭრილი ყველა მოსაზღვრის, მათ შორის, მოპასუხის ნაკვეთში.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
36. ქალაქ ბორჯომში, ........., №11-ში მდებარე 598 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი №.......... საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.
37. მოპასუხეს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ერიცხება 731 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ ბორჯომში, ......... ქ. №15-ში, საკადასტრო კოდი №..........
38. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 5 მაისის №5002802021 დასკვნის თანახმად, ქ. ბორჯომში, ......... შესახვევის №11-ში მდებარე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ფაქტობრივი საზღვრები (ღობე) არ შეესაბამება ამავე მიწის ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს). ქ. ბორჯომში, ......... ქუჩაზე, 2 შესახვევის ͏№11-ში მდებარე №......... და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი ფაქტობრივი საზღვრის (ღობის) ნაწილი საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზს) არ შეესაბამება, რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 19 კვ.მ ფართს.
39. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 5 მაისის №5002802021 დასკვნისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის შესახებ №F21000309 ოქმის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების ნაწილს - 19 კვ.მ-ს (ს.კ №.........) მოპასუხე ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
44. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.).
46. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. theUnited Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. theNetherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი - ნინო კალატოზიშვილი).
47. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი სადავო უძრავ ქონებას ფლობდა. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება კასატორის მხოლოდ მითითება, მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების შესახებ (შდრ: სუსგ №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023წ; №ას-48-2023, 23 თებერვალი, 2023 წელი). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება, რაც კანონით დადგენილი წესით გაბათილებული არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
49. სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოთხოვნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან 19 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების შესახებ იმ გარემოებას აფუძნებდა, რომ მოსარჩელეს სადავო ფართი ერიცხება საკუთრების უფლებით, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - მოპასუხე შეჭრილია მისი საკუთრების ნაწილში - სადავო 19 კვ.მ-ში დასაკუთარი ნებით არ ათავისუფლებს. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები (სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი).
53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
55. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მცდარ მონაცემებს შეიცავს.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
57. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის არასწორად გაზიარების თაობაზე და მიიჩნევს, რომ წინამდებარე სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არარსებობის შესახებ, მოპასუხის პოზიცია შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არ ყოფილა.
58. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების პ.13-ში ასახულ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა). თუმცა, მან ხსენებული საპროცესო მოქმედება არ შეასრულა, ხოლო საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დგინდება, რომ სადავო მისამართზე მდებარე №......... და №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი ფაქტობრივი საზღვარის (ღობის) ნაწილი საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზს) არ შეესაბამება, რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 19 კვ.მ ფართს. ხსენებულის გამო კი, მოსარჩელეს ეზღუდება საკუთრებაში არსებული ქონებით (მიწის ნაკვეთით) გამართულად (სრულყოფილად) სარგებლობის უფლება.
59. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება ვერც იმ ნაწილში, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ მიიღო მოპასუხის მიერ სააპელაციო ინსტანციაში წარდგენილი მტკიცებულებანი.
60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ასეთი პატივსადები მიზეზის არსებობა.
61. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიას წარმოადგენს, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ფართის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. საქმის განმხილველ სასამართლოს არ მოუწვევია მოპასუხის მიერ მოთხოვნილი მესამე პირი და მოწმეები, რომელთა უფლებებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება. აღნიშნული პირები დაადასტურებდნენ, თუ რეალურად ვინ ფლობს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სადავო 19 კვ.მ-ს. ( იხ. საკასაციო საჩივარი; წინამდებარე განჩინების პ.24).
62. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
63. ვიდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; ( შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022). როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დგინდება, რომ სადავო მისამართზე მდებარე №......... და №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი ფაქტობრივი საზღვარის (ღობის) ნაწილი საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზს) არ შეესაბამება, რა შემთხვევაშიც ღობე მოიცავს (გადაფარავს) №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 19 კვ.მ ფართს. აღნიშნულის გამო კი, მოსარჩელეს ეზღუდება საკუთრებაში არსებული ქონებით (მიწის ნაკვეთით) გამართულად (სრულყოფილად) სარგებლობის უფლება.
64. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის ფლობს სადავო უძრავ ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, სამართალწარმოების შედეგით ვერ იქნებოდა დაინტერესებული, რადგანაც მის მიმართ ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ. სუსგ-ები: №ას-1314-2022, 16 თებერვალი, 2023 წ. პ.81; №ას-541-2020, 25 მაისი, 2021 წ. პ.14; №ას-850-2019, 26 ივლისი, 2019წ.).
65. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის №ას-719-2021 განჩინებით დადგენილ პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლისა და მის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაზე, რომელითაც მხარემ საკუთარი პოზიცია სარწმუნოდ დაასაბუთა. განსახილველ საქმეზე კი, ამგვარი საპროცესო მოქმედება მოპასუხეს არ განუხორციელებია.
66. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების პ.21-ში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და ექსპერტიზის დასკვნიდან. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა - მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. მართალია, მის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებად სადავო 19 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის აღრიცხვის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს და იმ პირობებშიც კი, თუკი გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი ადმინისტრაციულ დავაზე დაკმაყოფილდება და კანონიერ ძალაში შევა, მას ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, თავად აღძრას ვინდიკაციური სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ და ამგვარად მოახდინოს მისი უფლების რეალიზაცია. იქამდე კი, სანამ საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემები და ექსპერტიზის დასკვნა საპირისპიროს მოწმობს, მოპასუხის მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
67. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
68. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
69. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
70. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
72. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2023 წლის 31 მაისს №339 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ე.გ–ს (პირადი №.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2023 წლის 31 მაისს №339 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე