გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-195-42-გ-03 26 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის
აღწერილობითი ნაწილი:
მოძრავი მექანიკური კოლონის “ს.” სამართალმემკვიდრე შპს “თ.-...” სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 19.07.78წ. ¹13.23.377 გადაწყვეტილებით დაბა წყნეთში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე დამოწმებული წითელი ხაზების გაცემა. სასამართლოს განჩინებით სასკ მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ნ. შ-ი, რომელსაც დაბა წყნეთის გამგეობამ 23.02.01.წ სადავო მიწის ნაკვეთი გამოუყო. ნ. შ-მა რაიონულ სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 13.07.78წ. ¹13.23.377 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა, დაბა წყნეთის გამგეობის 23.02.01წ. გადაწყვეტილების საფუძველზე წითელი ხაზების გეგმის მის სახელზე გაცემა, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ცნობა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 08.04.03წ. განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო მესამე პირის ნ. შ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს, ამასთანავე მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საბოლოოდ გადაწყვეტამდე შეჩერდა შპს “თ.-...”-ის სარჩელის განხილვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სასკ მე-6 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად საოლქო სასამართლოში პირველი ინსტანციის წესით განიხილება სარჩელები თბილისის საკრებულოს და მერიის მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე. ვინაიდან ნ. შ-ის მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 13.07.78წ. ¹13.23.377 გადაწყვეტილება და საქმეში მხარედ ჩაბმულია ქ. თბილისის მერია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 07.07.03წ. განჩინებით ნ. შ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციის წესით განსჯადი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ აქტს, მოსარჩელის სხვა მოთხოვნები ასევე არ არის გათვალისწინებული სასკ-ს მე-6 მუხლით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. შ-ის სარჩელი არ განეკუთვნება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციის წესით განსჯად საქმეთა რიცხვს. სასკ-ს მე-6 მუხლის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ სარჩელთა კატეგორიას, საოლქო სასამართლოს კოლეგია განიხილავს ქალაქების _ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის საკრებულოებისა და მერიების (მერების) მიერ მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელებს (სასკ-ს მე-6 მუხლის “გ” ქვეპუნქტი). ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 13.07.78წ. ¹13.23.377 გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო მინისტრთა საბჭოს მატერიალურ-ტექნიური მომარაგების მთავარ სამმართველოს თანამშრომელთა დასასვენებელი სახლის ასაშენებლად, არ წარმოადგენს ნორმატიულ-ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან იგი არ შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს (“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 2.3 მუხ.).
ნ. შ-ის დანარჩენი სასარჩელო მოითხოვნები (ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ წითელი ხაზების გეგმის გაცემა, სადავო მიწის ნაკვეთზე დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა) ასევე არ განეკუთვნებიან საოლქო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას. სასკ-ს მე-6 მუხლით გათვალისწინებული საოლქო სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციის წესით განსახილველ სარჩელთა ჩამონათვალი არის ამომწურავი, არ დაიშვება მისი განვრცობითი განმარტება, რის გამო საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი საქმე არ განეკუთვნება საოლქო სასამართლოს კოლეგიის პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეთა რიგს.
სასკ-ს მე-26 მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმე არსებითად განსახილველად განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს დიდებე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-6, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. შ-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
2. ნ. შ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.