Facebook Twitter

საქმე №ას-1054-2021 27 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - შპს „F-E.“, შპს „ნ.ი.ჯ–ი“, შპს „ T. M.“, შპს „გ. ?“, ნ.ფ–ი, გ.გ–ანი, კ.ხ–ძე (გ.ხ–ძის უფლებამონაცვლე), ა.ფ–ნი, ნ.ხ–ძე, დ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს.ბ–ი“

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „F-E.-ის“, შპს „ T. M.-ის“, შპს „ნ.ი.ჯ–ის“, შპს „გ. ?-ის“, ნ.ფ–ის, გ.გ–ანის, გ.ხ–ძის, ა.ფ–ნის, ნ.ხ–ძისა და დ.მ–ძის მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების, ასევე, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „F-E.-ს“, შპს „ნ.ი.ჯ–ს“, შპს „ T. M.-ს“, შპს „გ. ?-ს“ და ნ.ფ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: 2014 წლის 25 აგვისტოს №2156141 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 467 065.9 ლარის, პირგასამტეხლოს - 44 000 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 42.2 ლარის, პროცენტის - 227 608.25 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 211.14 ლარის გადახდა; 2014 წლის 21 ნოემბრის №2294527 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 2 103 433.46 ლარის, პროცენტის - 1 025 034.82 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 950,87 ლარის, პირგასამტეხლოს - 70 000 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 190 ლარის გადახდა; 2014 წლის 3 დეკემბრის №2311703 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 600 000 ლარის, პროცენტის - 292 389.04 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 271.23 ლარის, პირგასამტეხლოს - 50 000 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 54.2 ლარის გადახდა; 2015 წლის 12 ივნისის №2867179 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 557 836 ლარის, პროცენტის - 282 433.13 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 252.17 ლარის, პირგასამტეხლოს - 50 000 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 50.4 ლარის გადახდა; 2015 წლის 30 დეკემბრის №3270344 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 166187 ლარის, პროცენტის - 63 426.42 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 75.13 ლარის, პირგასამტეხლოს - 16 000 ლარის და 2019 წლის 24 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 15 ლარის გადახდა; გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისას ნ.ფ–ის სოლიდარული პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 3 000 000 აშშ დოლარით; გადაწყვეტილების 1.1., 1.2., 1.3., 1.4. და 1.5. პუნქტებით მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგენილ იქნა იპოთეკით დატვირთული, დ.მ–ძის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ..........., №34 კორპუსში მდებარე, №....... და №.......... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; გადაწყვეტილების 1.1. - 1.25. პუნქტებით მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგენილ იქნა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) მისამართი - თბილისი, ........, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......., მესაკუთრე - გ.გ–ანი; 2) მისამართი - თბილისი, ......... (ყოფ. ......) №9, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.........., მესაკუთრე - გ.ხ–ძე; 3) მისამართი - თბილისი, სოფელი ........, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №........., მესაკუთრე - ნ.ხ–ძე; 4) მისამართი - ქუთაისი, ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №........, მესაკუთრე - ნ.ხ–ძე; 5) მისამართი - თბილისი, .........., №11, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.........., მესაკუთრე - ა.ფ–ნი; გადაწყვეტილების 1.1. - 1.25. პუნქტებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგენილ იქნა დაგირავებული, შპს „F-E.-ს“ საკუთრებაში არსებული, შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მარკა „FORD“, მოდელი - „TRANSIT“, საიდენტიფიკაციო ნომერი - ........., სახელმწიფო ნომერი - ........, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - .........; ბ) მარკა - „MAZ“, მოდელი - 5334, შასის ნომერი - 105...., სახელმწიფო ნომერი - ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AL2505204; გ) მარკა - „VOLVO“, მოდელი FH12/380, საიდენტიფიკაციო ნომერი - ........, სახელმწიფო ნომერი - ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AL2504207; დ) მარკა - TEREX, მოდელი MAGNUM 80, საიდენტიფიკაციო ნომერი - ........., სახელმწიფო ნომერი ........, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AL2507228; გადაწყვეტილების 1.1. - 1.25. პუნქტებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგენილ იქნა დაგირავებული, შპს „ნ.ი.ჯ–ის“ საკუთრებაში არსებული, შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მარკა - „STREUMASTER“, მოდელი - „RW8000“, ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 2003, სახელმწიფო ნომერი - „.......“, შასის ნომერი - 26.., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AL2335936; ბ) მარკა -„WIRTGEN“, მოდელი - „WR2000“, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი 2007, სახელმწიფო ნომერი - „......“, შასის ნომერი 03WR..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AL2336914; გადაწყვეტილების 1.1. - 1.25. პუნქტებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგენილ იქნა დაგირავებული, შპს „F-E.-ს“ საკუთრებაში არსებული, შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) მობილური ქვის სამსხვრევი დანადგარი „OM85R“, სერია - 85057, გამოშვების წელი - 1996; 2) ასფალტ-ბეტონის დანადგარი, „ტელტომატ TGL 28754“ სრული კომპლექტაციით; განისაზღვრა, რომ თუ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეოდა მოპასუხეების - შპს „F-E.-ს“, შპს „ნ.ი.ჯ–ის“, შპს „ T. M.-ის“, შპს „გ. ?-ის“ და ნ.ფ–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორთა მოსაზრებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია. გარდა ამისა, საკრედიტო ხელშეკრულებების ვადების გაგრძელება და ლიმიტების გაზრდა მოხდა მათთან შეთანხმებისა და ბანკის მიერ ვალდებულებების სათანადოდ განმარტების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა, კასატორ გ.ხ–ძის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

საკასაციო პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა; გ.ხ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კ.ხ–ძე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დაკისრების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამრიგად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებისას, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდაც. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა და შეთანხმებული პროცენტი, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში - პირგასამტეხლოც.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია შემდეგი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია:

- სს „ს.ბ–ს“ და შპს „F-E.-ს“ შორის 2011 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, 120 თვის ვადით. საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მხარეთა შორის 2012 წლის 19 მარტს გაფორმებული შეთანხმებით გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა გაიზარდა 3 000 000 აშშ დოლარამდე, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის შეთანხმებით საკრედიტო ლიმიტის მოცულობა გაიზარდა 10 000 000 აშშ დოლარამდე;

- ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს შორის 2014 წლის 25 აგვისტოს, 2014 წლის 21 ნოემბერს, 2014 წლის 3 დეკემბერს, 2015 წლის 12 ივნისსა და 2015 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლებითაც გათვალისწინებულ იქნა პროცენტი და პირგასამტეხლო;

- მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებებით კრედიტის დაბრუნების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, საბოლოოდ, კრედიტის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 თებერვალი;

- 2014 წლის 26 მარტს სს „ს.ბ–ს“, შპს „F-E.-ს“ და შპს „ნ.ი.ჯ–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ შპს „ნ.ი.ჯ–ი“, როგორც სოლიდარული მოვალე (თანამსესხებელი), კისრულობდა 2011 წლის 28 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას;

- 2014 წლის 14 აპრილს სს „ს.ბ–ს“, შპს „F-E.-ს“, შპს „ნ.ი.ჯ–ს“ და შპს „ T. M.-ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ შპს „ T. M.“, როგორც სოლიდარული მოვალე (თანამსესხებელი), კისრულობდა 2011 წლის 28 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას;

- 2014 წლის 15 დეკემბერს სს „ს.ბ–ს“, შპს ,, F-E.-ს“, შპს „ნ.ი.ჯ–ს“, შპს „ T. M.-ს“ და შპს „ა–ს“ (ამჟამად - შპს „გ. ?“) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ შპს „ა–ი“, როგორც სოლიდარული მოვალე (თანამსესხებელი), კისრულობდა 2011 წლის 28 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას;

- სს „ს.ბ–ს“ და ნ.ფ–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნ.ფ–მა. თავდებობის ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 3 000 000 აშშ დოლარით;

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკითა და გირავნობით დაიტვირთა კასატორთა (მოპასუხეთა) სხვადასხვა ქონება;

- მსესხებლებმა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მსესხებლებისთვის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების შესრულების დავალება, კერძოდ, სესხის ძირი დავალიანების, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე, გირავნობისა და იპოთეკის საგანთა რეალიზაცია. საყურადღებოა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობასა და დაკისრებული თანხის გაანგარიშებას კასატორები სადავოდ არ ხდიან. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება მოთხოვნის ხანდაზმულობას და მხარეებთან შეთანხმების გარეშე საკრედიტო ხელშეკრულებების ლიმიტებისა და ვადის გაზრდას.

საკასაციო სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებებით კრედიტის დაბრუნების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, საბოლოოდ, კრედიტის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 თებერვალი. შესაბამისად, 2016 წლის 11 თებერვლიდან, როდესაც მხარემ არ შეასრულა ვალდებულება, დაიწყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა. სარჩელი კი წარმოდგენილია სწორედ ამ სამწლიანი ვადის განმავლობაში - 2019 წლის 7 თებერვალს. აქედან გამომდინარე, კასატორთა არგუმენტი მოთხოვნების ხანდაზმულობის თაობაზე უსაფუძვლოა.

რაც შეეხება მხარეებთან შეთანხმების გარეშე ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კასატორთა პრეტენზიას, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადა მართლაც გაგრძელდა, თუმცა მსესხებლის თანხმობით, მის მიერ ვალდებულების თავდაპირველად შეთანხმებულ ვადაში შესრულების შეუძლებლობის გამო, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად, ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადა არ აღემატებოდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ამდენად, ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გაგრძელდა კანონიერად, მსესხებელთან შეთანხმებით, ხოლო დამატებით უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეთა თანხმობის საჭიროება არ არსებობდა, რადგან მათ გირავნობითა და იპოთეკით დატვირთეს ქონება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი არ გაზრდილა.

რაც შეეხება ლიმიტის გაზრდას, საქმეზე დადგენილია, რომ შეთანხმებას ცვლილებასთან დაკავშირებით ხელს აწერს ყველა სოლიდარული მოვალე, ცვლილებაზე ნება გამოვლენილია ყველა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, წარმოდგენილია მსესხებელი იურიდიული პირების პარტნიორთა გადაწყვეტილებები, რომლითაც დასტურდება ინფორმირებულობა და მხარეთა მიერ ნების გამოხატვა, დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე ა.ფ–ნი და სოლიდარული თავდები ნ.ფ–ი, როგორც მსესხებელი იურიდიული პირების დამფუძნებლები, დაეთანხმნენ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტის გაზრდას. ასევე, სს „ს.ბ–ს“ და იპოთეკის საგნის მესაკუთრეებს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებით განსაზღვრულია, რომ იპოთეკა უზრუნველყოფდა ბანკთან დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებს. ამასთან, გასათვალისწინებელია იპოთეკის ხელშეკრულებების დადების თარიღები, კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულებები ნ.ხ–ძესთან და ა.ფ–ნთან დაიდო 2012 წლის 19 მარტს, საკრედიტო ლიმიტის 3000000 აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ; გ.ხ–ძესთან - 2015 წლის 21 სექტემბერს და გ.გ–ანთან - 2015 წლის 6 ოქტომბერს, როდესაც საკრედიტო ლიმიტის ოდენობა 10000000 აშშ დოლარს შეადგენდა. დადგენილია, რომ ჯამში ხუთივე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის ოდენობა არ აღემატებოდა 3000000 აშშ დოლარს (კრედიტის გაცემის დროისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით). ამრიგად, ლიმიტის გაზრდა არ მომხდარა უკანონოდ, მხარეთა მიერ ინფორმაციის არქონის ან არანამდვილი ნების გამოვლენის შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მართებულად იქნა სარეალიზაციოდ მიქცეული გირავნობისა და იპოთეკის საგნები. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთან, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კასატორებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 8000 ლარის 30%-ის 2400 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „F-E.-ის“, შპს „ T. M.-ის“, შპს „ნ.ი.ჯ–ის“, შპს „გ. ?-ის“, ნ.ფ–ის, გ.გ–ანის, კ.ხ–ძის, ა.ფ–ნის, ნ.ხ–ძისა და დ.მ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება;

3. კასატორებს - შპს „F-E.-ს“ (ს/ნ ......), შპს „ T. M.-ს“ (ს/ნ .....), შპს „ნ.ი.ჯ–ს“ (ს/ნ ....), შპს „გ. ?-ს“ (ს/ნ ........), ნ.ფ–ს (პ/ნ .....), გ.გ–ანს (პ/ნ ....), კ.ხ–ძეს (პ/ნ .....), ა.ფ–ნს (პ/ნ .....), ნ.ხ–ძესა (პ/ნ ....) და დ.მ–ძეს (პ/ნ ......) დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8000 ლარის 30%-ის - 2400 ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ერემაძე

გ. მიქაუტაძე