საქმე №ას-257-2023 11 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.უ–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვნის საცხოვრებლი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ალიმენტის დაკისრება, თანამესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2022 წლის გადაწყვეტილებით ნ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი თ.უ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ განქორწინების, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 26.09.2004 წელს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 300 ლარის ოდენობით 02.10.2020 წლიდან 18.10.2021 წლამდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებლის განსაზღვრაზე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 280 ლარის ოდენობით, 08.09.2020 წლიდან არასრულწლოვანი შვილის სრულწლოვანებამდე; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცნობილ იქნა შეგებებული სარჩელით მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, ….., სკ: ….., 1/2 წილის მესაკუთრედ.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ/შეგებებული სარჩელით მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2022 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.12.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა დასაბუთებული (დაზუსტებული) სააპელაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და დისკის სასამართლოში წარდგენა. 15.12.2022 წელს აპელანტმა სასამართლოში წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა რომ, ვინაიდან დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია, ვერ წარადგენს დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.12.2022 წლის განჩინებით აპელანტს ამავე სასამართლოს 09.12.2022 წლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
3.3. 27.12.2022 წელს მხარემ სასამართლოს წარუდგინა განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. სააპელაციო პალატის 16.01.2023 წლის განჩინებით აპელანტს კიდევ ერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს, მ.თ–ს სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე ეცნობა 16.01.2023 წელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. 16.01.2023 წლის განჩინებითა და სატელეფონო აქტით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო. აპელანტს ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული შვიდდღიანი ვადა ამოეწურა 23.01.2023 წელს, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, აქვს ჯანმრთელობის პრობლემებიც, რის გამოც სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, თუმცა მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.12.2022 წლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად (ტ.2, ს.ფ. 91-94). ამავე სასამართლოს 21.12.2022 წლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 10 დღით (ტ.2, ს.ფ. 97-99). 16.01.2023 წლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 7 დღით. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 110-112).
10. საქმის მასალებით ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ მის წარმომადგენელს, მ.თ–ს (იხ. მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 86) 16.01.2023 წელს ეცნობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 16.01.2023 წლის განჩინების შინაარსი და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 113). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 17.01.2023 წელს და ამოიწურა 23.01.2023 წელს, თუმცა აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
11. კერძო საჩივარი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ აპელანტი იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, რის გამოც ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (ტ.2, ს.ფ.123). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ., პ.13; სუსგ №ას-1952-2018, 29.03.2019წ., პ.14).
12. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების/მისი ოდენობის შემცირების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით (სუსგ №ას-334-2019, 31.05.2019წ; შდრ. სუსგ №ას-1732-2019, 05.06.2020წ; სუსგ №ას-224-2021, 22.06.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელი 27.12.2022 წლის განცხადებაში მისი მარწმუნებლის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე უთითებდა, თუმცა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ასეთი არც კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზეა წარმოდგენილი. მარტოოდენ სიტყვიერი მითითება კი არ არის საკმარისი მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 27.12.2022 წლის განცხადებით მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება არც მოუთხოვია და მხოლოდ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე იშუამდგომლა.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია