Facebook Twitter

საქმე №ას-925-2023 19 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე.რ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო.შ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2023წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 14.07.2022წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო.შ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სასარჩელო მოთხოვნა ე.რ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "აპელანტი", "კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შეწყდა მხარეთა შორის 06.03.2020წ. დადებული სესხის ხელშეკრულება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტის - 21 000 ლარის გადახდა (იხ.: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ. 34-41). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, თუმცა ამავე სასამართლოს 25.08.2022წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში (იხ.: განჩინება, ს.ფ. 77-81). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.11.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. ამავე სასამართლოს 16.12.2022წ. განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ს.ფ. 115-118).

3. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

5. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

6. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით:

სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

სსსკ-ის 416-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისთვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისთვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. ამდენად, აღნიშნული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11.06.2019წ.).

7. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსით 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ გზავნილი კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა პირადად 21.02.2023წ. (იხ.: შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ს.ფ.120).

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

9. მოცემულ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 22.02.2023 წელს და ამოიწურა ამავე წლის 6 მარტს (რადგან გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო კვირა). შესაბამისად, განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 07.03.2023 წელს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა 11.05.2023 წელს. 11 მაისია შედგენის თარიღად მითითებული თავად კერძო საჩივარშიც (იხ.: კერძო საჩივარი, ს.ფ.159-162). ამდენად, კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე 05.04.2023 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი 14.07.2022 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. სააღსრულებო ფურცელში დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად ასევე მითითებულია 07.03.2023 წელი (იხ.: სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ.124).

11. პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუშვებელია მისი გასაჩივრება სააპელაციო თუ საკასაციო წესით/კერძო საჩივრით. სსსკ-ის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამგვარი წესი კი წარმოადგენს არა გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ, ეს არის სსსკ-ის LII თავით დადგენილი საგამონაკლისო წარმოება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საქმის წარმოების განახლებას კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. ამ პირობათა ჩამონათვალს კანონმდებელი სსსკ-ის 422-ე (ბათილად ცნობის საფუძვლები) და 423-ე (ახლად აღმოჩენილი გარემოებები) მუხლებში გვთავაზობს (იხ.: სუსგ-ები №ას-85-85-2018, 28.02.2018; №ას-1093-1029-2015, 30.10.2015).

12. 11.05.2023 წელს წარდგენილი კერძო საჩივრით კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2023 წლის განჩინების გაუქმებას, ანუ კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 416-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.რ–ნის კერძო საჩივარი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2023წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე