საქმე №ა-27-შ-1-2023 30 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ბ-სი“ (გ-ს ფილიალი)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე მ.წ–რი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, გროდნოს ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 01.04.2021 წლის გადაწყვეტილება (საქმე N27-4/2020)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის, გროდნოს ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 01.04.2021 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N27-4/2020) (შემდეგში "გადაწყვეტილება") დაკმაყოფილდა რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ბ–სის“ (გ–ს ფილიალი) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") სარჩელი ინდივიდუალური მეწარმე მ.წ–რის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "მოწინააღმდეგე მხარე") მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე: მოპასუხეს (საქართველო, 4103, ქ. სენაკი, ......, GEO/054/676, .....) მოსარჩელის (ბელარუსის რესპუბლიკა, 230023, ქ. გროდნო, ........, უნიტარული საწარმოს სარეგისტრაციო ნომერი 101561144, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 10.06.1999) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალი 1853.51 აშშ დოლარის ოდენობით დროებითი შენახვის საწყობში ტვირთის შენახვისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, 1293.75 აშშ დოლარი ჯარიმა, მთლიანობაში 3147.26 აშშ დოლარი; გარდა ამისა, 675 ბელარუსული რუბლი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში, რაც 257.33 აშშ დოლარის ეკვივალენტურია.
2. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. ბელარუსის რესპუბლიკის, გროდნოს ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 05.05.2021 წლის ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
4. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 23.04.2021 წელს, ამასთან, ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს 16.12.2022 წლის ცნობით დგინდება, რომ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა, ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის მასალებში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა პირადად 08.05.2023 წელს. მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
7. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
8. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია"). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
12. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მინსკის კონვენციის 51-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ბ–ის“ (გროდნოს ფილიალი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის, გროდნოს ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 01.04.2021 წლის გადაწყვეტილება (საქმე N27-4/2020), რომლითაც დაკმაყოფილდა რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ბ–ის“ (გ–ს ფილიალი) სარჩელი ინდივიდუალური მეწარმე მ.წ–რის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე:
ინდივიდუალურ მეწარმეს მ.წ–რს (საქართველო, 4103, ქ. სენაკი, ....... ქუჩა 28, GEO/054/..., .......) რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ბ–ის“ (გროდნოს ფილიალი, ბელარუსის რესპუბლიკა, 230..., ქ. გროდნო, ........., უნიტარული საწარმოს სარეგისტრაციო ნომერი 101561144, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 10.06.1999) სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი ვალი 1853.51 აშშ დოლარის ოდენობით დროებითი შენახვის საწყობში ტვირთის შენახვისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, 1293.75 აშშ დოლარი ჯარიმა, მთლიანობაში 3147.26 აშშ დოლარი; გარდა ამისა, 675 ბელარუსული რუბლი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში, რაც 257.33 აშშ დოლარის ეკვივალენტურია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია