საქმე №ას-370-2023 19 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,ი. ?“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,თ–ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,თ–მა“ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი. ?-ის” (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელისა და მისი კონტრაქტორი კომპანიებისათვის (პირებისათვის) თბილისში, ....... (ნაკვეთი 04/144, ს/კ ........) მდებარე მოსარჩელის კუთვნილი №8788 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და მიმდებარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელენერგიის მომარაგების მიზნით საჭირო სამუშაოებისათვის ხელის შეშლა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისა და მისი კონტრაქტორებისათვის ქ. თბილისში, ....... (ნაკვეთი 04/144 ს/კ .........) მდებარე მოსარჩელის კუთვნილ №8788 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და მიმდებარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელენერგიით მომარაგების მიზნით საჭირო სამუშაოების შესრულებაში ხელშეშლა.
3. გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ტრანსფორმატორი მისი საკუთრებაა და უფლება აქვს სამუშაოების წარმოების ხელი შეუშალოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. კასატორის მითითებით, 2005 წლის 30 მაისს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ განმეორებით იძულებით აუქციონზე შპს ,,ლ.ბ ი-ჯ–მა“ შეიძინა სს ,,თ.ნ–ის“ სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, მდებარე თბილისში, .......... 2006 წლის 17 ნოემბერს შპს ,,ლ.ბ ი.ჯ–სა“ და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ამ უკანასკნელმა შეიძინა გამყიდველის საკუთრებაში არსებული 42372 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული უძრავ-მოძრავი ქონებით. ნასყიდობის საგანს ასევე წარმოადგენდა სადავო ტრანსფორმატორი. იგი განთავსებული იყო შენობაში, რომელიც კასატორმა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, თუმცა მისი რეგისტრაცია ტექნიკურად გამორჩა, რის გამოს შენობა სახელმწიფოს მიერ გასხვისდა, თუმცა იქ განთავსებული ტრანსფორმატორი დარჩა კასატორის საკუთრებაში. იგი არის კასატორის ბალანსზე, ფლობს და განკარგავს 2006 წლიდან დღემდე. ფლობისა და განკარგვის ფარგლებში, კასატორმა რამდენჯერმე გასცა მომიჯნავე ობიექტებისათვის მის საკუთრებაში არსებული დაბალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მიერთების შესახებ წერილობითი თანხმობა, აგრეთვე, 2016 წლის 10 დეკემბერს, გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ტრანსფორმატორი განაახლეს, რითაც დასტურდება ტრანსფორმატორის კასატორის საკუთრებაში ქონის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ფაქტი.
8. კასატორის განმარტებით, სადავო ტრანსფორმატორის მესაკუთრე, მოსარგებლე და მფლობელია. მისი ქმედება არც სსკ-ის 172-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეშლა და არც სსკ-ის 115-ე მუხლით განსაზღვრულ უფლების ბოროტად გამოყენებაა. ამასთან, არც კომპანიის უარი არ ყოფილა განპირობებული სხვისთვის ზიანის მიყენების მოტივით. მოპასუხეს თავისი, ისედაც შეზღუდულ სიმძლავრიანი ტრანსფორმატორი უკვე განაწილებული აქვს მომიჯნავე ობიექტებისათვის და დარჩენილი სიმძლავრე ესაჭიროება საკუთარი სამეწარმეო განვითარებისათვის, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მესაკუთრის მიერ სხვისთვის ზიანის მიმყენებლის გამიზნულ სურვილს, მისი მოქმედება მხოლოდ ემსახურება მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესების უპირატესობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია ნეგატორული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთას.
14. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს განსაზღვრავს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ-ები: საქმე №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ.; საქმე №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; საქმე №ას-778-2019, 5.07.2019წ.; საქმე №ას-690-660-2014, 10.03.2015წ.).
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლებაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. ამასთან, მესაკუთრის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021).
17. მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელისათვის და მისი კონტრაქტორი კომპანიებისათვის (პირებისათვის) თბილისში, ........ ქ. №2-ში (ნაკვეთი 04/1.. ს/კ .....) მდებარე მოსარჩელის კუთვნილი №8788 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და მიმდებარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელენერგიის მომარაგების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებისათვის ხელის შეშლა, მოპასუხე იმ გარემოებაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ მან შპს „ლ.ბ. ი-ჯ–ის“ კუთვნილი თბილისში, ........ ქ. №2-ში მდებარე №4/26 მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობასა და მოძრავ ქონებასთან ერთად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლშიც შედის სატრანსფორმატორო ქვესადგურის შენობა და სადავო სატრანსფორმატორი, შესაბამისად, ტრანსფორმატორი მისი საკუთრებაა, რომელიც სურს საკუთარი სამეწარმეო მიზნებისათვის გამოიყენოს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
18. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მისი დანართი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 16.12.2010 წლის ბრძანება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება, მათ შორის, თბილისში, ........ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...... და ს/კ .......), ასევე, 24.11.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, მათ შორის, თბილისში, ........ ქ. №-2-ში მდებარე 31 კვ.მ უძრავი ქონება (ტრანსფორმატორის ქვესადგური; ს/კ .....) (საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნულ უძრავი ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 24.11.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა) და 2012 წლის 12 ივნისს, მოსარჩელესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს ხაზობრივი ნაგებობა 6-10 კვ საკაბელო ხაზი ს/ქ 8788-დან ს/ქ 8688-მდე გადაეცა - ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას ქმნის. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების უარსაყოფად, კერძოდ, იმის დასადასტურებლად, რომ ტრანსფორმატორი მისი კუთვნილებაა და უფლება აქვს, თბილისში, ........ ქ. №2-ში (ნაკვეთი 04/1.. ს/კ .....) მდებარე მოსარჩელის კუთვნილი №8788 სატრანსფორმატორო ქვესადგურში და მიმდებარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელენერგიის მომარაგების მიზნით საჭირო სამუშაოებს ხელი შეუშალოს.
19. საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 30 მაისს გამართულ განმეორებით იძულებით აუქციონზე შპს „ლ.ბ. ი-ჯ–მა“ შეიძინა შპს „თ.ნ–ის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ........ ქ. №2-ში. ჩამონათვალში მითითებულია ორი სატრანსფორმატორო შენობა, ასევე - ოთხი ტრანსფორმატორი ტმ 400-109, ტმ 560/16. ხოლო 2006 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოპასუხემ შეიძინა შპს „ლ.ბ. ი-ჯ–ის“ კუთვნილი თბილისში, ........ ქ. №2-ში მდებარე №4/26 მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობასა და მოძრავ ქონებასთან ერთად. ხელშეკრულებაში მითითებულია ორი სატრანსფორმატორო შენობა და ტრანსფორმატორი ტმ 400-109. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2010 წლის 25 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თბილისში, ........ ქ. №2-ში მდებარე №04/114, 31 კვ.მ ნაკვეთისა (სადაც განთავსებულია სატრანსფორმატორო ქვესადგური) და მასზე არსებული შენობა №1-ის მესაკუთრედ (ს/კ .......) სახელმწიფო იყო რეგისტრირებული, ანუ, სატრანსფორმატორო შენობა 2005 წლის 30 მაისს გამართლი განმეორებითი იძულებითი აუქციონისა (როდესაც თბილისში, ........ ქ. №2-ში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონება შპს „ლ.ბ. ი-ჯ–მა“ შეიძინა შპს „თ.ნ–ისგან“) და 2006 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ (რომლის საფუძველზე მოპასუხემ შეიძინა ქონება შპს „ლ.ბ. ი-ჯ–ისაგან“), კერძოდ, 2010 წლის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მითითება, რომ მან სადავო სატრანსფორმატორე შენობა 2006 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, თუმცა მისი რეგისტრაცია ტექნიკურად გამორჩა, დაუსაბუთებელია და მოცემული დავისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, ვინაიდან, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, რისი გათვალისწინებითაც, ქონება სახელმწიფოს სკუთრებას წარმოადგენდა და სრული უფლებამოსილება ჰქონდა უძრავი ნივთის განკარგვის.
20. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონება, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული მართალია გასხვისდა, თუმცა იქ განთავსებული ტრანსფორმატორი კასატორის საკუთრებაშია, პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მით უფრო, 2006 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ტრანსფორმატორი ტმ 400-109-ის შეძენის ფაქტს, ხოლო ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების აქტით დასტურდება, რომ №8788 ქვესადგურში განთავსებული მოსარჩელის კუთვნილი ტრანსფორმატორის მახასიათებელია ტმ 630/6. გარდა ზემოაღნიშნულისა, განმეორებით იძულებითი აუქციონის შესახებ ოქმითა და განკარგულებით ირკვევა, რომ ტმ 630/6 ტრანსფორმატორი აუქციონზე გატანილი არ ყოფილა, შესაბამისად, მოპასუხის მტკიცება, რომ სადავო ტრანფორმატორი მისია და უფლება აქვს, უარი თქვას სამუშაოების შესრულებაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
21. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-189-2023, 2023 წლის 5 აპრილის განჩინება; საქმე №ას-1102-2022, 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინება; საქმე №ას-517-2020, 2022 წლის 30 მაისის განჩინება).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ი. ?-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,ი. ?-ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება 5768 / გადახდის თარიღი 10.03.2023), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე