საქმე №ა-3732-შ-94-2023 17 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ბ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჩ.ს. (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – შვედეთის, სოდერტორნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინება # T 12401-19
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შვედეთის, სოდერტორნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს # T 12401-19 განჩინებით ჩ.ს–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ა.ბ–ვის (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 11 ივლისს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა.
7. შვედეთის, სოდერტორნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს # T 12401-19 განჩინებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
8. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის, სოდერტორნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინება # T 12401-19.
11. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ბ–ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის, სოდერტორნის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინება # T 12401-19, რომლის საფუძველზე ჩ.ს–სა და ა.ბ–ვს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური