Facebook Twitter

საქმე №ას-587-2023 16 ივნისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ.ბ–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

3.2. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

3.3. დადგენილია, რომ 2023 წლის 14 თებერვალს სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი ლ.ჯ–ი (ტ. 2, ს.ფ. 18-19);

3.4. სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე;

3.5. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე;

3.6. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 17 მარტიდან (2023 წლის 15 თებერვლიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 30 მარტს,რომელიც არ იყო უქმე დღე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაგვიანებით - 2023 წლის 3 აპრილს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია;

3.7. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წელის 21 მაისის გადაწყვეტილება (დასაბუთებული) მომზადდა და პროგრამაში აიტვირთა კანონით დადგენილ ვადაში - 24.02.2023წ; საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

4. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო მოითხოვა:

4.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია. საფოსტო კომპანიის ელექტრონულ პორტალზე მოსარჩელის გზავნილის ისტორიაში აღნიშნულია, რომ აპელანტმა გზავნილი ფოსტას 2023 წლის 27 მარტს ჩააბარა, რომლის მეშვეობითაც იგი სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილს ჩაჰბარდა;

4.2. საქალაქო სასამართლოს მიმღების/კანცელარიის მიერ დოკუმენტაციის დასკანერებისას, არ დასკანერდა კონვერტი, რომელზეც შტრიხკოდით და შესაბამისი თერმული პრინტერის წებოვანი ქაღალდით დატანილი იყო გზავნილის ფოსტაში ჩაბარების შესახებ ინფორმაცია და თარიღი - 2023 წლის 27 მარტი;

4.3. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა წვდომა საქალაქო სასამართლოს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ჩანაწერთან, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი შემოსულია ფოსტით და საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ხარვეზით, დოკუმენტაციაზე არ არის დასკანერებული გზავნილის კონვერტი, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ვადაგადაცილებით შეტანილად მიიჩნია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

8. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. კერძოდ, სააპელაციო საჩივარი 2023 წლის 27 მარტს ჩააბარა ფოსტას, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა არ გაუშვია (იხ. ამ განჩინების 3.7 ქვეპუნქტი).

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

10. საკასაციო სასამართლო, საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამრიგად, საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, მიუთითებს კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებულია სააპელაციო საჩივრის 2023 წლის 27 მარტს, ფოსტაში ჩაბარების ფაქტი (ტ.2, ს/ფ 145-150).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა 2023 წლის 17 მარტს დაიწყო და 2023 წლის 30 მარტს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორიც სწორედ ამავე თარიღსა და განმარტებას ეყრდნობა, ამასთან, მართებულად მიუთითებს, ამ ვადაში სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარებაზე, რაც დადასტურებულია კერძო საჩივარზე თანდართული შესატყვისი მტკიცებულებებით.

13. ამდენად, კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებითა და ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა 2023 წლის 27 მარტს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე. შესაბამისად, სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.მ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური