Facebook Twitter

საქმე №ას-207-2020 14 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ნ., გ., მ. დ–ძეები

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.დ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომლის უფროსი), ნ.ფ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, მოსარჩელის მეუღლე), გ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოსარჩელის შვილი), ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მოსარჩელის შვილი) და მ. დ–ძეები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან მოსარჩელის შვილიშვილი) ერთი კომლის წევრები არიან.

1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 5 ოქტომბრის №AA2017036747-03 ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის კ–ის თემის საკრებულოს, სოფელ ანგისის 1986-2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად მითითებულია მოსარჩელე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - პირველი მოპასუხე, შვილები -მეორე და მესამე მოპასუხეები და შვილიშვილი - მესამე მოპასუხე.

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1968 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (ფართი მითითებული არ არის) და 0,15 ჰა მიწის ფართობი 1986-1988 წლებში, 1989-2006 წლებში კი - 0,20 ჰა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საკომლო ქონება).

ამავე დოკუმენტში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ კომლი მიეკუთვნება მუშა-მოსამსახურეთა საზოგადოებრივ ჯგუფს.

2. მოსარჩელემ 2005 წლის 15 დეკემბერს, 2000 კვ. მ მიწის ფართობისა და 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო).

2.1. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე - 2000 კვ,მ მიწის ფართობისა და 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობების (ამჟამინდელი მისამართი, ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი #170) ერთპიროვნულ მესაკუთრედ, კ–ის თემის საკრებულოს 2015 წლის 13 დეკემბრის #3580 ცნობისა და საკომლო წიგნის საფუძველზე, მოსარჩელე დარეგისტრირდა.

3. 2007 წლის 9 თებერვალს მოსარჩელემ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში და ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე - 2000 კვ,მ მიწის ფართობის სამ - 100 კვ.მ, 50 კვ.მ და 950 კვ.მ ნაწილად დაყოფა ითხოვა, მასზე აღმართული 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობით.

3.1. ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 1000 კვ.მ, 50 კვ.მ და 950 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ, კ–ის თემის საკრებულოს 2015 წლის 13 დეკემბრის #3580 ცნობის, საკომლო წიგნისა და ნოტარიულად დამოწმებული დაყოფის შესახებ განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე დარეგისტრირდა (იხ. 2007 წლის 19 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერი).

4. 2007 წლის 21 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების ორ, 950 კვ.მ და 50 კვ.მ ნაწილად დაყოფა მოითხოვა.

4.1. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 900 კვ.მ და 50 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელისა და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა (იხ. 2007 წლის 22 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი).

4.2. ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა (იხ. 2007 წლის 22 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი).

5. 2007 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და 50-50 კვ.მ მიწის ნაკვეთების ორ მომიჯნავე ნაკვეთად გაერთიანება ითხოვა.

5.1. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე, 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისა და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა (იხ. 2007 წლის 28 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი).

6. 2016 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #......., 1/5 წილი შვილიშვილს, გ. დ–ძესა და რძალს, ქ.ა–ძეს მიჰყიდა, შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება აღარ ფიქსირდება.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), პირველ ნ. დ–ძეს მ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სასარგებლოდ - 227 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

7.1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაყადაღდა პირველი ნ. დ–ძის კუთვნილი 1/5 ნაწილი, უძრავ ქონებაში მდებარე, ბათუმში, ......., 902 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასში განთავსებული 537 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ს/კ-ით #...... და იმავე მისამართზე მდებარე 1010 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 25.20 კვ.მ შენობა-ნაგებობა ს/კ-ით #...........

8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. იგი ამტკიცებდა, რომ სადავო ქონება მისი ინდივიდუალური საკუთრებაა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად არასწორად დაყადაღდა.

9. პირველმა, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს.

9.1. მ.ფ–ძემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე - შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმული იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოსარჩელის კომლში მოპასუხეების კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერი და საჯარო რეესტრში მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ს/კ-ით #........ და #........; მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, ს/კ-ით #......... 4/5 წილის მესაკუთრედ; უძრავი ქონება ს/კ-ით #........ და #...... გათავისუფლდა ყადაღისაგან.

11. მ.ფ–ძემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. განჩინება აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. კასატორის მტკიცებით, სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა თანასაკუთრების უფლება სწორედ მოსარჩელის ნებითა და თანხმობით დარეგისტრირდა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, მოცემული ფაქტობრივი გარემოებები არამართებულად შეაფასეს, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (იხ. საკასაციო საჩივარი).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა მისი მეუღლე ნ.ფ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.დ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 11 000 (5 000+6 000) ლარი.

16. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა მიეთითა რომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი - 11 000 (5 000+6 000) ლარის ანაზღაურება განხორციელდეს მ.ფ–ძის სასარგებლოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა უნდა გასწორდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.დ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 11 000 (5 000+6 000) ლარის გადახდა.

18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა მიეთითა რომ 11 000 ლარი მ.დ–ძის უფლებამონაცვლეს, მ.ფ–ძის სასარგებლოდ უნდა ადეკისროს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უსწორობა ექვემდებარება გასწორებას. ამდენად, უნდა შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში დაშვებული უსწორობა და სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1.1. მ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ფ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მ.ფ–ძის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 11 000 (5 000+6 000) ლარის გადახდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე