საქმე №ას-207-2020 6 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ფ–ძე (მოსარჩელე)
მოპასუხეები - ნ., გ., მ. დ–ები
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.დ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომლის უფროსი), ნ.ფ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, მოსარჩელის მეუღლე), გ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოსარჩელის შვილი), ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მოსარჩელის შვილი) და მ. დ–ები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან მოსარჩელის შვილიშვილი) ერთი კომლის წევრები არიან.
1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 5 ოქტომბრის №AA2017036747-03 ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის კ–ის თემის საკრებულოს, სოფელ ა–ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად მითითებულია მოსარჩელე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - პირველი მოპასუხე, შვილები -მეორე და მესამე მოპასუხეები და შვილიშვილი - მესამე მოპასუხე.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1968 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (ფართი მითითებული არ არის) და 0,15 ჰა მიწის ფართობი 1986-1988 წლებში, 1989-2006 წლებში კი - 0,20 ჰა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საკომლო ქონება).
ამავე დოკუმენტში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ კომლი მიეკუთვნება მუშა-მოსამსახურეთა საზოგადოებრივ ჯგუფს.
2. მოსარჩელემ 2005 წლის 15 დეკემბერს, 2000 კვ. მ მიწის ფართობისა და 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო).
2.1. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე - 2000 კვ,მ მიწის ფართობისა და 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობების (ამჟამინდელი მისამართი, ბათუმი, ........) ერთპიროვნულ მესაკუთრედ, კ–ის თემის საკრებულოს 2015 წლის 13 დეკემბრის #3580 ცნობისა და საკომლო წიგნის საფუძველზე, მოსარჩელე დარეგისტრირდა.
3. 2007 წლის 9 თებერვალს მოსარჩელემ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში და ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე - 2000 კვ,მ მიწის ფართობის სამ - 100 კვ.მ, 50 კვ.მ და 950 კვ.მ ნაწილად დაყოფა ითხოვა, მასზე აღმართული 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობით.
3.1. ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 1000 კვ.მ, 50 კვ.მ და 950 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ, კ–ის თემის საკრებულოს 2015 წლის 13 დეკემბრის #3580 ცნობის, საკომლო წიგნისა და ნოტარიულად დამოწმებული დაყოფის შესახებ განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე დარეგისტრირდა (იხ. 2007 წლის 19 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერი).
4. 2007 წლის 21 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების ორ, 950 კვ.მ და 50 კვ.მ ნაწილად დაყოფა მოითხოვა.
4.1. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 900 კვ.მ და 50 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელისა და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა (იხ. 2007 წლის 22 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი).
4.2. ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა (იხ. 2007 წლის 22 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი).
5. 2007 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და 50-50 კვ.მ მიწის ნაკვეთების ორ მომიჯნავე ნაკვეთად გაერთიანება ითხოვა.
5.1. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე, 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისა და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა (იხ. 2007 წლის 28 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერი).
6. 2016 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #......, 1/5 წილი შვილიშვილს, გ.დ–სა და რძალს, ქ.ა–ძეს მიჰყიდა, შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება აღარ ფიქსირდება.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), პირველ ნ. დ–ს მ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სასარგებლოდ - 227 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
7.1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაყადაღდა პირველი ნ. დ–ძის კუთვნილი 1/5 ნაწილი, უძრავ ქონებაში მდებარე, ბათუმში, ......., 902 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასში განთავსებული 537 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ს/კ-ით #....... და იმავე მისამართზე მდებარე 1010 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 25.20 კვ.მ შენობა-ნაგებობა ს/კ-ით #.....
8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. იგი ამტკიცებდა, რომ სადავო ქონება მისი ინდივიდუალური საკუთრებაა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად არასწორად დაყადაღდა.
9. პირველმა, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს.
9.1. მ.ფ–ძემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე - შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმული იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოსარჩელის კომლში მოპასუხეების კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერი და საჯარო რეესტრში მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ს/კ-ით #.... და #.....; მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, ს/კ-ით #........ 4/5 წილის მესაკუთრედ; უძრავი ქონება ს/კ-ით #...... და #......... გათავისუფლდა ყადაღისაგან.
11. მ.ფ–ძემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. განჩინება აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13.1. კასატორის მტკიცებით, სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა თანასაკუთრების უფლება სწორედ მოსარჩელის ნებითა და თანხმობით დარეგისტრირდა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, მოცემული ფაქტობრივი გარემოებები არამართებულად შეაფასეს, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (იხ. საკასაციო საჩივარი).
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა მისი მეუღლე ნ.ფ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.
17. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოსთვის ძირითადი მსჯელობის საგანია მოსარჩელის მიერ მოპასუხეების სასარგებლოდ, გამოვლენილი ნების/სანოტარო განცხადების არსებობის პირობებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერების შემოწმება.
18. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ნების გამოხატვის გათვალისწინებით, ე.წ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების დაყოფისა და საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) რეგისტრაციის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი განცხადების არსებობის პირობებში, მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ამ დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეზე; კერძოდ, მხარის მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო თუ არა მუშა-მოსამსახურეთა საზოგადოებრივი ჯგუფის/კომლის უფროსის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხეების თანასაკუთრებაში გადაცემისკენ.
19. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.).
19.1. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.
სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).
20. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელის კომლი მუშა-მოსამსახურეთა კომლის კატეგორიას განეკუთვნებოდა და მასზე მუშა-მოსამსახურეთა ოჯახისათვის კანონით დადგენილი წესები უნდა გავრცელებულიყო, კერძოდ, სადავო ქონება ოჯახის უფროსს ინდივიდუალურ საკუთრებში უნდა გადაცემოდა.
შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურში, სოფელ კ–ში მდებარე - 2000 კვ,მ მიწის ფართობისა და 460.3 კვ.მ შენობა-ნაგებობების (ამჟამინდელი მისამართი, ბათუმი, ....) ერთადერთ მესაკუთრედ, კ–ის თემის საკრებულოს 2015 წლის 13 დეკემბრის #3580 ცნობისა და საკომლო წიგნის საფუძველზე, სწორედ მოსარჩელე დარეგისტრირდა (იხ. სახარო რეესტრის ამონაწერი).
მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტია, ის გარემოება, რომ სადავო ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგ, მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოში ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარადგინა, რომლის საფუძველზეც იგივე ქონება მოსარჩელისა და მოპასუხეების თანასაკუთრებად აღირიცხა.
21. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქონების განკარგვის ნების ნამდვილობა საეჭვოა და მიიჩნევს, რომ მისი მოქმედება უნდა განიმარტოს, როგორც ამ უკანასკნელის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადასული ქონების მართლზომიერი განკარგვა - უნაცვალგებოდ, უსასყიდლოდ გადაცემა მოპასუხეებისადმი, რაც აკმაყოფილებს, სსკ-ის 524-ე მუხლით (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით) განსაზღვრულ ჩუქების ხელშეკრულების შემადგენლობას (შდრ. სუსგ №ას-555-526-2014, 10.10.2014წ; №ას-319-300-2010, 24.05.2010წ.).
სსკ-ის 525.2 მუხლის მიხედვით კი, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, რაც განსახილველ შემთხვევაში, განხორციელდა კიდეც და მოპასუხეები (მოსარჩელის ოჯახის წევრები) სადავო ქონების თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
22. ამდენად, მოპასუხეები მოსარჩელესთან ერთად სადავო ქონების თანამესაკუთრეები იყვნენ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე მიიჩნევა კანონიერად, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მანამდე სწორია, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება.
23. საკასაციო სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს, რომ მ.დ–ძის სასარჩელო განცხადების წარდგენა ქრონოლოგიურ თანხვედრაშია მ.ფ–ძის სასარგებლოდ ნ. დ-თვის დაკისრებული 227 000 აშშ დოლარის აღსრულების მიზნით დაწყებულ სააღსრულებო მოქმედებებთან. მოსარჩელის ნების ნამდვილობის საკითხის სრულყოფილად აღქმის თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანია სააპელაციო ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2016 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #...., მის სახელზე რიცხული 1/5 წილი შვილიშვილს, გ.დ–სა და რძალს, ქ.ა–ძეს მიჰყიდა, ანუ განკარგა ნივთის ის ნაწილი, რომელიც აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე და მ.დ–ძის რეალური სინამდვილის აღქმის ფარგლებშიც მის საკუთრებას წარმოადგენდა.
ეს გარემოებები საკასაციო პალატას დამატებით უმყარებს შინაგან რწმენას, რომ წინამდებარე მოთხოვნებით სასარჩელო განცხადების წარდგენა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ფინანსური ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზანს ემსახურება, რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად საკასაციო პალატა მსჯელობს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
26. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 11 000 (5 000+6 000) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.დ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ.დ–ძის უფლებამონაცვლეს, მ.ფ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი - 11 000 (5 000+6 000) ლარი;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე