საქმე №ას-1505-2022 12 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „თ–ნი“ (მოსარჩელე, მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარეთა სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარეები - რ.თ–ია, თ.რ–ძე, ლ.ა–ნი, თ.ჩ–ა, გ.ტ–ია (მოპასუხეები შპს „თ–ნის“ სარჩელზე, მოსარჩელეები გაერთიანებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ო–ი“ (მოპასუხე შპს „თ–ნის“ სარჩელზე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, გაერთიანებული სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით #......, დაზუსტებული ფართი 800 კვ.მ, შენობის საერთო ფართი 1 649, 53 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი ან საიჯარო უძრავი ქონება), შპს „ე.ო–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შპს, კომპანია ან მეიჯარე) საკუთრებაა.
1.1. კომპანიის პარტნიორები არიან რ.თ–ია, თ.ჩ–ა, გ.ტ–ია -15-15%; თ.რ–ძე -35% და ლ.ა–ნი -20%.
2. შპს-მ ინტერნეტსივრცეში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაქირავების თაობაზე განცხადება/რეკლამა განათავსა, საიჯარო ქირად - 9 000 აშშ დოლარი მიეთითა.
3. კომპანიასა და შპს „თ–ნს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარეთა სარჩელზე, აპელანტი, კასატორი ან მოიჯარე) შორის 2019 წლის 30 სექტემბერს იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იჯარის ხელშეკრულება) დაიდო. შეთანხმების მიხედვით, მოიჯარეს იჯარით, დროებით სარგებლობაში გადაეცა საიჯარო უძრავი ქონება, ყოველთვიური ქირა - 9 000 (დღგ-ს გარეშე) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადახდილიყო მეიჯარისთვის ყოველი საანგარიშო თვის 15 რიცხვამდე.
3.1. იჯარის საგანი კომერციული დანიშნულების ნივთია და მხოლოდ ამ მიზნით უნდა გამოყენებულიყო (იხ. შეთანხმების 8.1. პუნქტი).
3.2. შეთანხმების 12.1 პუნქტით, იჯარის საგნის მფლობელობა/სარგებლობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის ფინანსური ვალდებულებები წარმოიშვებოდა, რომლებიც საიჯარო ქირის გადახდის, ზიანის მიყენების შემთხვევაში, მისი ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ფულად გადასახდელებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს განსაზღვრავდა.
3.3. ხელშეკრულება დადებულად მიიჩნეოდა მხარეთა ხელმოწერის თარიღიდან, ხოლო საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშვებოდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან და 2024 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედებდა (იხ. 15.1 პუნქტი).
3.4. 2019 წლის 30 სექტემბერს, ფიზიკურ პირებს - რ.თ–იას, თ.რ–ძეს, ლ.ა–ნს, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესაკუთრეები), და მოიჯარეს შორის წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაზე და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების თაობაზე შეთანხმება დაიდო.
3.4.1. შეთანხმების პრეამბულის თანახმად, მისი შედგენა შემდეგმა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა:
მესაკუთრეებს ყველას ერთად და ცალ-ცალკე სურთ, გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული კომპანიის წილები (ჯამში ასი პროცენტი) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ნასყიდობის საგანი), ხოლო შემძენს სურს, შეიძინოს;
შემძენის ინტერესი ნასყიდობის საგნის შეძენაზე უკავშირდება კომპანიის საკუთრებაში ფლობის ფაქტს და შემძენს სურს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის ოფისად გამოყენება და მასზე (წილებზე) საკუთრების უფლების მოპოვება;
წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოიჯარესა და მეიჯარეს შორის გაფორმებულია უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება; ამ შეთანხმებით მესაკუთრეები წყვეტენ სხვა პოტენციური შემძენის ძიებას და უპირატესობას ანიჭებენ შემძენს;
იმ შემთხვევაში, თუ წილს შემძენი არ შეიძენს, ეს ზიანის მომტანი იქნება მესაკუთრეებისათვის, რადგან ისინი ვერ შეძლებენ დროის გარკვეულ მონაკვეთში თანხის მიღებას, რაც მნიშვნელოვანია მათი გეგმებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე;
ამასთან, თუ მესაკუთრეები ვერ შეძლებენ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, აღნიშნულით ზიანი ადგება შემძენს, რადგან მას განხორციელებული ექნება სარემონტო სამუშაოები უძრავ ქონებაზე, რომელიც საკუთრებაში გააჩნია მეიჯარეს და გაწეული ექნება შესაბამისი ხარჯი, ასევე გადახდილი იქნება საიჯარო ქირა უძრავი ქონებით სარგებლობისათვის, რომლით სარგებლობასაც სარემონტო სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე სრულფასოვნად ვერ განახორციელებს;
მხარეებმა გამოხატეს მზაობა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებში იმოქმედონ საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთპატივისცემისა და კეთილსინდისიერების პრინციპებით, რადგან მათთვის ცნობილია, რომ რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით მეორე მხარეს მიადგება ზიანი.
3.4.2. მესაკუთრეები ყველა ერთად და ცალ-ცალკე იღებენ ვალდებულებას არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივნისისა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სრულად მიჰყიდონ შემძენს თავიანთ საკუთრებაში არსებული კომპანიის წილები.
შემძენი იღებს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ, არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივნისამდე, იყიდოს მესაკუთრეებისაგან თავიანთ საკუთრებაში არსებული შპს-ს წილები სრულად, რის საფუძველზეც შემძენი გახდება კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე (იხ. ხელშეკრულების 1-ლი მუხლი).
3.4.3. ნასყიდობის საგნის ჯამური ფასი, კერძოდ, კომპანიის 100% წილის ღირებულება - 1 260 000 აშშ დოლარია (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადების გარეშე, თუ წინამდებარე ოპერაცია იბეგრება ასეთი გადასახადით), საიდანაც რ.თ–იას საკუთრებაში არსებული კომპანიის 15% წილის ღირებულება - 189 000 აშშ დოლარია; თ.რ–ძის 35% წილის - 441 000 აშშ დოლარი; ლ.ა–ნის 20% წილის - 252 000 აშშ დოლარი; თ.ჩ–ას 15% წილის - 189 000 აშშ დოლარი და გ.ტ–იას 15% წილის - 189 000 აშშ დოლარს შეადგენს (იხ. შეთანხმების მე-3 მუხლი).
3.4.4. ხელშეკრულების 3.2.1 პუნქტის თანახმად, შემძენი ნასყიდობის საფასურს სრულად იხდის მესაკუთრეებსა და შემძენს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.
ამავე ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტით, ნასყიდობის საგნის საფასურში, მესაკუთრეთა წილების პროპორციულად გაიქვითება ასევე: ა) ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოიჯარის მიერ მეიჯარისთვის უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ქირის სახით გადახდილი თანხის 74.45% და ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში წინამდებარე ხელშეკრულების 5.1.4 მუხლში მითითებული მეიჯარის დავალიანება ბანკის სასარგებლოდ სრულად.
3.4.5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივნისისა, დადებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით: რ.თ–ია გაყიდის მის საკუთრებაში არსებული კომპანიის 15% წილს, ხოლო შემძენი იყიდის მას, წილის ნასყიდობის ფასია - 189 000 აშშ დოლარი;
თ.რ–ძე გაყიდის მის საკუთრებაში არსებულ კომპანიის 35% წილს, ხოლო შემძენი იყიდის მას, წილის ნასყიდობის ფასია - 189 000 აშშ დოლარი;
ლ.ა–ნი გაყიდის მის საკუთრებაში არსებულ 20% წილს, ხოლო შემძენი იყიდის მას, წილის ნასყიდობის ფასია - 252 000 აშშ დოლარი;
თ.ჩ–ა გაყიდის მის საკუთრებაში არსებულ 15% წილს, ხოლო შემძენი იყიდის მას, წილის ნასყიდობის ფასია - 189 000 აშშ დოლარი;
გ.ტ–ია გაყიდის მის საკუთრებაში არსებულ 15% წილს, ხოლო შემძენი იყიდის მას, წილის ნასყიდობის ფასია - 189 000 აშშ დოლარი (იხ. შეთანხმების მე-4 მუხლი).
3.4.6. ხელშეკრულების 5.1.6 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე შემძენი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებით შეასრულოს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობის სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოები მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პარამეტრებით.
5.1.8 პუნქტით, განისაზღვრა, რომ მესაკუთრეები ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, შემძენის მიერ მითითებულ პირს დანიშნავენ
კომპანიის დირექტორად არსებულ დირექტორთან ერთად.
ხელშეკრულების 5.1.10 პუნქტით, ნასყიდობის საგნის საგადასახადო რისკების შეფასების მიზნით, შემძენი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადაში საკუთარი ხარჯით წარმართოს შპს ,,ე.ო–ის’’ აუდიტორული კვლევა (საგადასახადო აუდიტი), რომელიც მოიცავს კომპანიის დაფუძნების დღიდან წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე პერიოდს.
ხელშეკრულების 5.2.1 პუნქტით, შემძენი ადასტურებს, რომ შეამოწმა ნასყიდობის საგანი, ასევე - უძრავი ქონება (როგორც ვიზუალური ისე უფლებრივი მხარე, მათ შორის, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული) და იწონებს მას.
3.4.7. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების დადების დროისთვის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა) არ არის მიღებული ექსპლუატაციაში კანონით დადგენილი წესით (იხ. 6.1. პუნქტი).
6.2 პუნქტით, მესაკუთრეები და მეიჯარე კისრულობენ ვალდებულებას, ხელშეკრულების დადებიდან შვიდი თვის განმავლობაში, უზრუნველყონ შენობა-ნაგებობის კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება ისე, რომ არ შეიცვალოს შენობა-ნაგებობის კონფიგურაცია და არ შემცირდეს მისი ღირებულება.
3.4.8. შენობა-ნაგებობა მოიჯარისთვის გადაცემის დროისთვის უნდა იყოს შემდეგი სახით: შიდა კედლები - გაჯით გალესილი (აღნიშნული არ ეხება შიდა ტიხრებს, რომელსაც თავისი შეხედულებით ააშენებს შემძენი); იატაკი - ბეტონის მონოლითური; ლიფტი - დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში მიღებული, ბრენდი ,,ოტისი’’, აყვანილი საგარანტიო მომსახურებაზე; კანალიზაცია, დენი, გაზი და წყალი შეყვანილი შენობა-ნაგებობაში (იხ. 6.5 პუნქტი).
3.4.9. ხელშეკრულების 7.6 პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ შემძენი წინამდებარე შეთანხმების 1.1 და 4.1 მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლებს სრულად იყიდოს მესაკუთრეებისაგან ნასყიდობის საგანი, მესაკუთრეები ვალდებული არიან განუსაზღვრონ მას დამატებით ერთ - წლიანი ვადა ნასყიდობის საგნის შეძენისთვის. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, შეწყვიტოს მოიჯარესთან იჯარის ხელშეკრულება, ხოლო მესაკუთრეები უფლებამოსილი იქნებიან, შეწყვიტონ შემძენთან წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც შემძენი ან მოიჯარე სრულად კარგავს უძრავ ქონების რემონტის ხარჯების უკან მოთხოვნის უფლებას (მიუხედავად იმისა, ვის მიერ იქნება განხორციელებული სარემონტო სამუშაოები), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებაზე განხორციელებული და დადასტურებული რემონტის ხარჯები ნაკლებია 240 000 აშშ დოლარისა, შემძენი და მოიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს მესაკუთრეებს ან მეიჯარეს აღნიშნული სხვაობა ფულადი სახით.
3.4.10. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე შემძენს მესაკუთრეებისაგან გადაეცა სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის - ლიფტის ინსპექტირების სერტიფიკატი და პასპორტი (იხ. 12.14 პუნქტი).
3.5. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 აპრილის ბრძანებით, უძრავი ნივთი მიღებულია ექსპლუატაციაში.
3.6. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს/კასატორს ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ-ით ....., რის შემდეგაც მან უძრავ ქონებაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
მოიჯარემ მეიჯარეს საიჯარო ქირა, ჯამურად -187 369 ლარი გადაუხადა, ბოლო გადახდა განხორციელდა 2020 წლის 16 მარტს.
3.7. 2020 წლის 22 მარტის წერილით, მოიჯარემ მეიჯარეს საიჯარო საგნის ნაკლის შესახებ აცნობა, რაც ნალექის დროს შენობის კედლებიდან წვიმის წყლის შემოდინებას/შემოჟონვას გულისხმობდა (იხ. შეტყობინება)
3.7.1. საპასუხო წერილით კასატორს ეცნობა, რომ ნაკლის დადასტურების შემთხვევაში, გამოთქვამდნენ მზაობას კასატორთან შეთანხმებით, ნაკლის საკუთარი ხარჯით აღმოფხვრის თაობაზე. მითითებული კომუნიკაციის ფარგლებში, 2020 წლის 2 აპრილს კასატორმა დამატებით მიუთითა შენობის სადრენაჟე/საკანალიზაციო ჭებიდან წყლის ამოდინებაზე, ისევე როგორც შენობაში დამონტაჟებული ლიფტის არასტანდარტულ ზომაზე.
3.7.2. ამდენად, მოსარჩელე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნივთობრივ ნაკლად განიხილავდა:
1) ნალექის დროს წვიმის წყლის შემოდინებას (შემოჟონვას) შენობის კედლებიდან;
2) შენობის სადრენაჟე/საკანალიზაციო ქსელის პრობლემას, რაც გამოიხატებოდა გარე საკანალიზაციო ჭებიდან წყლის ამოსვლაში
3) შენობაში არსებული ლიფტის არასტანდარტულ სიმაღლეს.
შპს ,,თ–ნის’’ განმარტებით, ლიფტის სიმაღლე არ აღემატებოდა 2 მეტრს, რაც საშუალო სიმაღლის მომხმარებელს მისით სარგებლობისას პრობლემას შეუქმნიდა, ვინაიდან შენობა სამომავლოდ უნდა ყოფილიყო კომერციული მოხმარების და გათვლილი იყო მასში სხვადასხვა ბრენდირებული მაღაზიის განთავსება.
3.7.3. საპასუხო წერილით კასატორს ეცნობა, რომ კომპანია გამოსასწორებელ დადასტურებულ ნაკლად, მხოლოდ შენობის კედლებიდან წვიმის წყლის შემოჟონვას მიიჩნევდა.
3.8. 2020 წლის 30 მაისს მოსარჩელემ/მოიჯარემ შეწყვიტა როგორც იჯარის, ასევე, წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ შეთანხმება. მიზეზად მისთვის გადაცემული კომპანიის საკუთრებაში არსებული საიჯარო ქონების ნაკლი მიუთითა, ისევე, როგორც პანდემიის გათვალისწინებით, ხელშეკრულებების დადების შემდგომ შეცვლილი გარემოებები.
ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით შემძენმა მოითხოვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადაცემულის (საიჯარო ქირა, სარემონტო ხარჯი, დიზაინერის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი და აუდიტორული დასკვნის მომზადებაზე გაწეული ხარჯი) უკან დაბრუნება.
სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, კომპანიას შენობა-ნაგებობა ჩაბარდა 2020 წლის 12 ივნისს. ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით, სადავოს არ წარმოადგენს (იხ. მხარეთა მიმოწერები). საქმის მასალებში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტიც (იხ. ტომი 3, ს.ფ. 61), რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიას შენობა-ნაგებობა ჩაბარდა 2020 წლის 12 ივნისს.
4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით შპს „თ–ნმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.ო–ის“, რ.თ–იას, თ.რ–ძის, ლ.ა–ნის, თ.ჩ–ასა და გ.ტ–იას წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
5. თავის მხრივ, მესაკუთრეებმა სარჩელი აღძრეს მოიჯარის/შემძენის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე.
6. აღნიშნული საქმეები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, ერთ წარმოებად გაერთიანდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს ,,თ–ნის’’ სარჩელი შპს ,,ე.ო–ის’’, რ.თ–იას, თ.რ–ძის, ლ.ა–ნის, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას მიმართ უარყოფილ იქნა;
რ.თ–იას, თ.რ–ძის, ლ.ა–ნის, თ.ჩ–ასა და გ.ტ–იას სარჩელი შპს ,,თ–ნის’’ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,თ–ნს’’ რ.თ–იას, თ.რ–ძის, ლ.ა–ნის, თ.ჩ–ასა და გ.ტ–იას სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-317-ე, 327-ე, 352-ე, 355-ე, 361-ე, 394-ე, 398-ე, 533-ე, 535-ე, 581-ე, 405-ე, 408-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე, 487-488-ე, 490-ე მუხლები გამოიყენა.
8. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოიჯარემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოწინააღმდეგე მხარეების სარჩელის უარყოფა, ხოლო მესაკუთრეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოიჯარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
მესაკუთრეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, შპს „თ–ნის“ მიმართ რ.თ–იას, თ.რ–ძის, ლ.ა–ნის, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 24 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
შპს „თ–ნს“ რ.თ–იას, თ.რ–ძის, ლ.ა–ნის, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 210 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება;
სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. გადაწყვეტილება შპს „თ–ნმა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და გაერთიანებული სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ნაწილობრივ სწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების საგანი ნაკლიიანი იყო, თუმცა არასწორად დადგინდა მისი მოცულობა, გავლენა ნასყიდობის საგანსა და მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ნაკლის გამოსასწორებლად გასაწევი დანახარჯისა და პერიოდის ოდენობა და ნაკლის მიმართ მხარეთა სუბიექტური და ობიექტური დამოკიდებულება.
კასატორის მითითებით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებზე მსჯელობისას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ძირითადად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ ხელშეკრულების საგნის ნაკლთან მიმართებით, მაშინ როდესაც ნაკლთან ერთად ხელშეკრულებიდან გასვლის არსებით მიზეზად პანდემია და მასთან ბრძოლის მიზნით მიღებული შეზღუდვები/აკრძალვები დასახელდა.
გარდა ზემოღნიშნულისა, კასატორის მტკიცებით, არასწორადაა განსაზღვრული პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობაც.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ მართებულია.
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს/კასატორს სურდა, კერძოდ, გადახდილი საიჯარო ქირისა და უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც; იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 533-ე (გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. 535-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისთვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის), 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი), 488.1 (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის), 488.2 (ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთი ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)), 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებით ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება) და 405.2 (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა) მუხლებს ეფუძნებოდა.
გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელეების/მესაკუთრეების მოთხოვნა კი, 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობდა. სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლით კი, გათვალისწინებულია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა.
14. სსკ-ის 352-ე მუხლი არის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (გსკ) 346-ე პარაგრაფის ანალოგი, რომელიც ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) წინაპირობებს, რაც მოიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის როგორც კანონისმიერ, ისე - სახელშეკრულებო დათქმის საფუძველს და განიმარტება, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევა (იხ. იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, 2014 წ. გამოცემა, ს.ფ. 242-243).
დოქტრინაში არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული სსკ-ის 352-ე მუხლში მითითებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა (გასვლის) და ხელშეკრულების მოშლის ტერმინოლოგიური უზუსტობის შესახებ (იხ. www.gccc.ge – 352-ე მუხლის კომენტარი) და დასკვნის სახით შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმას, რასაც გადაცემულისა და მიღებულის ორმხრივი რესტიტუცია მოსდევს, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება.
საგულისხმოა ისიც, რომ ზოგადად ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად და რესტიტუციის მოვალედ.
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ნივთის ნაკლზე აპელირებდა, კერძოდ, წვიმის დროს წვიმის წყლის შემოდინებაზე (შემოჟონვა) შენობის კედლებიდან; შენობის სადრენაჟე/საკანალიზაციო ქსელის პრობლემაზე, რაც გამოიხატებოდა გარე საკანალიზაციო ჭებიდან წყლის ამოსვლაში და შენობაში არსებული ლიფტის არასტანდარტულ სიმაღლეზე.
მისი მითითებით, ლიფტის სიმაღლე არ აღემატებოდა 2 მეტრს, რაც საშუალო სიმაღლის მომხმარებელს სარგებლობისას პრობლემას შეუქმნიდა, ვინაიდან შენობა სამომავლოდ უნდა ყოფილიყო კომერციული და გათვლილი იყო მასში სხვადასხვა ბრენდირებული მაღაზიის განთავსება, ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად პანდემიასა და მასთან ბრძოლის მიზნით მიღებულ შეზღუდვებზე/აკრძალვებზე აპელირებდა.
16. შპს „ე.ო–ი“ დადასტურებულ ნაკლად მხოლოდ შენობის კედლებიდან წვიმის წყლის შემოჟონვას აღიარებდა.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის/კასატორის მოთხოვნა ნივთის ნაკლის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე და რაში გამოიხატებოდა შენობა-ნაგებობების ნაკლი.
17.1. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
17.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.
17.3. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
17.4. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
17.5. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.
ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, ახსნა-განმარტებებიც დასაბუთებული და უშუალოდ დავასთან დაკავშირებული უნდა იყოს.
17.6. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
18. საქმეში დაცული წერილობითი მტკიცებულებების, კერძოდ, მხარეთა შორის არსებული მიმოწერისა (წვიმის წყლის შემოდინების ფაქტს მოწინააღმდეგე მხარეც არ უარყოფს) და მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ შპს „ე.ო–ის“ მიერ ნაკლის გამოსწორების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, ნაკლის - ძლიერი ნალექის პირობებში შენობის კედლებიდან წვიმის წყლის შემოდინების/შემოჟონვის ფაქტის რეალობის შესახებ.
19. მითითებულ ნაკლთან მიმართებით მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნავდა, რომ იგი მარტივად გამოსასწორებადი იყო და ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს არ წარმოშობდა.
20. ამავდროულად, შენობის სადრენაჟე/საკანალიზაციო ქსელისა და შენობაში განთავსებული ლიფტის არასტანდარტულ სიმაღლესთან მიმართებით კასატორის პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მიიჩნევს, რომ იგი უძრავი ქონების ნაკლად ვერ განიხილება, კერძოდ:
20.1. დადგენილია, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს შეთანხმების დადებასთან ერთად კასატორს გადაეცა ლიფტის ინსპექტირების სერტიფიკატი და პასპორტი, რომელიც შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას ლიფტის პარამეტრების, მათ შორის - სიმაღლის თაობაზე, საქმეში წარდგენილია ასევე ლიფტის შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის გადაცემაზე კასატორი არ დავობს, შესაბამისად, მისთვის ლიფტის პარამეტრები შეთანხმებისთანავე იყო ცნობილი, მიუხედავად იმისა შენობაში ლიფტი ფიზიკურად იყო თუ არა დამონტაჟებული.
21. რაც შეეხება შენობის გარე საკანალიზაციო ჭების გაუმართაობასთან მიმართებით კასატორის მითითებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაკლად ვერ მიიჩნევა, რადგან გარდა მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა რაიმე სახის მტკიცებულებებით დადასტურებული არაა.
აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ საქმეში წარდგენილია, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ გარე ქსელებზე დაერთების და ექსპლუატაციაში მიღებისა და აბონირების აქტი, ისევე, როგორც ობიექტის წყალარინების ქსელზე დაერთების სქემატური ნახაზი, ცნობა, რომლითაც შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ უთითებს, რომ .......... ქუჩა #23-ში, ს/კ-ით #....., წყალარინების D=100 მმ-იანი ქსელი დაერთებულია გვირილების ქუჩაზე გამავალ კომპანიის ბალანსზე რიცხულ წყალარინების D=150 მმ-იან ქსელზე.
ობიექტის წყალარინების ქსელი მუშაობს გამართულად, დაცული აქვს ქანობი, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვითაა მოწყობილი, შესაბამისად, გარე საკანალიზაციო ქსელის პრობლემაზე კასატორის მითითებაც დაუსაბუთებელია.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, შპს „თ–თვის“ თავდაპირველად იჯარით გადაცემულ შპს „ე.ო–ის“ უძრავ ქონებას გააჩნდა ნაკლი, რაც შენობა-ნაგებობის ჰიდროიზოლაციის პრობლემაში, კერძოდ, ძლიერი ნალექის პირობებში შემოჟონილი წყლით კედლების დასველებაში გამოხატება.
23. საკასაციო პალატა აღიარებული სამართლებრივი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა.
ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სსკ 405-ე, 352-359-ე მუხლები) (იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001 წელი, 233; მ.თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006 წელი, 41; შდრ: სუსგ №ას- 1361-2020, 11 მარტი, 2021).
23.1. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე.
ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
23.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია:
ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს);
ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი);
გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა;
დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი;
ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე);
ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. დამატებით: მ.თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ.ბიოლინგი/პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017.პ.34).
23.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად და უპირობოდ არ ანიჭებს მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, არამედ ვალდებულების დარღვევა ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს.
23.4. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოვლენილი ნაკლი/შენობის ჰიდროიზოლაციის პრობლემა, კასატორისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერ წინაპირობებს არ წარმოქმნიდა;
გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, თანახმა იყო ნაკლის გამოსასწორებლად ნებისმიერ გონივრულ ალტერნატივაზე, იქნებოდა ეს უშუალოდ ნაკლის გამოსწორება თუ ფასის შემცირება (იხ. მხარეთა მიმოწერა); ამასთან თავისი ხასიათიდან გამომდინარე იგი ვერ განიხილება ისეთ მნიშვნელოვან ნაკლად, რაც მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებებს სრულად დაუკარგავდა ინტერესს.
24. კასატორი ნივთის ნაკლთან ერთად ხელშეკრულებიდან გასვლის არსებით მიზეზად პანდემიასა და მასთან ბრძოლის მიზნით მიღებულ შეზღუდვებზე/აკრძალვებზე უთითებდა.
24.1. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 398-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვით. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
24.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპი - “pacta sunt servanda” მსოფლიოს ყველა მართლწესრიგისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე პრინციპია, რომელიც იმპერატიულად ადგენს სახელშეკრულებო პირობების შესრულების სავალდებულოობას სახელშეკრულებო წონასწორობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობისათვის.
24.3. კანონიერად მიღწეული შეთანხმება იკავებს კანონის ადგილს მათი შემოქმედი მხარეებისთვის. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად pacta sunt servanda-ს უზენაესი წესის აღსრულება.
კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძოსამართლებრივ ღირებულებას.
ინდივიდუალური სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძოსამართლის დაცვითი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით.
24.4. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეცვლილი გარემოებების აღმოცენება თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელთა პირობებშიც ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის შეუზღუდავი გამოყენება სახელშეკრულებო წონასწორობის, სამართლიანობის, გონივრულობის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთა რღვევას განაპირობებს, შესაბამისად, pacta sunt servanda -ს პრინციპთან ერთად თანაარსებობს clausula rebus sic standibus -ის დოქტრინა, რომელიც სახელშეკრულებო პირობების მხოლოდ უცვლელ გარემოებათა პირობებში მბოჭავი ძალმოსილების შენარჩუნებას ითვალისწინებს.
24.5. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით.
კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა.
ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები.
კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედეგით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად.
24.6. 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში გავრცელებული პანდემია და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ეკონომიკურ სფეროში გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნევა და მტკიცებას არ საჭიროებს.
ამასთან, პანდემია ავტომატურად ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად ვერ მიიჩნევა, შესაბამისად, კასატორს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა უნდა დაემტკიცებინა.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „თ–ნმა“ სადავო პერიოდში არაერთი იჯარის ხელშეკრულება დადო, შესაბამისად, კასატორს აღნიშნული დანაწესი აძლევდა საშუალებას, გარემოებების ცვლილებების გათვალისწინებით, მოეხდინა მისი მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, რის საპასუხოდაც მოსარჩელემ ხელშეკრულებიდან გასვლა მიიჩნია ერთადერთ ალტერნატივად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებისადმი მისადაგების საკითხი არსებითად შეეხებოდა სწორედ ნასყიდობის საგნის ფასდაკლებას.
საქმეში წარმოდგენილი მიმოწერები ადასტურებს, რომ მოპასუხემ გამოთქვა მზაობა შეემცირებინა ნასყიდობის საფასური 100 000 აშშ დოლარით, მაშინ როდესაც შპს ,,თ–ნის’’ სურვილი მდგომარეობდა შენობის 800 000 აშშ დოლარად შეძენაში. წინამდებარე საქმის ფარგლებში დაუსაბუთებელია პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ფასი წარმოადგენდა სწორედ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეცვლილ გარემოებათა მისადაგების მიზნით გადადგმულ გონიერ ნაბიჯს და არა მხოლოდ მოსარჩელის სურვილს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეეძინა ნასყიდობის საგანი, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
25. იმ პირობებში, როცა სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამასთან, არც სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დასახელებული ხარჯის გაწევა და მისი მიზნობრიობა დასტურდება, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საიჯარო ქირის სახით გადახდილი - 187 369 ლარის, დიზაინერული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 41 542.2 ლარისა და აუდიტორის მომსახურების ხარჯის - 4130 ლარის ანაზღაურების უსაფუძვლობასთან მიმართებითაც.
26. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის შესაბამისად შპს "თ–ნის" მხრიდან 84087 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ჩატარება დასაბუთებულად ჩაითვალა.
თავად 84087 ლარი გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს რაოდენობის განსაზღვრისას და გამოაკლდა შპს "თ–ნის" მიმართ დასაკისრებელი თანხის (240 000 აშშ დოლარი) მოცულობას (იხილეთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 45-ე გვერდი).
თვალნათელია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შპს "თ–ნი" წარმოადგენს და კასატორის პრეტენზია სარემონტო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯის - 84 087 ლარის ანაზღაურების კანონშესაბამისობის რევიზირებას არ ითვალისწინებს; ამდენად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც დასახელებული თანხის დაკისრების კანონიერებას შეეხება.
27. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ არასწორად დადგინდა პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა.
27.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
27.2. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
27.3. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
27.4. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
27.5. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
27.6. განსახილველ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების დარღვევის არსის, შეთანხმების შესრულებისადმი მესაკუთრეების ინტერესის, ასევე ხელშეკრულების დადებიდან სხვა პოტენციური მყიდველის/მოიჯარის მოძიების შეწყვეტის პირობებში მყიდველის მიერ ნივთის შეძენაზე უარის თქმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემძენისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო - 120 000 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს;
საბოლოოდ, კასატორს მესაკუთრეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომელსაც უნდა გამოაკლდეს შპს "თ–ნის" მიერ გაწეული ხარჯი - 84087 ლარი;
28. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
28.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რ.თ–იას, თ.რ–ძეს, ლ.ა–ნს, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას შპს „თ–ნს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული თანხის - 2888,8 ლარის ანაზღაურება;
28.2. შპს „თ–ნს“ რ.თ–იას, თ.რ–ძეს, ლ.ა–ნს, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 3000 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „თ–ნის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „თ–ნს“ რ.თ–იას, თ.რ–ძის, ლ.ა–ნის, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომელსაც გამოაკლდეს შპს "თ–ნის" მიერ გაწეული ხარჯი - 84087 ლარი;
4. რ.თ–იას, თ.რ–ძეს, ლ.ა–ნს, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას შპს „თ–ნს“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული თანხის - 2888,8 ლარის ანაზღაურება;
5. შპს „თ–ნს“ რ.თ–იას, თ.რ–ძეს, ლ.ა–ნს, თ.ჩ–ას, გ.ტ–იას სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 3000 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე