Facebook Twitter

საქმე №ას-588-2023

14 ივლისი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.კ.რ.?“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის 0,07%-ის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

1. შპს „ს.კ.რ.?-ს“ ნ.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების დარიცხული 6985 ლარისა და 2019 წლის სექტემბრის 9 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხული 2993.57 ლარის გადახდა.

2. შპს „ს.კ.რ.?-ს“ ნ.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების დარიცხული 6985 ლარზე და 2019 წლის სექტემბრის 9 სამუშაო დღის სახელფასო დავალიანების დარიცხული 2993.57 ლარზე დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.07%-ის გადახდა 20.09.2019 წლიდან ამ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის; დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 881.08 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2023 წლის 1 ივნისს კასატორის რწმუნებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით, ამონაწერები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარი რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „ს.კ.რ.?-ის“ მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „ს.კ.რ.?“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 881.08 ლარის ქვითრის დედანი შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150 ან იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შესაბამისი სამართლებრივი შეზღუდვა კომპანიის ანგარიშებზეც ვრცელდება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.კ.რ.?-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ვადა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 881.08 ლარის ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინება კასატორს გაეგზავნა 2023 წლის 12 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაჰბარდა - 2023 წლის 19 ივნისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 20 ივნისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 27 ივნისს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ს.კ.რ.?-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე