გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-197-43-გ-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა საქმეზე მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო მოპასუხე სს ”ტ-ების” მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს ”ტ-ების” მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 139703,82 ლარის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე ს/ს ,,ტ-ებმა” შეგებებული სარჩელით მოითხოვა 325997 ლარის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლა.
საქმის მომზადების სტადიაზე მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სს ”ტ-ებისათვის” ბიუჯეტის სასარგებლოდ 588905,69 ლარის გადასახდელად დაკისრება.
სასამართლოს 2003წ. 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ”ტ-ების” აქციების 39% წილის მფლობელ ზ. ყ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ, ხოლო 17 ივნისის განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა სს ”ტ-ების” გენერალური დირექტორის შუამდგომლობა და სსკ-ს 182.4 მუხლის საფუძველზე აღნიშნულ საქმესთან გააერთიანა სასამართლოს წარმოებაში არსებული სს ”ტ-ების” გენერალური დირექტორის სარჩელი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის _ ქონების დაყადაღების შესახებ გაუქმების თაობაზე.
სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მესამე პირების მ. და ზ. ყ-ეების დამოუკიდებელი სარჩელი მოპასუხეების ს/ს ”ტ-ებისა” და მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
1) მოსარჩელეთა, როგორც სს ”ტ-ების” აქციონერების ცნობა უფლებამოსილ პირებად, სავალდებულო გადასახადის გადახდის საკითხში – გადასახადის გადამხდელის მაგიერ, თანახმად სკ-ს 372-ე, 373-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 30.3 მუხლის მოთხოვნისა;
2) მოსარჩელეების ყ-ეების მიერ სს ”ტ-ების” მაგიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა – 591248 ლარი ჩაეთვალოთ საგადასახადო დავალიანების დასაფარავად გადახდილად, ანუ საგადასახადო ვალდებულება-შესრულებულად;
3) დაევალოს სს ”ტ-ების” ხელმძღვანელობას მოსარჩელეები აღიაროს სს ”ტ-ების” კრედიტორად-591.248 ლარის გადახდასთან დაკავშირებით;
4) მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას აეკრძალოს სს ,,ტ-ების” მთელი ქონების (კერძოდ 591248 ლარის ღირებულების) აუქციონზე გაყიდვა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ფასი აღემატებოდა რა 500000 ლარს, სსკ-ს მე-14 მუხლის თანახმად იგი საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის განსჯად ადმინისტრაციულ სარჩელს წარმოადგენდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2003წ. 14 ივლისის განჩინებით არ დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს მოსაზრებას განსახილველი საქმის განსჯადობის თაობაზე და სასამართლოთა შორის განსჯადობის დავის გადასაწყვეტად საქმე გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენდა იმ საქმეთა ჩამონათვალს, რომლებსაც პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ საოლქო სასამართლოები. კოლეგიამ მიუთითა, რომ ამ მუხლის ”დ” პუნქტით სარჩელის ფასთან დაკავშირებული იყო იმ სარჩელთა განსჯადობა, რომელიც ეხება ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებას; აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებას. კოლეგიამ მიიჩნია, რომ არც ძირითადი და არც შეგებებული სარჩელის არც ერთი მოთხოვნა არ განეკუთვნებოდა მე-6 მუხლით განსაზღვრულ საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციით განსჯად სარჩელებს, რის გამო განსახილველი საქმე რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და განსჯალდობის თაობაზე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე თბილისის საოლქო სასამრათლოს პირველი ინსტანციის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს განსჯადობის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე. კერძოდ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ ნიშნების ერთობლიობა, რაც დამახასიათებელია ამ სახის დავებისათვის, რის შედეგაც დავის განხილვა და გადაწყვეტა უნდა დაექვემდებაროს იმ სამართალწარმოების წესებს, რომელიც დამახასიათებელია მსგავსი კატეგორიის დავებისათვის. საკასაციო სასამათლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავები, რომელთა ღირებულებაც აღემატება 500000 ლარს, არ გამომდინარეობენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის დებულებიდან და ამდენად, არ განეკუთვნებიან საოლქო სასამართლოს I ინსტანციის წესით განსახილველ სარჩელებს.
საკითხისადმი ამგვარი მიდგომა წარმოადგენს კანონის ფორმალურ გაგებას, რომელიც თავისი არსით ფაქტიურად ეწინააღმდეგება ”საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ჩადებულ პრინციპებს. რომლის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო სასამართლოში იქმნება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია. საკასაციო სასამართლოს მიერ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში საოლქო სასამართლოში I ინსტანციით საგადასახადო დავები საერთოდ არ იქნება განხილული, რაც პრინციპშივე ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს საოლქო სასამართლოში საგადასახადო კატეგორიის საქმეთა განხილვის მიზნით I ინსტანციის სასამართლოს შექმნის თაობაზე.
ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საგადასახადო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები რომელთა სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს, განსახილველად ექვემდებარება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაადო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს ”ტ-ების” მიმართ საბიუჯეტო დავალების 588905,69 ლარის გადასახდელად დაკისრების და სს ”ტ-ების” შეგებებული სარჩელი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.