Facebook Twitter

საქმე №ას-590-2023 20 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,მ.კ. მ.გ.დ.ც–რი’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.ხ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,მ.კ. მ.გ.დ.ც–რი’’ (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე ცენტრი ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის იანვრამდე დაგროვილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1740 ლარის ოდენობით; ბ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის, 1740 ლარის 0.07% 2018 წლის 01 მაისიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 16 დეკემბრიდან გამოსაცდელი პერიოდის ჩათვლით 2018 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდგომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ავტომატურად და დასაქმებული აგრძელებდა სამუშაოს შესრულებას, თუმცა, ხელფასს იღებდა დანაკლისით. დასაქმებულის ხელფასი განისაზღვრა ერთი მორიგეობის სარგო 112.50 ლარით (დარიცხული), ხოლო დასაქმებულს ხელზე უნდა აეღო 90 ლარი ყოველ მორიგეობაზე.

3. 2018 წლის აპრილის თვიდან დამსაქმებელმა დაიწყო ხელფასის დაკლება. მოსარჩელეს ჰქონდა თვეში არანაკლებ 7 - 8 მორიგეობა, 2017 წლის დეკემბრის ხელფასი ჩაირიცხა სრულად ნახევარი თვის 470 ლარი; 2018 წლის იანვრის ხელფასი - 630 ლარი (7 მორიგეობის); 2018 წლის თებერვლის ხელფასი - 720 ლარი (8 მორიგეობის); 2018 წლის მარტის ხელფასი ჩაირიცხა - ნაწილ-ნაწილ -720 ლარი (8 მორიგეობის); 2018 წლის აპრილის ხელფასი - 630 ლარი (7 მორიგეობის ) - ერთი მორიგეობის თანხა აპრილში დააკლეს; 2018 წლის მაისში ჩაერიცხა 630 ლარი (7 მორიგეობის), დააკლეს ერთი მორიგეობის თანხა; 2018 წლის ივნისში ჩაერიცხა 560 ლარი, ნაცვლად 720 ლარისა (8 მორიგეობის); 2018 წლის ივლისში ჩაერიცხა 630 ლარი, თუმცა ჰქონდა 9 მორიგეობა; 2018 წლის აგვისტოში ჩაერიცხა 560 ლარი, დააკლდა ორი მორიგეობის თანხა; 2018 წლის სექტემბერში ჩაერიცხა 420 ლარი (294 +126 დაკორექტირებული იქნა) 7 მორიგეობის; ოქტომბერი - ნოემბრის ხელფასი ჩაერიცხა 770 ლარის ოდენობით, ოქტომბერში ჰქონდა 7 მორიგეობა და უნდა მიეღო 630 ლარი, ნოემბერში ჰქონდა 5 მორიგეობა და უნდა მიეღო 450 ლარი; დეკემბერში ჰქონდა 3 მორიგეობა და უნდა 270 ლარი; იანვარში ასევე 3 მორიგეობა და უნდა მიეღო 270 ლარი.

4. 2018 წლის სექტემბრიდან მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო შეთავსებით მარნეულის ჯეოჰოსპიტალში. შესაბამისად, მორიგეობები შეიმცირა თავისი ინიციატივით, რადგან მოპასუხე კლინიკაში ანაზღაურება არ ხდებოდა დროულად და სრულად. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ანაზღაურებს მოსარჩელის კუთვნილ ხელფასს. 2019 წლის 22 აპრილს გაგზავნილი იქნა განცხადება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მოპასუხეს არც ხელფასი არ მიუცია და არც რაიმე გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაუგზავნია მოსარჩელისათვის.

5. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 2019 წლის 11 თებერვალს. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მას ხელფასი არ მიუღია დანაკლისით. თავდაპირველად, მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა ერთ მორიგეობაზე 112.50 ლარს (ხელზე 90 ლარი); ხოლო 2018 წლის 17 ნოემბრიდან ხელფასი განისაზღვრა 87.50 ლარით (ხელზე 70 ლარი). დამსაქმებლის მხრიდან არ მომხდარა ხელფასის დაკლება, არამედ დასაქმებული იღებდა იმ ოდენობის ხელფასს, რა სამუშაოსაც შეასრულებდა ახალი სახელფასო ტარიფის ფარგლებში. სამუშაო დღეებში 17:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე, ხოლო არასამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან მეორე დილის 10:00 სთ-მდე. შესრულებულ სამუშაოდ ითვლება დაწესებულ დროში ექიმის პროფესიული კომპეტენციის მიხედვით შესრულებული საქმიანობა. ექიმი მოვალეობის შესრულებას ადასტურებს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში ჩანაწერით, რომელიც იწარმოება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N108/ნ ბრძანების მიხედვით „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“. ამ ბრძანების საფუძველზე, დასაქმებულის მიერ არასწორად ნაწარმოები დოკუმენტაციის შემთხვევაში კლინიკის მიმართ სამინისტრო იყენებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს და ფულად სანქციებს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგელოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება შემდეგი წესით: - 2018 წლის აპრილის თვის ხელფასი 90 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 90 ლარის 0,07% 2018 წლის 20 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2018 წლის მაისის თვის ხელფასი 90 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 90 ლარის 0,07% 2018 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2018 წლის ივნისის თვის ხელფასი 160 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 160 ლარის 0,07% 2018 წლის 20 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2018 წლის ივლისის თვის ხელფასი 180 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 180 ლარის 0,07% 2018 წლის 20 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2018 წლის აგვისტოს თვის ხელფასი 180 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 180 ლარის 0,07% 2018 წლის 20 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასი 210 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 210 ლარის 0,07% 2018 წლის 20 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2018 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების ხელფასი 310 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 310 ლარის 0,07% 2018 წლის 20 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2018 წლის დეკემბრის თვის ხელფასი 210 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 210 ლარის 0,07% 2019 წლის 20 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - 2019 წლის იანვრის თვის ხელფასი 270 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ყოველდღიურად, 270 ლარის 0,07% 2019 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მხარეთა შორის გაფორმებული, 2017 წლის 10 დეკემბრის შრომის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე წლის 16 დეკემბრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კლინიკაში ექიმ კარდიოლოგის თანამდებობაზე.

10. შესრულებული სამუშაოს შესრულებისათვის დასაქმებულის შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრა ერთი მორიგეობისათვის 112,5 (დარიცხული) ლარით, რაც ხელზე ასაღები ოდენობით 70 ლარს შეადგენს, ასევე შიდა სტანდარტით დამტკიცებული საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად. შრომის ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

11. 2018 წლის 16 ნოემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა თანამდებობიდან გათავისუფლების მთხოვნით.

12. მოპასუხე კლინიკის 2019 წლის 8 თებერვლის N11 ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და მოპასუხე კლინიკის წესდების მე-4 მუხლის საფუძველზე 2019 წლის 11 თებერვლიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

13. მოპასუხის 2019 წლის 9 მაისის N50 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 10.12.2017 წლის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 112.50 ლარი (დარიცხული), ხოლო 2018 წლის 17 ნოემბრიდან - 87.50 ლარი (დარიცხული).

14. მოსარჩელის მიერ არ იქნა გადაცემული დამსაქმებლისათვის დოკუმენტაცია (სამედიცინო ბარათები) და არ იქნა დასრულებული პაციენტების ისტორიები. წერილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემოდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N108/ნ ბრძანებას „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“. ექიმის პროფესიული მოვალეობა განსაზღვრულია „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის N4O1-8/ნ ბრძანებით „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“. მოპასუხის მიერ ანაზღაურება სრულად გაცემულია შესრულებულ სამუშაოებზე, რომელიც შეესაბამება მორიგეობებს.

15. მოსარჩელეს ხელფასის სახით მიღებული აქვს 2018 წლის იანვარში - 630 ლარი; 2018 წლის თებერვალში - 720 ლარი; 2018 წლის მარტში 720 ლარი; 2018 წლის აპრილში - 630 ლარი; 2018 წლის მაისში - 630 ლარი; 2018 წლის ივნისში - 560 ლარი; 2018 წლის ივლისში - 630 ლარი; 2018 წლის აგვისტოში - 560 ლარი. 2018 წლის აგვისტოში - 560 ლარი. 2019 წლის ოქტომბერი, ნოემბრის თვეში - 770 ლარი.

16. მოპასუხის 2018 წლის 17 ნოემბრის N58 ბრძანებით მოპასუხე კლინიკის სამედიცინო დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძვლად მოსარჩელის მიმართ, დაკისრებული შრომითი მოვალეობის არასრულყოფილად შესრულების გამო, გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა. ამავე ბრძანების მე-2 მუხლით ჯარიმად განისაზღვრა ყოველთვიური ხელფასის შემცირება მორიგეობის ანაზღაურება 87,5 ლარი (დარიცხული).

17. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო კლინიკის სამედიცინო დირექტორის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, 2018 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში მოსარჩელემ გააცდინა ან თვითნებურად გადაცვალა მოიგეობები. ამასთან, პაციენტთა ავადმყოფობის ისტორიები შევსებულია არასრულად და არაკომპეტენტურად. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სადავო პერიოდში მორიგეობის შესრულებისა და მის შესაბამისად სახელფასო დავალიანების არსებობის თაობაზე. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულის საპირისპირო არგუმენტებზე მოპასუხეს/აპელანტსაც არ მიუთითებია და არც ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოპასუხეს/აპელანტი შემოიფარგლა ზოგადი განმარტებით, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება. მისი განმარტებით, მოსარჩელე პერიოდულად აცდენდა მორიგეობებს და არ ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს. ამასთან, სამუშაოს ასრულებდა არასრულყოფილად, არ აწარმოებდა სამედიცინო ისტორიას და გაურკვეველი იყო თუ რა მკურნალობას უწევდა პაციენტებს. ყოველივე აღნიშნულის გამო, ივნისის და ივლისის თვეში მას შეეცვალა ტარიფი და განისაზღვრა 70 ლარით, ნაცვლად 90 ლარისა (ხელზე ასაღები ოდენობა). მხარეთა განმარტებით, უდავოა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში წარმოებდა მორიგეობის გრაფიკი (ცხრილი) და სამუშაოს შესრულება (მორიგეობა) ტაბელების საშუალებით აღირიცხებოდა. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტების საწინააღმდეგ, სამუშაოს შესრულების - მორიგეობის აღრიცხვის ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები, რაც ხელმისაწვდომია დამსაქმებლისათვის, მოცემულ საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

19. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, შესრულებული მორიგეობის რაოდენობასთან დაკავშირებით, სრულად იქნა გაზიარებული მოსარჩელის მითითება, ხოლო აპელანტმა/მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო პერიოდში მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის მიერ სამუშაოს შეუსრულებლობა.

20. ამდენად, ვინაიდან დადასტურებული იქნა სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების გარემოება, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას სახელფასო დავალიანება გადახდილი აქვს მოსარჩელისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა შრომის ანაზღაურების თაობაზე.

21. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ნაწილში წარმოდგენილ სააპელაციო პრეტენზიას სსკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი) თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.

22. მოცემულ შემთხვევაში, დაყოვნებულ თანხად განიხილება მოსარჩელისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით გადასახდელი ხელფასი - 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის იანვრის თვეების სახელფასო დავალიანება. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სარჩელი ამ ნაწილშიც საფუძვლიანი იყო და აპელანტს/მოპასუხეს სწორად დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება, მოსარჩელის სასარგებლოდ.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ეკავა ექიმის პოზიცია. ექიმის კომპეტენციაში შედის პაციენტების მკურნალობა და სამედიცინო დოკუმენტაციის/ისტორიების წარმოება. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოებული დოკუმენტაცია ყველა პაციენტზე და სამედიცინო ისტორიები დატოვებულია ღიად. ეს ფაქტი გახდა შრომის ანაზღაურების გაცემის დაყოვნების საფუძველი, ვიდრე დასაქმებული არ შეასრულებდა მის კომპეტენციაში შემავალ სამუშაოს. კასატორი აღნიშნავს, რომ მან დაადასტურა მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი სამუშაო, რაც ნათლად ჩანს 2022 წლის 19 ივლისის სხდომაზე წარდგენილი სამედიცინო ისტორიებით. ამ ისტორიებში პაციენტების მკურნალობის აღწერა არ არის ასახული და დატოვებულია ღიად, შევსების გარეშე, ხოლო კონკრეტული პაციენტის მკურნალობა პროგრამულად ეწერა მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ მხოლოდ მორიგეობაზე გამოცხადება არ არის სამუშაოს სრულად შესრულება, არამედ წარმოებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც. შესაბამისად, განსახილევლ შემთხვევაში, სადავოა შრომის ანაზღაურების გაცემის ვალდებულების წარმოშობა, რადგანაც მოსარჩელის მიერ სრულად არ არის შესრულებული სამუშაო დამსაქმებლისათვის. აქედან გამომდინარე, არ დგინდება გასაცემი ანაზღაურების არსებობა, რაც გამორიცხავს მასზე 0.07 პროცენტის დარიცხვას. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც არ უნდა გამოეყენებინა.

25. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N108/ნ ბრძანება „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანება „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“, რაც უნდა გამოეყენებინა. მითითებული ნორმატიული აქტები ადგენენ ექიმის პროფესიულ მოვალეობებს და მათ შორისაა, ექიმის მიერ პაციენტების ისტორიის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

27 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების და დავალიანების თანხის 0.07%-ის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დაკისრების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სახელფასო დავალიანება და შესაბამისად, არც სახელფასო დავალიანების თანხის 0.07%-ის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დაკისრების წინაპირობა იარსებებდა.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. დადგენილია მოსარჩელის მუშაობის ფაქტი მოპასუხე ცენტრში (ჰოსპიტალში). დადგენილია ისიც, რომ სადავო პერიოდში შრომის ანაზღაურება მოსარჩელის მიმართ არ განხორციელებულა, კერძოდ, დადგენილია სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ მორიგეობის შესრულებისა და მის შესაბამისად, სახელფასო დავალიანების არსებობა (იხ., ამ განჩინების პპ: 9-21).

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პალატა შეზღუდულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპის დასრულების დროისათვის წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევით.

32. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების და დავალიანების დაყოვნების თითოეული დღისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ პირობებში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელფასო დავალიანების საკითხის დასადგენად (შდრ: სუსგ-ები №ას-359-2021, 27 ოქტომბერი, 2021 წელი; №ას-1332-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1295-2021, 2 მარტი, 2022 წელი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს/აპელანტი შემოიფარგლა ზოგადი განმარტებით, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება. მისი განმარტებით, მოსარჩელე პერიოდულად აცდენდა მორიგეობებს და არ ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს. ამასთან, სამუშაოს ასრულებდა არასრულყოფილად, არ აწარმოებდა სამედიცინო ისტორიას და გაურკვეველი იყო თუ რა მკურნალობას უწევდა პაციენტებს. ყოველივე აღნიშნულის გამო, ივნისის და ივლისის თვეში მას შეეცვალა ტარიფი და განისაზღვრა 70 ლარით, ნაცვლად 90 ლარისა (ხელზე ასაღები ოდენობა). მხარეთა განმარტებით, უდავოა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში წარმოებდა მორიგეობის გრაფიკი (ცხრილი) და სამუშაოს შესრულება (მორიგეობა) ტაბელების საშუალებით აღირიცხებოდა. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტების საწინააღმდეგ, სამუშაოს შესრულების - მორიგეობის აღრიცხვის ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები, რაც ხელმისაწვდომია დამსაქმებლისათვის, მოცემულ საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

34. სააპელაციო სასამართლომ შესრულებული მორიგეობის რაოდენობასთან დაკავშირებით, სრულად გაიზიარა მოსარჩელის მითითება, ხოლო აპელანტმა/მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო პერიოდში მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის მიერ სამუშაოს შეუსრულებლობა.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას.

36. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს.

37. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

38. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში, ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე, შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები. მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედაქტორები: ზ.ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020 წელი, გვ.168, 169, 214-215, 221, 231).

39. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან დადასტურებული იქნა სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების გარემოება, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას სახელფასო დავალიანება გადახდილი აქვს სარჩელი შრომის ანაზღაურების თაობაზე სწორად დაკმაყოფილდა.

40. რაც შეეხება რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ სშკ-ის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი (სადავო პერიოდში მოქმედი 31 მუხ.).

41. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ-ები №ას-347-2020,18 ნოემბერი, 2020 №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან სახელფასო ანაზღაურებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუსგ-ები №ას-1295-2021, 2 მარტი, 2022 წელი; №ას-963-2021, 9 დეკემბერი, 2021 წელი).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მ.კ. მ.გ.დ.ც–რი’’ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს ,,მ.კ. მ.გ.დ.ც–რი’’ (ს.კ:........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 12.06.2023-ში N3001 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ეკატერინე გასიტაშვილი