საქმე №ას-724-2023 20 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ი–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე სააგენტო ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №კ/1-1128 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; 1.2. აღდგენილ იქნას მოსარჩელე გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფასს, კერძოდ, სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 1.3. მოპასუხე სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1600 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემიდან (07.09.2020წ.) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელე 2012 წლის 18 სექტემბრიდან დაინიშნა მოპასუხე სააგენტოში ბიზნეს პროცესების ანალიზის სამსახურში, 1 წლის შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ამავე სააგენტოს მარკეტინგის სამსახურში, ხოლო 2014 წლიდან ამავე სააგენტოს დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურში. მოსარჩელე ჯერ დაინიშნა პირველი კატეგორიის სპეციალისტად, შემდეგ იგი დააწინაურეს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოსარჩელეს 2012 წლიდან შრომითი ხელშეკრულება არაერთხელ გაუგრძელდა, 2020 წლის 7 სექტემბრამდე. შესაბამისად, მასთან გაფორმებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელის მთავარ ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა სამოქმედო გეგმების შედგენა/შესრულება. პრეზენტაციებისა და თვიური/წლიური ანგარიშების მომზადება, ასევე გარკვეული პერიოდულობით რეგიონულ ოფისებში ვიზიტი და უფროსის დავალების შესაბამისად დეპარტამენტის ანგარიშის მომზადება.
3. 2014 წელს მოსარჩელეს სააგენტოს მხრიდან წახალისების სახით გამოეცხადა „მადლობა" და დაუწესდა ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 12 ივნისის №1-520 ბრძანებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 29 მაისის N5989-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო, შეერწყა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს) გამოცხადდა რეორგანიზაცია. მოსარჩელეს, 2020 წლის 17 აგვისტოს, ზემოხსენებული ბრძანების შესაბამისად, წერილობით აცნობეს, რომ მეორე დღეს უნდა გამოცხადებულიყო სარეკომენდაციო კომისიის სხდომაზე, თუმცა, მოსალოდნელი გასაუბრების შესახებ წერილში არაფერი ყოფილა ნათქვამი. წერილში ასევე არ ყოფილა მითითებული გასაუბრების თემატიკის და არც იმის შესახებ, თუ რა პოზიციაზე განიხილებოდა მოსარჩელის კანდიდატურა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე გამოცხადდა გასაუბრებაზე. გასაუბრების დაწყებისას მას მიეწოდა ინფორმაცია აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით. სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის 18 აგვისტოს სხდომას, მოპასუხე სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 აგვისტოს №Nკ/1-886 ბრძანების დარღვევით ესწრებოდა არაუფლებამოსილი პირი - მოპასუხე სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი. მოსარჩელის თქმით, გასაუბრების პროცესში იგრძნობოდა მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კომისიის წევრების, განსაკუთრებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მხრიდან. იგრძნობოდა, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული ვის გაათავისუფლებდნენ და ვის დატოვებდნენ სამსახურში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების არც №1 და შესაბამისად არც №2 ოქმში კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მეთოდებზე/კრიტერიუმებზე არაფერია ნათქვამი. კრიტერიუმებთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმის გაზომვის მექანიზმები. ასევე გარკვეველია რა კრიტერიუმებით შეფასდა კონკრეტული თანამშრომლის განათლების, გამოცდილების და ზოგადად კვალიფიკაციის დონე (მათი რეზიუმე).
5. მოპასუხე სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 7 სექტემბრის Nკ/1 1128 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების ბრძანებით არ იქნა გათვალისწინებული, როგორც მოსარჩელის კვალიფიკაცია, ასევე კონკრეტული თანამშრომლის სამსახურში დატოვების ლეგიტიმური მიზეზი. უკანონო გათავისუფლების შედეგად დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციით დაცული შრომის უფლება, ვინაიდან ამ უფლებაში ჩარევას არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი და არ წარმოადგენდა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.
7. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2020 წლის 12 ივნისის Nკ/1 520 ბრძანებით. 2020 წლის 11 აგვისტოს შეიქმნა სააგენტოს სარეკომენდაციო კომისია, რომლის პირდაპირი და უშუალო ვალდებულება იყო რეორგანიზაციის პროცესში კადრების ობიექტური შეფასება. ამ მიზნით განხორციელდა კომისიაში ფსიქოლოგისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართვა. აღნიშნული კომისიის მუშაობის ფარგლებში გასაუბრებისთვის სააგენტოში დაბარებული იქნა რამდენიმე პირი, მათ შორის, მოსარჩელეც. სარეკომენდაციო კომისიამ გამართა გასაუბრება დასაქმებულ პირებთან. თითოეულ კანდიდატს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა. დანიშვნაზე რეკომენდაცია არ გაეწია ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირს, რასაც ადასტურებს „რეორგანიზაციის პროცესში სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარეკომენდაციო კომისიის შექმნისა და კომისიის მუშაობის რეგლამენტის შესახებ“ სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 აგვისტოს Nო3/1-886 ბრძანებით განსაზღვრული სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის 18 აგვისტოს №4 ოქმი. კომისიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული შეფასება წარმოადგენს დახურული ტიპის საჯარო ინფორმაციას, თუმცა მათ მიერ განხორციელებული შეფასებების დაანგარიშებული ჯამური ქულა თითოეული კანდიდატისთვის, მათ შორის მოსარჩელესთვის იყო ცნობილი.
8. შესაგებელში ასევე განმარტებულია, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მისი თითოეული დეპარტამენტის თუ სამსახურის ყოველწლიური ბიუჯეტი შესაძლებელია შეიცვალოს ყოველწლიურად, ბიუჯეტის გადახედვის დროს. აღნიშნული დამოკიდებულია თითოეული დეპარტამენტისა თუ სამსახურის მიერ დასახული ამოცანებიდან, მიზნებიდან თუ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს შეერწყა მეორე, შესაბამისად, ერთი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას, დაემატა მეორე ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, შესაბამისად გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოც და ბუნებრივია თუ ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილება და მანამდე არსებული ბიუჯეტი იქნა გაზრდილი. თუმცა ბიუჯეტის გაზრდა არ ნიშნავს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი აპრიორი მიმართულია საკადრო ცვლილებებისკენ და ბიუჯეტის გაზრდა იწვევს კადრების მატებასაც.
9. გარდა ამისა, სააგენტოს 2020 წლის 12 თებერვლის №481 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" საშტატო განრიგის, ხელფასის ფონდის და თანამდებობრივი სარგოების თანახმად, სახელფასო ფონდს ჯამში წარმოადგენდა 234 450 ლარი, ასევე, წარმოდგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები, სადაც თანამდებობრივი სარგოების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 373 600 ლარი. ამასთან, წარმოდგენილია სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს N2/4-923 ბრძანება, რომლის თანახმად, თანამდებობრივი სარგოების ჯამურმა ოდენობამ რეორგანიზაციის შემდეგ შეადგინა 602 650 ლარი, რაც ნაკლებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და რეორგანიზაციამდე სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თანამდებობრივი სარგოების ჯამურ ოდენობაზე.
10. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე არ დაეთანხმა დაზუსტებულ მოთხოვნას ტოლფას პოზიციასთან მიმართებით და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებული თანამდებობა არ წარმოადგენდა მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფას თანამდებობას.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 7 სექტემბრის Nკ/1- 1128 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 28 800 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
15. 2020 წლის 7 სექტემბრის №კ/1- 1128 ბრძანების საფუძველზე სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დადგეგმვისა და კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 8 სექტემბრიდან.
16. სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა მის ორგანიზაციაში დასაქმებული პირის გათავისუფლების საფუძვლის მართლზომიერების მტკიცების და შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი და აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების გათავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ).
17. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურულ-ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს, დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
18. დადგენილია, რომ მოპასუხე სააგენტოში განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა როგორც ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნა, ასევე სტრუქტრული ქვედანაყოფების სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის გაუქმება. აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია სააგენტოში საშტატო ერთეულების გაუქმება და ფუნქცია-მოვალეოებების სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილება.
19. დადგენილია, რომ მოსარჩელეს რეორგანიზაციამდე დაკავებული ჰქონდა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რომელიც ასევე გაუქმდა რეორგანიზაციის შემდგომ, რასაც მოჰყვა დამსაქმებლის მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, საგულისხმოა, რომ არც სადავო ბრძანება და არც სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, არ შეიცავს საკმარის მონაცემებს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ რეორგანიზაციის გამო აუცილებელი იყო მოსარჩელის გათავისუფლება. მოპასუხე სააგენტომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მეორე აპელანტის/მოპასუხის პრეტენზია, რომ კადრების შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა გასაუბრების შედეგებს და ვინაიდან მოსარჩელეს დაბალი სარეიტინგო ქულა ჰქონდა, უპირატესობა მიენიჭა სხვა მაღალი ქულის მქონე თანამშრომლებს. წარმოდგენილი გასაუბრების ოქმი არ შეიცავს იმგვარ მონაცემებს, რაზე დაყრდნობითაც შესაძლოა გამართლებულად მიჩნეულიყო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, კერძოდ, წარმოდგენილი გასაუბრების ოქმის შინაარსი ბუდნოვანია, კერძოდ, არ ირკვევა, თუ რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ. ამასთან, წარმოდგენილი ოქმი არ შეიცავს მითითითებას - კომისიის მიერ გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების მეთოდთან დაკავშირებით და მასში ასახულია მხოლოდ კონკურსანტების სარეიტინგო ქულები (იხ. ტომი I, ს.ფ. 45-48). ამ გარემოებების საწინააღმდეგოდ კი, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას აქვს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება, რაც ადასტურებს მის კვალიფიციურობას (იხ. ტომი I, ს.ფ. 28-40). საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მეორე აპელანტის პრეტენზია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებისას.
20. შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ბათილად ცნობა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულისათვის ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის ვალდებულებას იწვევს მაშინ, როდესაც პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა, უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა.
21. ზემოაღნიშნული გარემოების - ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული სამუშაოს ტოლფას თანამდებობას, ხოლო, მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ. კერძოდ, დამსაქმებლის ვალდებულებაა მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური. დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს რელევატური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის (შდრ. სუსგ-ები №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი; №ას-902-864-2014, 2015 წლის 30 მარტი; №ას-475-456-2016, 2016 წლის 24 ივნისი; №ას-761-712-2017, 2017 წლის 10 ივლისი).
22. განსახილველ შემთხვევაში, უარყოფილი იქნა აპელანტის პრეტენზია, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მის მიერ მითითებულ ტოლფას თანამდებობას - სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციას, კერძოდ, დადგენილია გარემოება, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას. მის ფუნქცია-მოვალეობებს განეკუთვნებოდა: ა) სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ბ) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავების კოორდინაცია; გ) სააგენტოს განვითარების სტრატეგიის განახლების შესახებ პერიოდულად შესაბამისი წინადადებების წარდგენა; დ) სააგენტოს ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის კოორდინაცია, პერიოდული ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.
23. რაც შეეხება სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციას, მის ფუნქცია - მოვალეობებია: წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების გაცვლის თაობაზე; საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გარეშე სახელმწიფო ქონების ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის თაობაზე დასადები სტანდარტული ხელშეკრულებების სააგენტოს სახელით ხელმოწერა; სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის მიერ თანხმობის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირები განცხადებების განხილვა, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის თაობაზე თანხმობის გაცემასთან (სასყიდლის გარეშე) დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირება; ასევე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან (გარდა შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში განსახორციელებელი მშენებლობისა) დაკავშირებით განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება; თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოსაკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირება. სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება (იხ. ტომი II, ს.ფ. 34-35; 66-68).
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ვაკანტური - ტოლფასი თანამდებობა არსებითად განსხვავდება მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მიზნების, დანიშნულების, ფუნქცია - მოვალეოებისაგან და ვერ მიიჩნევა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასად.
25. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებრივი რესტიტუციის სახით მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია იმ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია.
26. ორგანული კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს შრომით დავებზე კომპენსაციის მიკუთვნების კრიტერიუმებს, თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა მიერ დაძლეული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხედველობაში მიიღება დასაქმებულთან არამართლზომიერად შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ვადა, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა, პირის დასაქმების პერსპეტივა, მისი უნარები, ასაკი, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები, რაც ერთობლივად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს (იხ. სუსგ Nას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
27. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის/პირველი აპელანტის პრეტენზია კომპენსაციის განსაზღვრის სამართლიანობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.).
28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურში აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სშკ-ის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ რეგულაციას (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის რედაქცია არ ითვალისწინებდა (შდრ.სუსგ-ების №ას-150-2022; 24 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-1274-1194-2017; 19.07.2019 წელი), პირველი აპელანტის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში საფუძველს მოკლებულია.
29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. ამასთან, მოსარჩელის/დასაქმებულის პრეტენზია ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე დაუსაბუთებელია და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ გამოიკვეთა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც რეორგანიზაციის გამო აუცილებელს გახდიდა მოსარჩელის გათავისუფლებას. კასატორი მიუთითებს სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის ბრძანებაზე, რომლითაც სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერი, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილ იყო შეექმნა კომისია რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებლი ღონისძიებების მიზნით, როგორც არის თანამშრომელთა კომპენსაციისა და უნარების შეფასება, თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობისას. რეორგანიზაციის პროცესში პოზიციების გაუქმებისა და დუბლირების შემთხვევაში, კომისიის მოწვევის საჭიროება შესაძლოა დამდგარიყო თანამშრომელთა შეფასებისას, ამა თუ იმ პოზიციაზე, უფრო შესაფერისი კადრის შერჩევის მიზნით, რაც გულისხმობს შტატების შემცირებას. შტატების შემცირების აუცილებლობაზე მეტყველებს აღნიშნული კანონის ის ჩანაწერიც, რომელიც უთითებს თანამშრომელთა სააგენტოში გადაყვანაზე „საჭიროების შემთხვევაში“. კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს შეიქმნა სააგენტოს სარეკომენდაციო კომისია, რომლის პირდაპირი და უშუალო ვალდებულება იყო რეორგანიზაციის პროცესში კადრების ობიექტური შეფასება. სარეკომენდაციო კომისიამ გამართა გასაუბრება დასაქმებულ პირებთან. თითოეულ კანდიდატს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა. დანიშვნაზე რეკომენდაცია არ გაეწია ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირს, რასაც ადასტურებს „რეორგანიზაციის პროცესში სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარეკომენდაციო კომისიის შექმნისა და კომისიის მუშაობის რეგლამენტის შესახებ“ სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 აგვისტოს Nკ3/1-886 ბრძანებით განსაზღვრული სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის 18 აგვისტოს №4 ოქმი. კომისიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული შეფასება წარმოადგენს დახურული ტიპის საჯარო ინფორმაციას, თუმცა, მათ მიერ განხორციელებული შეფასებების დაანგარიშებული ჯამური ქულა თითოეული კანდიდატისთვის, მათ შორის, მოსარჩელესთვის იყო ცნობილი. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაუბრებისას მოსარჩელემ მიიღო შედარებით ნაკლები ქულა, ვიდრე დანარჩენმა კანდიდატებმა და სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სადავო გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ფაქტორი. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით განისაზღვრა კომისიის რეგლამენტი; კომისიის თითოეული სხდომის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო ოქმი, რომელშიც ჩაიწერებოდა თანამშრომელთა ჩამონათვალი და სარეიტინგო ქულა, კრიტერიუმები, რომლითაც უნდა შეფასებულიყო კანდიდატი, კიტერიუმებს წარმოადგენდა: განათლება, კომპეტენცია, მოტივაცია, უნარების შეფასება დაკავებულ თანამდებობასთან და ა.შ. სარეტინგო ქულა გამოითვლეოდა საშუალო არითმეტიკულით. ქულის გამოთვლა წარმოადგენდა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მეთოდს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მეთოდი მცდარია და ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორ შეფასებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და უფლებრივი რესტიტუციის კანონიერება.
33. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია. 2020 წლის 11 აგვისტოს შეიქმნა სააგენტოს სარეკომენდაციო კომისია, რომლის პირდაპირი და უშუალო ვალდებულება იყო რეორგანიზაციის პროცესში კადრების ობიექტური შეფასება. სარეკომენდაციო კომისიამ გამართა გასაუბრება დასაქმებულ პირებთან. თითოეულ კანდიდატს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა. დანიშვნაზე რეკომენდაცია არ გაეწია ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირს. გასაუბრებისას მოსარჩელემ მიიღო შედარებით ნაკლები ქულა, ვიდრე დანარჩენმა კანდიდატებმა და სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სადავო გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ფაქტორი (იხ., საკასაციო საჩივარი).
34. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 48.8 (დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის 38.8 მუხ.) (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
36. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას (დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის 37. „ა“ მუხ.) სამართლებრივი საფუძვლით. მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების კვლევისას გასათვალისწინებელია საკასაციო პალატის განმარტება, რომ „ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა“ (იხ. სუსგ-ები №ას-703-2022, 15 სექტემბერი, 2022 წელი, №ას-703-2022, 15 სექტემბერი, 2022 წელი, №ას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა“ განეკუთვნება ფაქტის საკითხს, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს შრომით დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლისმტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., გაგუა ილონა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, რედ-ბი: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ. თბ., 2020 წელი, გვ:229-231;258-259). დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
38. სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ., სუსგ-ები №ას-419-2022, 27 მაისი, 2022; №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი).
39. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს რეორგანიზაციამდე დაკავებული ჰქონდა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რომელიც გაუქმდა რეორგანიზაციის შემდგომ, რასაც მოჰყვა დამსაქმებლის მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, არც სადავო ბრძანება და არც სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, არ შეიცავს საკმარის მონაცემებს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ რეორგანიზაციის გამო, აუცილებელი იყო მოსარჩელის გათავისუფლება.
40. მოპასუხე სააგენტომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, რაც დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. კასატორის მითითება, რომ კადრების შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა გასაუბრების შედეგებს და ვინაიდან მოსარჩელეს დაბალი სარეიტინგო ქულა ჰქონდა, უპირატესობა მიენიჭა სხვა მაღალი ქულის მქონე თანამშრომლებს, გასაზიარებელი არაა. წინამდებარე განჩინების პ.19-ში განვითარებული მსჯელობის გამო.
41. კასატორის მითითება, რომ კომისიის თითოეული სხდომის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო ოქმი, რომელშიც ჩაიწერებოდა თანამშრომელთა ჩამონათვალი და სარეიტინგო ქულა, კრიტერიუმები, რომლითაც უნდა შეფასებულიყო კანდიდატი, კიტერიუმებს წარმოადგენდა: განათლება, კომპეტენცია, მოტივაცია, უნარების შეფასება დაკავებულ თანამდებობასთან და ა.შ. სარეტინგო ქულა გამოითვლეოდა საშუალო არითმეტიკულით ქულის გამოთვლა წარმოადგენდა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მეთოდს, საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების დადგენას, რადგან, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებითაა დადგენილი გასაუბრების ოქმი არ შეიცავს იმგვარ მონაცემებს, რაზე დაყრდნობითაც შესაძლოა გამართლებულად მიჩნეულიყო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, კერძოდ, არ ირკვევა, თუ რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ: №ას-280-2020, 5.03.2021). იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია სწრაფად ვითარდება, ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (სუსგ-ები: საქმე №ას-1316-2022, 23 დეკემბერი, 2022 წელი; №ას-1029-2020, 2.12.2020).
43. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
44. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა რეალურად განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების გარდაუვალი და უშუალო შედეგი იყო.
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესათუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
47. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე მიუთითებს.
49. რაც შეეხება უფლებრივ რესტიტუციას, დამსაქმებელს აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია.
50. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ სამოქალაქო საქმეზე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წ.; №ას-1083-1020-2015, 15 აპრილი, 2016წ.).
51. დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ უფლებრივი რესტიტუციის სახით მოსარჩელეს კომპენსაცია მიაკუთვნა, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, რომელიც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მსგავს საკითხებზე დადგენილია პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (ს.კ:.......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 21.12.2022-ში (ტრანზაქციის განხორციელების თარიღი) N17153 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 1440 ლარის 70% – 1,008 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ეკატერინე გასიტაშვილი