№ა-1830-შ-46-2023
9 ივნისი, 2023წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.შ–ძე
განხილვის საგანი – თურქეთის რესპუბლიკის ჩექერექის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თურქეთის რესპუბლიკის ჩექერექის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეწყდა ო.ჩ–სა და ა.შ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
2023 წლის 07 აპრილს ა.შ–ძის წარმომადგენლებმა - ნ.ქ–ამ და მ.ჩ–ძემ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინეს თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი და მოითხოვეს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
2023 წლის 18 აპრილს საკასაციო პალატას კვლავ მომართეს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლებმა, წარმოადგინეს სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება და მოითხოვეს ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით ა.შ–ძეს შუამდგომლობაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ნ.ქ–ასა და მ.ჩ–ძის სახელზე გაცემული ვადიანი მინდობილობა და მინდობილი პირების მიერ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მტკიცებულება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა. აღნიშნული განჩინება ა.შ–ძის მამას ჩაბარდა 2023 წლის 26 აპრილს. შუამდგომლობის ავტორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.
2023 წლის 30 მაისს (კორესპონდენციის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 29.05.2023წ) ა.შ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, ამ ეტაპზე არ საჭიროებს ადვოკატს და თავადს დაიცავს თავის უფლებებს სასამართლოში. ა.შ–ძის განმარტებით წარდგენილი განცხადებით აღმოფხვირილია შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზი და ის ითხოვს თურქეთის რესპუბლიკის ჩექერექის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ა.შ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 26 აპრილს ჩაბარდა შუამდგომლობის ავტორის მამას (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.1, ს.ფ. 46).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 27 აპრილიდან და ამოიწურა 2023 წლის 3 მაისს. ამდენად, შუამდგომლობის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ა.შ–ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. 2023 წლის 30 მაისს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა.შ–ძემ წარმოადგინა განცხადება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული განცხადება ფოსტაში ჩაბარებული იქნა 2023 წლის 29 მაისს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.შ–ძის შუამდგომლობა, თურქეთის რესპუბლიკის ჩექერექის პირველი ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2021 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: რევაზ ნადარაია