№ას-126-2023
16 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ბ–რი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს.ბ–რის სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილი იქნა ზ.მ–ძის უკანონო მფლობელობიდან ს.ბ–რის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ.თბილისი, ........, საკადასტრო კოდი #........, 35 კვ.მ.-ის ნაწილი - 4,95 კვ.მ და დადგინდა მისი მესაკუთრე - ს.ბ–რისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით ზ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 1 მარტს.
2023 წლის 6 მარტს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და განცხადების სახით წარმოადგინა საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით ზ.მ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 391-ე მუხლის 11 პუქტისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს და ჩაბარდა მის თანამშრომელს, მ.ქ–ძეს, 2023 წლის 30 მარტს.
2023 წლის 3 აპრილს (სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ოჯახური მდგომარეობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით ზ.მ–ძის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 391-ე მუხლის 11 პუქტისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს და ჩაბარდა მის თანამშრომელს 2023 წლის 11 მაისს.
2023 წლის 16 მაისს (სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო ხარვეზის ვადაში გამოსწორება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით ზ.მ–ძის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალოს მას საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სსსკ-ის 391-ე მუხლის 11 პუქტისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით. აღნიშნული განჩინება კვლავ ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს, მ.ქ–ძეს, 2023 წლის 1 ივნისს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
2023 წლის 6 ივნისს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ზ.მ–ძის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით ზ.მ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 1 ივნისს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს მ.ქ–ძეს (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.1, ს.ფ. 206; მინდობილობა ტ.1, ს.ფ 175-176). აღსანიშნავია ისიც, რომ კასატორის წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენცია ბარდებოდა ა.ბ–ის თანამშრომელ მ.ქ–ძეს, რის შემდეგ კასატორის ადვოკატი ახდენდა მასზე შესაბამის რეაგირებას.
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 2 ივნისიდან და ამოიწურა 2023 წლის 4 ივნისს, მაგრამ ვინაიდან 4 ივნისი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 3 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 5 ივნისს, ორაშაბათს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 5 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. ზ.მ–ძის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 6 ივნისს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია