Facebook Twitter

ას-471-2023

06 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნოტარიუსი ა.ჯ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ხ–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ნოტარიუს ა.ჯ–ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: 2-18).

1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.ხ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 143 887 ლარის გადახდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნოტარიუსმა ა.ჯ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა.

3.2. 2022 წლის 16 ნოემბერს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა, მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერებული აქვს საქმიანობა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ერთი თვით.

3.3. 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნოტარიუს ა.ჯ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღით.

3.4. 2023 წლის 18 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

3.5. სააპელაციო პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით.

3.6. 2023 წლის 14 მარტს სააპელაციო პალატას მიმართა ა.ჯ–ძემ და კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა და აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

3.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით ნოტარიუს ა.ჯ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

3.7.1. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა, თუმცა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითება, მაშინ როდესაც მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, ვერ გახდებოდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩენილიყო.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნოტარიუსმა ა.ჯ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

4.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული განცხადებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა გათავისუფლების საფუძვლის არსებობა. საქმეში წარმოდგენილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ესაჭიროება ყოველდღიური მკურნალობა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სანოტარო საქმიანობა თითქმის შეჩერებული აქვს, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით ნოტარიუს ა.ჯ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა. 2022 წლის 16 ნოემბერს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა, მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერებული აქვს საქმიანობა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ერთი თვით. 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნოტარიუს ა.ჯ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღით. 2023 წლის 18 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. სააპელაციო პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით. 2023 წლის 14 მარტს სააპელაციო პალატას კვლავ მიმართა ა.ჯ–ძემ და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა და აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით ნოტარიუს ა.ჯ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდა ხარვეზის დადგენიდან - 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 მარტის ჩათვლით, თუმცა აპელანტს არც სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად რაიმე მტკიცებულება წარუდგენია. პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან (2022 წლის 28 სექტემბერი) გასულია რამდენიმე თვე და ხარვეზი ნაწილობრივაც არ გამოსწორებულა.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობები იწვედა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიიღოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია.

14. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა და შეაფასა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ და მართებულად არ დააკმაყოფილა იგი. 15. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ შუამდგომლობა იყო დასაბუთებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმეში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 09 ივნისის ცნობა ა.ჯ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული ცნობა არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ განმცხადებელს მძიმე ქონებრივი (მატერიალური) მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც აპელანტს სააპელაციო პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებაზე, იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა წარმოდგენილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, 2023 წლის 14 მარტს კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ბაჟისგან გათავისუფლების შუამდგომლობით, თუმცა განმცხადებელს რაიმე მტკიცებულება, რაც ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, კვლავ არ წარუდგენია სასამართლოსთვის. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა არც კერძო საჩივრის ფარგლებში წარმოუდგენია სასამართლოსთვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ მხოლოდ აპელანტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნოტარიუს ა.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე