გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-199-44-გ-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე).
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ტყიბულის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავას.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 30 იანვარს ტყიბულის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ «მ.” ტყიბულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის შპს «კ.” მიმართ სარჩელი აღძრა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ «მ.” სახელზე 2000წ. 18 აგვისტოს გაცემული გარემოდაცვითი ¹21 ნებართვის კანონიერების აღიარება და წყლითსარგებლობის ლიცენზიის კანონით დადგენილი წესით მოპოვების უფლების მინიჭება მოითხოვა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ «მ.” სახელზე 2000წ. 18 აგვისტოს გაცემული გარემოდაცვითი ¹21 ნებართვის კანონიერება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შპს «კ.” ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაასაჩივრა და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის განჩინებით შპს «კ.” მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით განახლდა.
რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 9 ივლისის სხდომაზე, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ «მ.” წარმომადგენლის შუამდგომლობით საქმეში მოპასუხედ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტი ჩააბა და საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს განჩინებით სსკ-ს 22-ე მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო განსჯადობის შესახებ დავას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადასაწყვეტია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო დასაბუთებული განჩინებით».
,,საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოთა სისტემა მოიცავს: რაიონულ, საოლქო (აფხაზეთისა და აჭარის ა/რ უმაღლეს) და უზენაეს სასამართლოს. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატა წარმოადგენს ზემდგომ სასამართლოს რაიონული სასამართლოებისადმი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მოცემულ საქმეზე განსჯადობის შესახებ დავა რაიონული დონის სასამართლოებს შორის მიმდინარეობს, აღნიშნული დავა უნდა გადაწყვიტოს ზემდგომმა სასამართლომ – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ტყიბულის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტყიბულის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა გადასაწყვეტად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.