Facebook Twitter

№ას-1347-2022

08 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.თ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ი (მოსარჩელე)

არასრულწლოვანი – მ.თ–ძე

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის ოდენობის შემცირება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ქ–მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში გ.თ–ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.

1.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: არასრულწლოვანი მ.თ–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მ.ქ–ის საცხოვრებელი ადგილი; გ.თ–ძეს არასრულწლოვან მ.თ–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა, სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან - 2021 წლის 14 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან გარემოებათა სხვაგვარად შეცვლამდე.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. 2021 წლის 06 მაისს მ.ქ–სა და გ.თ–ძეს შორის შეწყდა ქორწინება. ქორწინებაში, 2014 წლის 03 ოქტომბერს მათ შეეძინათ შვილი - მ.თ–ძე.

5.2. მ.თ–ძე ცხოვრობს დედასთან და დედის მშობლებთან ერთად, ამ უკანასკნელების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.

5.3. გ.თ–ძე არის მეზღვაური და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 1500 აშშ დოლარია. მ.ქ–ი დასაქმებულია ფარმაცევტად და მისი შემოსავალია დარიცხული 1480 ლარი.

5.4. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.3. პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოპასუხის არასტაბილური შემოსავლები სათანადო მტკიცებულებები. მხოლოდ ახსნა-განმარტება კი ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ არასტაბილური შემოსავალი ნიშნავდა ნაკლებ შემოსავალს.

5.4. პალატამ აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელი იყო ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, არასრულწლოვნის ასაკი, განვითარებისთვის აუცილებელი პირობები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იყო მიჩნეული დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან ოდენობად.

6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 300 ლარით განსაზღვრა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა. ვინაიდან, ორივე მშობელს აქვს ბავშვის რჩენის ვალდებულება. მოსარჩელეს თავადაც აქვს შემოსავალი, რისი გათვალისწინებითაც მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა ალიმენტი 1000 ლარის ოდენობით.

6.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი მთელი წლის განმავლობაში სრულად არ არის დასაქმებული და იმ პერიოდში, როდესაც არ არის წასული გემზე მეზღვაურად, არ ეძლევა ანაზღაურება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, გ.თ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.

13. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).

16. საკასაციო სასამართლოს, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი მატერიალური მდგომარეობა, დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამ თვალსაზრისით, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეეძლო სასამართლოსთვის წარედგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მისთვის ნაკლები ოდენობის ალიმენტის დაკისრების აუცილებლობაში. ასეთი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. პირიქით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის საშუალო შემოსავლის - დაახლოებით 1500 აშშ დოლარის ოდენობით მიღების ფაქტი.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვნების სასარგებლოდ ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 1000 ლარი და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

18. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკიც, კერძოდ, არასრულწლოვანი არის 9 წლის, შესაბამისად, მას მცირეწლოვან ბავშვებთან შედარებით მომეტებული საჭიროებები გააჩნია, ასაკის ზრდასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯიც.

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს თავადაც აქვს შემოსავალი, რისი გათვალისწინებითაც მოპასუხეს ალიმენტი ნაკლები ოდენობით უნდა დაკისრებოდა. პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (სუსგ.: ას-341-2022, 14.06.2022 წ.).

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება ბავშვის აუცილებელი საჭიროებები და მის აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეs სახელმწიფო ბაჟის სახით ი.შ–ძის მიერ გადახდილი 420 ლარის 70% – 294 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.თ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. გ.თ–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 420 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 16.08.2022) 70% – 294 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე