საქმე №ას-726-2023 24 ივლისი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ბ.ჰ–ს“, ა.თ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ–ი“, მ.ვ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ბ.ჰ–სმა“ და ა.თ–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების შპს „ქ–ისა“ და მ.ვ–იას მიმართ და მოითხოვეს: 1.1. შპს „ქ–ს“ მოსარჩელის შპს „ბ.ჰ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 215 000 აშშ დოლარის გადახდა; 1.2. ბათილად იქნას ცნობილი მ.ვ–იასა და ა.თ–ს შორის 2021 წლის 5 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ......, სართული 1, ფართობი 185,8 კვ.მ. (ს/კ .........); 1.3. დადებულად იქნას აღიარებული მ.ვ–იასა და შპს „ბ.ჰ–სს“ შორის იპოთეკის ხელშეკრულება: ხელშეკრულების თარიღი - 2021 წლის 5 იანვარი, იპოთეკარი - შპს „ბ.ჰ–ს“, მესაკუთრე - მ.ვ–ია, უზრუნველყოფილი ვალდებულება - შპს „ბ.ჰ–სსა“ და შპს „ქ–ს“ შორის 2020 წლის 26 იანვარს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 215 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, იპოთეკის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........., სართული 1, ფართობი 185,8 კვ.მ. (ს/კ ........).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების შპს „ბ.ჰ–სისა“ და ა.თ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „ქ–ს“ მოსარჩელე შპს „ბ.ჰ–სის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 132 832,21 ლარის გადახდა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მ.ვ–იასა და ა.თ–ს შორის 2021 წლის 05 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მ.ვ–იასა და შპს „ბ.ჰ–ს“ შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე მოსარჩელე მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.
7. აღნიშნული ვადის დაცვით, კასატორმა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, კასატორს კვლავ დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.
9. აღნიშნული განჩინების შინაარსი სატელეფონო კომუნიკაციის გზით ეცნო კასატორების წარმომადგენელს 2023 წლის 23 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ჰ–სისა“ და ა.თ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
16. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
17. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინების შინაარსი სატელეფონო კომუნიკაციის გზით ეცნო კასატორს 2023 წლის 23 ივნისს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი, თუმცა კასატორის მიერ არ წარმოდგენილა არც შესაბამისი სახის შუამდგომლობა და არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან მხარემ გაუშვა 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა.
19. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორის მიერ არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.ჰ–სისა“ და ა.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე