Facebook Twitter

საქმე №ას-331-2023 17 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ი... კ.“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.კ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ.კ–იას სარჩელი შპს ,,ი... კ.“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდა, შპს ,,ი... კ.ს“ კ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 3281.7 ლარისა და 1703.03 ლარის გადახდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება, კ.კ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ი... კ.ს“ კ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 1080 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 1179.47 ლარის გადახდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხე მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა ხუთ დღიანი ვადა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კასატორმა წარადგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების შესახებ განცხადება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ეტაპიდან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით კასატორს კვლავ დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა ხუთ დღიანი ვადა.

9. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა ელექტრონული მეილის მეშვეობით და სატელეფონო კომუნიკაციის გზით დაადასტურა მისი ჩაბარება 2023 წლის 20 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ი... კ.ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15.ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, კასატორს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა ხუთ დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა 2023 წლის 20 ივნისს, რის შესახებაც შედგა სატელეფონო კომუნიკაციის აქტი, ამიტომ, ხარვეზის შევსების ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 21 ივნისს და ამოიწურა 2023 წლის 26 ივნისს (2023 წლის 25 ივნისი იყო დასვენების დღე). აღნიშნული პერიოდის მანძლზე კასატორს სასამართლოსთვის არ მოუმართავს არც ხარვეზის შევსების განცხადებით და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ი... კ.მა“ გაუშვა რა ხარვეზის შევსების ვადა, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

17. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შპს შპს ,,ი... კ.ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე